Facebook Twitter

საქმე №ას-1701-1595-2012 25 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ხ.ს-ე (მოპასუხეე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.უ-ი, ნ.ს-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.უ-ის შვილთან ურთიერთობის წესის შემდეგი სახით განსაზღვრა: მ.უ-ს ხ.ს-ის სახლში შეხვედრისათვის გამოყოფილ ოთახში შვილის სანახავად განესაზღვროს კვირაში 3 საათი

დავის საგანი - ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.უ-მა და ნ.ს-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ხ.ს-ის მიმართ 2011 წლის 2 აპრილს დაბადებული ვაჩე უ-ის შაბათობით ნახვისა და წაყვანის მოთხოვნით (სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა) შემდეგ გარემოებათა გამო:

მ.უ-ს მოპასუხე ხ.ს-ან თანაცხოვრებისას 2011 წლის 2 აპრილს შეეძინა შვილი ვ. უ-ი, მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და მ.უ-ს უარს ეუბნებიან შვილის ნახვაზე, მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს შვილის რჩენა-აღზრდაზე, ამასთან, დახმარებას გაუწევს მოსარჩელე ნ.ს-ეც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხის განმარტებით, მ.უ-ის შვილთან ურთიერთობა არავის აუკრძალავს, ხოლო ნ.ს-ეს ასეთი სურვილი არასოდეს გამოუთქვამს. ვ. უ-ი მცირეწლოვანია, იმყოფება ბუნებრივ კვებაზე და დედის გარეშე არასოდეს დარჩენილა, შესაბამისად, მოპასუხემ ბავშვის წაყვანის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, ის მოსარჩელეების მოთხოვნას მხოლოდ დედის თანდასწორებით, კვირაში ერთხელ ბავშვის 2 საათით მონახულების ნაწილში დაეთანხმა.

მოსარჩელეების პოზიციას დაეთანხმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.უ-სა და ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.უ-სა (...) და ნ.ს-ეს (პ/ნ...) ნება დაერთოთ, ნახონ და ურთიერთობა იქონიონ 2011 წლის 2 აპრილს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან და შვილიშვილთან - ვ. უ-ან. მ.უ-სა და ნ.ს-ეს არასრულწლოვან ვ. უ-ან ურთიერთობისათვის განესაზღვრათ შემდეგი წესი: მ.უ-სა და ნ.ს-ეს მიეცათ უფლება, მოპასუხე ხ.ს-ის დასწრების გარეშე ნახონ და მათთვის სასურველ ადგილას წაიყვანონ არასრულწლოვანი ვ. უ-ი ყოველ შაბათს 12 საათიდან 18 საათამდე, მხარეთა შორის ბავშვის გადაცემა და მისი უკან დაბრუნება განისაზღვრა ბავშვის დედის - ხ.ს-ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ქუჩაში (ან სადარბაზოში) ბავშვის წაყვანისა და მისი უკან დაბრუნების უზრუნველყოფა დაეკისრათ მ.უ-სა და ნ.ს-ეს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ.ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბავშვის წაყვანის მოთხოვნის ნაწილში გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ხ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მ.უ-სა და ხ.ს-ეს ჰყავთ ერთი შვილი - 2011 წლის 2 აპრილს დაბადებული ვ. უ-ი, მ.უ-ი და ხ.ს-ე ერთად აღარ ცხოვრობენ, ხ.ს-ე ამჟამად ცხოვრობს მშობლებთან ერთად და მასთან იზრდება მათი შვილი ვ. უ-ი, მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა, ასევე დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა მოსარჩელესა და მოპასუხის ოჯახის წევრებს შორის, მ.უ-სა და ნ.ს-ეს არ აქვთ შვილისა და შვილიშვილის - ვ. უ-ის თავისუფლად ნახვისა და მასთან ურთიერთობის საშუალება.

სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მითითებას სამოქალაქო კოდექსის 1197-1199-ე და 1202-ე მუხლებზე, რადგანაც შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლით განსაზღვრულია პაპისა და ბებიის უფლება, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე. პალატამ მიუთითა „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციაზე და აღნიშნა, რომ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებულ ბავშვს უფლება აქვს, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა. ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან შვილის ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ მშობლები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას. სასამართლოს შეფასებით, ხ.ს-ემ ვერ დაადასტურა, რომ მ.უ-სა და ნ.ს-ის მიერ, დედისაგან განცალკევებით ბავშვის წაყვანის შემთხვევაში, ვ. უ-ს შეექმნება საფრთხე. პალატამ დამატებით მიუთითა, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მესამე პირის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ისეთ ვითარებაში, როდესაც დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა მოსარჩელესა და მოპასუხეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს შორის, მიზანშეწონილი იყო, არასრულწლოვან ვ. უ-ან მოსარჩელეთა ურთიერთობა მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრებისაგან განცალკევებულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის მსჯელობა, რომ ბავშვის ინტერესების საზიანო იყო სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის მინიჭებული უფლება, ყოველი კვირის შაბათს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე არასრულწლოვან ვაჩე უ-თან ურთიერთობა დედისაგან განცალკევებულად.

პალატის მოსაზრებით, აპელანტს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მესამე პირის განმარტებით დასტურდებოდა აპელანტის მსჯელობის საწინააღმდეგო, რაც დაუსაბუთებელს ხდიდა აპელანტის მსჯელობას, შესაბამისად, გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ბავშვის ნახვის მიზნით, დედისგან განცალკევებით ვ. უ-ის წაყვანის უფლება ხელს არ შეუშლიდა მის ნორმალურ აღზრდას, საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებასა და ცუდ გავლენას არ მოახდენდა მასზე. ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება, რომ დავის განხილვისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და დედის თანხმობის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვან ვ. უ-ან მოსარჩელეთა ურთიერთობის თაობაზე სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2-4 ნაწილებზე და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული არ ყოფილა არასრულწლოვან ვ. უ-ან მოსარჩელეთა ურთიერთობის წესი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ამ წესის მითითება და ბავშვის ნახვის მიზნით, დედისგან განცალკევებით ბავშვის წაყვანის უფლების განსაზღვრა, პალატის მოსაზრებით არ წარმოადგენდა დავის საგნის გაზრდას და ეს მიეკუთვნებოდა ზემოაღნიშნული ნორმის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას (დაზუსტება).

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ.ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.უ-ის შვილთან ურთიერთობის წესის შემდეგი სახით განსაზღვრა: მ.უ-ს შვილის სანახავად ხ.ს-ის სახლში, შეხვედრისათვის გამოყოფილ ოთახში, განესაზღვროს კვირაში 3 საათი. კასატორმა აღნიშნა შემდეგი:

სააპელაციო სასამართლომ სოციალური მუშაკის განმარტებაზე დამყარებით ჩათვალა, რომ არსებულ დაძაბულ სიტუაციაში მიზანშეწონილი იყო ბავშვის მამასთან და ბებიასთან 6 საათით წაყვანა, თუმცა არც სოციალურ მუშაკს და არც სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, სად და რა პირობებში უნდა იყოს ბავშვი ამ დროის განმავლობაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ბავშვის მამასთან და ბებიასთან ყოფნა ბავშვზე ცუდ ზეგავლენას არ მოახდენდა, თუმცა სასამართლოს არ გაუზიარებია აპელანტის მტკიცება, რომ დედის ბუნებრივ კვებაზე მყოფი მცირეწლოვნისათვის 6 საათის განმავლობაში დედის გარეშე დარჩენა სწორედ ცუდ ზეგავლენას მოახდენს მასზე. ასევე არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა არ გაუზრდია, რადგანაც თავდაპირველად მოსარჩელის მოთხოვნა სხვადასხვა დღეს 3 საათით ბავშვის ნახვა იყო, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბავშვის 6 საათით წაყვანის უფლება დაუკმაყოფილდა მოსარჩელეს, რაც თავისთავად სარჩელის გაზრდაზე მიუთითებს და სასამართლო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა, რომ ბავშვის „ნახვასა“ და „წაყვანას“ შორის არსებობს სხვაობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით ხ.ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ხ.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხ.ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მიერ 2013 წლის 24 იანვარს №54 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ხ.ს-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ მიერ 2013 წლის 24 იანვარს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე