№ას-179-172-2013 25 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს გეს „ს-ო“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს გეს „ს-ოს“ სარჩელი მოპასუხე შპს „ა-ის“ მიმართ: მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 143633.26 ლარის გადახდა. მასვე დაევალა 2007 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ქ.ბათუმში, გ. მ-ის ქ.№47-ში მდებარე უძრავი ქონების ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების სს გეს „ს-ოს“ მფლობელობაში გადაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ა-ის“ სს გეს „ს-ოს“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 38012.36 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
სს გეს „ს-ოს“ სარჩელის მოთხოვნა შპს „ა-ის“ ზიანის ასანაზღაურებლად 38012.36 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „ა-სა” და სს „გეს ს-ოს” შორის, 2007 წლის 20 აგვისტოს გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტის შესაბამისად, კარკასის სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის ოქტომბრის ბოლო სამუშაო დღე, ხოლო ფართის ექსპლოატაციაში ჩაბარება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2009 წლის 30 სექტემბრისა. სადავო ფართის ღირებულება – 240800 აშშ დოლარი მოსარჩელემ სრულად გადაიხადა. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხის, შპს „ა-ის” მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაირღვა და სადავო ფართი სს „გეს ს-ოს” მფლობელობაში გადაცემული არ ჰქონია.
მოცემულ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა, რომ სარჩელით მოთხოვნილი 143633.26 ლარიდან, 38012.36 ლარი წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლებიდან გამომდინარე ზიანს, მოსარჩელეს არ მოუთხოვია საპროცენტო სარგებლის დაკისრება. მხარის მითითება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ „წლიურ შეწონილ საპროცენტო განაკვეთებზე ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე”, განპირობებული იყო, როგორც ზიანის ანაზღაურების სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის საშუალება, მოსარჩელეს არ მიუთითებია საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად ფულადი ვალდებულების არსებობა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ზიანის ანაზღაურების საფუძვლები (ზიანის არსებობა, მოპასუხის ბრალი და ა.შ.), დაედგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, ემსჯელა მხარის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის საფუძვლიანობასა და სამართლიანობაზე და სარჩელის მოთხოვნის სწორი სამართლებრივი შეფასების გზით გადაეჭრა დავა.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ხელახალი განხილვისას, მოსარჩელეს წარმომადგენელმა განმარტა, რომ 38012.36 ლარი წარმოადგენდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით წარმოშობილ ზიანს. ზიანი მდგომარეობდა იმაში, რომ სს „გეს ს-ომ” სადავო ფართის შესაძენად საწარმოს ანგარიშიდან განახორციელა 240800 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ამ თანხის სანაცვლოდ მატერიალური აქტივი საზოგადოების ბალანსზე ვერ აისახა. საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის ასეთმა ცვლილებამ და უძრავი ქონების ბალანსზე აღურიცხაობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ამ ქონებამ მონაწილეობა ვეღარ მიიღო აქტივების ბრუნვაში და საზოგადოებას დააკლდა 38012.36 ლარის ოდენობით შემოსავალი.
სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 403-ე, 411-412-ე მუხლებით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა: 1. სახეზეა ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან უმოქმედობით; 3. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემომითითებული ნორმები შეიცავენ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სს გეს „ს-ოს” სასარგებლოდ შპს „ა-ის” ზიანის ანაზღაურების მიზნით 38012.36 ლარის დაკისრების თაობაზე. მართლია, განსახილველ შემთხვევაში შპს „ა-მა” დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2009 წლის 30 სექტემბრისათვის ექსპლოატაციაში არ მიიღო და სს გეს „ს-ოს” არ ჩააბარა 2007 წლის 20 აგვისტოს ხელშკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი (უძრავი ქონება), მაგრამ მოსარჩელე სს გეს „ს-ოს” სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის უმოქმედობით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სადავო გახადა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელესათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს ამ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია, სააპელაციო სასამართლოს მთვარ სხდომაზე მხოლოდ მოსარჩელეს განმარტება არ შეიძლებოდა საკმარის მტკიცებულებად მიჩნეულიყო აღნიშნული სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელის მოთხოვნა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის სახით 38012.36 ლარის ანაზღურების შესახებ უსაფუძვლო იყო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსაბუთებელი, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს გეს „ს-ომ“. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 38012.36 ლარის დაკისრების ნაწილში. გარდა ამისა, კასატორი მოითხოვს მის მიერ მოცემულ საქმეზე გაწეული პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებას სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად, რაც სამივე ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 4941.61 ლარს, ამასთან, აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სს გეს „ს-ოს“ ვალდებულების შემცირებას 2558.05 ლარით.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოტანილ 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მოთხოვნაზე, ასევე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის საფუძვლიანობასა და სამართლიანობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის („წლიურ შეწონილ საპროცენტო განაკვეთებს ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე“) ნორმატიული აქტის გამოყენების საფუძვლიანობაზე და სარჩელის მოთხოვნის სწორი სამართლებრივი შეფასების გზით გადაეჭრა დავა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხსენებული განჩინებით დადგენილი ქმედების განხორციელების ნაცვლად, სააპელაციო სასამართლო 2012 წლის 19 დეკემბრის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შემოიფარგლა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ციტირებით, არ გამოიკვლია ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა (ზიანის არსებობა, მოპასუხის ბრალი და ა.შ.), მოთხოვნილი კომპენსაციის საფუძვლიანობა და სამართლიანობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტულებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „ა-მა“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2009 წლის 30 სექტემბრისათვის ექსპლოატაციაში არ მიიღო და სს გეს „ს-ოს“ არ ჩააბარა 2007 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი – უძრავი ქონება. ამასთან, ირკვევა ისიც, რომ ზიანი მდგომარეობს სს გეს „ს-ოს“ მიერ სადავო ფართის შესაძენად საწარმოს ანგარიშიდან 240800 აშშ დოლარის გადახდაში, ხოლო ამ თანხის სანაცვლოდ მატერიალური აქტივის საზოგადოების ბალანსზე აუსახველობაში. საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის ასეთმა ცვლილებამ და უძრავი ქონების ბალანსზე აღურიცხველობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ამ ქონებამ მონაწილეობა ვერ მიიღო აქტივების ბრუნვაში და საზოგადოებას დააკლდა მინიმუმ 38012.36 ლარის ოდენობის შემოსავალი;
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ერთი მხრივ დადასტურებულია ზიანის არსებობის ფაქტი და მოპასუხის ბრალეულობა აღნიშნული შედეგის დადგომაში, ასევე მითითებულია ზიანის მინიმალურ ოდენობაზე, ხოლო მეორე მხრივ, სარჩელის უარყოფის მიზნით მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ციტირებაა განხორციელებული. სასამართლომ, დასახელებულ ნაწილში სამართლებრივი დასაბუთებისას, საერთოდ არ გამოიყენა მატერიალური სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც მივიდა შესაბამის დასკვნამდე;
სს გეს „ს-ოს“ მიერ სარჩელში მითითებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-414-ე მუხლების თანახმად, შპს „ა-ი“ ვალდებულია სს გეს „ს-ოს“ დამატებით გადაუხადოს მიყენებული ზიანის თანხა 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის აგვისტოს ჩათვლით შემდეგი გაანგარიშებით: ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ მყიდველის ვალდებულებას, გადაეხალა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, ქონების ღირებულების არათავისდროულად გადახდის შემთხვევაში მისი ბრალეულობის მიუხედავად. ხსენებული ვალდებულება არ წარმოადგენს გონივრული და სამართლიან ანაზღაურებას. ამიტომ, შპს „ა-ის“ ვალდებულება უნდა განისაზღვროს ქონების ღირებულებიდან (542259.02 ლარი), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი „წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე“), რომელიც 2010 წლის მიხედვით დადგინდა 7.01%-ის ოდენობით (მეტია 2011 წლის განმავლობაში) და ერთი წლის მიხედვით შეადგენს 38012.36 ლარს;
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორადაა გადაწყვეტილი სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვინაიდან შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის ხელახალი განხილვისას კვლავ არ დაკმაყოფილდა სს გეს „ს-ოს“ სარჩელის მოთხოვნა, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის საპროცესო ხარჯები არასწორად განაწილდა, აღარ არსებობს ამ ხარჯების ხელახლა განაწილების საფუძველი. სასამართლოს მითითებული მსჯელობა არასწორია და არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მოტხოვნებს. ვინაიდან სს „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის ს4 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 38012.36 ლარის ნაწილში, ამავე განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, სს გეს „ს-ოს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში საქმის პირველად განხილვისათვის 1900.62 ლარის ჲპირველი საკასაციო საჩივრისათვის 2012 წლის 8 ივნისის №131 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი 7181.67 ლარიდან შესაბამისი პროპორცია 26.46487%) ოდენობით სრულად უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს გეს „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს გეს „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1900.62 ლარი) 70% – 1330.634 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს გეს „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს გეს „ს-ოს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1900.62 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 30 იანვარი, საგადახდო დავალება №...) 70% – 1330.634 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე