Facebook Twitter

საქმე №ას-18-16-2013 4 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჟ.კ-ე (შეგებებული სარჩელი ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ფ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თავდაპირველ სარჩელში - სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დადება, ვალდებულების შესრულებულად ჩათვალა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა - მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ვალდებულების მოხსნა, შეგებებულ სარჩელში - ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ.კ-ის მიმართ 896 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე დადების, ჟ.კ-ის თანხის მიღებაზე დავალდებულების, მოპასუხის მიმართ ვალდებულების შესრულებულად ჩათვლისა და საჯარო რეესტრში რ.ფ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ.ახალციხეში, თ-ის ქ№1-ში) რეგისტრირებული ვალდებულების მოხსნის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ახალციხეში, თ-ის ქ№1-ში რ.ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ბინა, რომელზეც საკუთრების უფლება მოსარჩელემ შეიძინა ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 თებერვლის განჩინების საფუძველზე. ამ განჩინებით აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემდგომ ბინა დაიტოვა დაყადაღების აქტისა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დადგენილ ფასად - 5040 ლარად. იმ შემთხვევაში, თუ ჟ.კ-ე 1999 წლის 1 აპრილამდე მას აუნაზღაურებდა 1250 დოლარსა და 100 ლარს, ხოლო გივი მელიქიანს 500 აშშ დოლარს და გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს - 681 ლარს, იგი ჟ.კ-ეს დაუბრუნებდა ბინას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ბინა უდავო წესით უნდა გაეთავისუფლებინა მის სასარგებლოდ, ხოლო რ.ფ-ე გ. მ-ს გადაუხდიდა 500 დოლარს, ჟ.კ-ეს კი, ბინის შეფასებასა და დავალიანება-სესხს შორის სხვაობას. ჟ.კ-ეს განჩინებაში მითითებული პირობები დათქმულ ვადაში არ შეუსრულებია. მოპასუხეს რამდენჯერმე მიეცა საშუალება, გადაეხადა ვალი და დაებრუნებინა ბინა, მაგრამ უშედეგოდ. რ.ფ-ემ არაერთხელ შესთავაზა ჟ.კ-ეს, მიეღო ის სხვაობა, რაც ეკუთვნოდა მას, თუმცა უშედეგოდ. იგი სხვადასხვა საფუძვლით განაგრძობდა ჩივილს, ხელს უშლიდა მოსარჩელეს კუთვნილი ქონებით სარგებლობაში, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საფუძველი გახდა. სასამართლო პროცესები დამთავრდა რ.ფ-ის სასარგებლოდ და ბინაზე უდავოდ აღიარებულია მისი საკუთრების უფლება. 1999 წლის 16 თებერვლის განჩინების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბერში რ.ფ-ემ გ. მ-ს გადაუხადა 500 აშშ დოლარი, ასევე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 681 ლარი, რასაც დაემატა მოპასუხისათვის გადასახდელი თანხა - 1250 დოლარი და 100 ლარი და აღნიშნულმა ჯამში შეადგინა 4144 ლარი. ბინის შეფასების - 5040 ლარისა და ამ თანხის სხვაობა - 896 ლარი კი, უნდა გადაეცეს ჟ.კ-ეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 21 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №882010444865-03 გადაწყვეტილებით ქ.ახალციხეში, თ-ის ქ№1-ში მდებარე ბინაზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 თებერვალს 32/185 განჩინებისა და 1999 წლის 16 თებერვლის შეთანხმების აქტის საფუძველზე განახორციელა ვალდებულების რეგისტრაცია (მოსარგებლე ჟ.კ-ე, მესაკუთრე: რ.ფ-ე). მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია, იგი თანახმაა, გადაუხადოს ჟ.კ-ეს დარჩენილი თანხა 896 ლარი, მაგრამ ჟ.კ-ე უარს აცხადებს შესრულების მიღებაზე, რითაც ხელს უშლის ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმებას.

ჟ.კ-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

1999 წლის მორიგების აქტის შესაბამისად, მოთხოვნის უზრუნველყოფის სახით მოპასუხის კუთვნილი ბინა კრედიტორ რ.ფ-ის სახელზე გაფორმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ვალდებულების შესრულების (ფ-ის 1240 აშშ დოლარი + 782 ლარი მ-ის 500 აშშ დოლარი) სანაცვლოდ, საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება უნდა დაბრუნებოდა ჟ.კ-ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რ.ფ-ეს მისი განკარგვა შეეძლო გ. მ-ის სასარგებლოდ 500 აშშ დოლარისა და ჟ.კ-ის ბინის ღირებულებას, ასევე გადასახდელ თანხებს შორის სხვაობის დაბრუნების შემდგომ. მორიგების აქტი თავისი შინაარსით წარმოადგენდა მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთგვარ საშუალებას და მოვალის მხრიდან შეთანხმების აქტით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, საცხოვრებელ სახლზე კრედიტორის შეზღუდული საკუთრების უფლება და მისთვის უძრავი ქონების რეალიზაციის უფლების მინიჭება ემსახურებოდა მხოლოდ არსებული მოთხოვნის (1240 აშშ დოლარი და 782 ლარი) დაკმაყოფილების ალტერნატიულ საშუალებას და მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, შეთანხმების პირობები კრედიტორისათვის არ წარმოშობდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების შესაძლებლობას. შეთანხმების აქტმა კრედიტორი აღჭურვა უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებამოსილებით და ისიც მხოლოდ მოვალის მხრიდან. ვალდებულების შეუსრულებლობისა და ბინის რეალიზაციის პერიოდში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის არსებული სხვაობის (36335,6 ლარი) მოვალისთვის გადახდის შემთხვევაში (დღეის მდგომარეობით არსებული ბინის ღირებულება შეადგენს 40000 ლარს, ხოლო რ.ფ-ის ვალი 1240 აშშ დოლარსა და 782 ლარს, მ-ის ვალი - 500 აშშ დოლარს), ამასთან, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებით არსებული ვალდებულება მის მიერ შესრულებულია სრული მოცულობით, რაც კრედიტორის მხრიდან გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას, 896 ლარის სანაცვლოდ ვალდებულების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა შეუსაბამოა ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის არსებულ სხვაობასთან და ემსახურება კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობას, რომლის მიზანია არსებულ ვალში (3664.4 ლარი) კანონსაწინააღმდეგოდ მიისაკუთროს 40000 ლარად ღირებული, ფაქტობრივად, მოვალის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. მნიშვნელოვანია მოთხოვნის დაყენების პერიოდში (2012 წლის იანვარი) არსებული უზრუნველყოფის საგნის საბაზრო ღირებულებისა და არა შეთანხმების აქტის დადების (1999 წლის თებერვალი) პერიოდში არსებული უძრავი ქონების ღირებულება, ვინაიდან ვალდებულების რეგისტრაციის გაუქმება მოთხოვნილია 2012 წელს და ჟ.კ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებშიც კი, ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის არსებული სხვაობა გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის დაყენების პერიოდში არსებული და არა 1999 წელს არსებული ბინის ღირებულების გათვალისწინებით. მოსარჩელეს 2010 წლის 3 ნოემბრის ხელწერილთან ერთად არ წარუდგენია გ.მ-ის 500 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც, ერთგვარად, ეჭვს იწვევს ხელწერილის კანონიერებაში, მით უმეტეს, როდესაც აღნიშნულ ხელწერილამდე, 2000 წლის 1 აგვისტოს, გ. მ-ის აღმასრულებლის მეშვეობით უკვე გადაცემული ჰქონდა ჟ.კ-ეს 200 აშშ დოლარი. რაც შეეხება რ.ფ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ 681 ლარსა და 100 ლარს, რასაც მოიცავდა კიდეც მორიგების აქტი, სხვა დანარჩენ ვალდებულებასთან ერთად, რ.ფ-ის მიმართ შესრულებული აქვს ჟ.კ-ეს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ვალდებულების დეპონირებით. რ.ფ-ე წლების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ რეგისტრაციით და, უძრავი ქონების მისაკუთრების მიზნით, ჟ.კ-ის არა ერთი მცდელობის მიუხედავად, უარს აცხადებდა შესრულებული ვალდებულების სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნებაყოფლობით გადაცემაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება ასევე მოსარჩელის მითითება, რომ მისი მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის სხვაობის დაბრუნების მცდელობას.

ამასთანავე, ჟ.კ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს რ.ფ-ის მიმართ ქ.ახალციხეში, თ-ის ქუჩა №1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ჟ.კ-ის ცნობის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 თებერვლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის შესაბამისად, მოთხოვნის უზრუნველყოფის სახით, ჟ.კ-ის კუთვნილი ბინა გადაფორმდა რ.ფ-ის სახელზე, იმ პირობით, რომ, ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, ბინაზე საკუთრების უფლება მოვალეს დაუბრუნდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რ.ფ-ეს მისი განკარგვა შეეძლო მხოლოდ გ. მ-ის სასარგებლოდ 500 აშშ დოლარისა და ჟ.კ-ის ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხას შორის სხვაობის დაბრუნების შემდგომ. მოვალის მიერ, შეთანხმების აქტით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებშიც კი, საცხოვრებელ სახლზე კრედიტორის საკუთრების უფლება და ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის არსებული სხვაობის მოვალისათვის გადაცემის შემთხვევაში, უძრავი ქონების რეალიზაციის უფლების მინიჭება ემსახურებოდა მხოლოდ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ალტერნატიულ შესაძლებლობას. ჟ.კ-ემ კრედიტორ რ.ფ-ის მიმართ არსებული ვალდებულება სრულად შეასრულა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ვალდებულების დეპონირების გზით. მანვე სრულად შეასრულა კრედიტორ გ. მ-ის მიმართ არსებული ვალდებულება (500 აშშ დოლარი), საიდანაც 200 (ორასი) აშშ დოლარის გადაცემა განხორციელდა აღმასრულებლის მეშვეობით, ხოლო დარჩენილ ნაწილზე (300 აშშ დოლარი) - 2012 წლის 5 იანვარს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ იქნა თანხა. მიუხედავად იმისა, რომ მიზანი, რასაც ემსახურებოდა 1999 წლის 16 თებერვლის მორიგების აქტი, უზრუნველყოფილია სრული მოცულობით, კრედიტორი არაკეთილსინდისიერად სარგებლობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებით, უარს აცხადებს საკუთრების უფლების ნებაყოფლობით გადაცემაზე და უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით კანონშეუსაბამოდ ითხოვს უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმებას.

რ.ფ-ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ცდილობს საქმის გარემოებების არასწორ გადმოცემას, აღნიშნულს სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს დავალიანება 1999 წლის 1 აპრილამდე უნდა დაეფარა, რაც აღნიშნულია როგორც შეთანხმების აქტში, ისე სასამართლოს განჩინებაში, ასევე აუქციონის არშემდგარად გამოცხადების აქტში. ამასთან, ბინის ღირებულება იმთავითვე განსაზღვრული იყო და შეადგენდა 5040 ლარს (რაც ასევე დაფიქსირებულია ზემოთ მითითებულ დოკუმენტებში) და რ.ფ-ეს სწორედ ამ ფასად აქვს დატოვებული, რაც 14 წლის მანძილზე სადავოდ არ გამხდარა, რადგანაც ბინის რეალური ღირებულება, სწორედაც ზემოთ მითითებული ფასი იყო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ჟ.კ-ის შეგებებული სარჩელი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ.კ-ემ, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა რ.ფ-აც.

თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება რ.ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ.ფ-ის მიერ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა“ ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი:REPLGE22, ანგარიშის №:GE74BR0000010517463483 GEL) ჟ.კ-ის წინაშე 1999 წლის 16 თებერვლის მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით განთავსდა 2870.38 ლარი, რის შემდგომაც გაუქმდა უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქალაქი ახალციხე, ქუჩა თ-ი N1, საკადასტრო კოდი ....) ჟ.კ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულება, ჟ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების: რ. ზ-ის (ამჟამინდელი გვარია „ფ-ე“) და გ. მ-ის სარჩელი, ჟ.კ-ეს რ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1350 აშშ დოლარისა და 100 ლარის, ხოლო გ.მ-ის სასარგებლოდ 600 აშშ დოლარის გადახდა. ჟ.კ-ეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 681,50 ლარის გადახდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ.ახალციხეში, ს-ის შესახვევის №1-ში არსებულ ჟ.კ-ის ოროთახიან ბინას, შიგ მოთავსებული ქონებით, ასევე სოფელ სხვილისში მდებარე საკუთარ ბინას. ახალციხის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე 1998 წლის 30 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ახალციხის რაიონული სასამართლოს აღმასრულებლის მიერ ახალციხის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუქციონი დაინიშნა 1999 წლის 10 თებერვალს. აუქციონი ვერ შედგა, რაზედაც შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი, იმავდროულად, გადამხდევინებლებს მიეცათ წინადადება, დაყადაღების აქტში მითითებულ ფასად დაეტოვებინათ ბინა და ქონება. გადამხდევინებელმა რ. ზ-ემ (ფ-ემ) გამოთქვა სურვილი, ბინა დაეტოვებინა დაყადაღების აქტში აღნიშნულ ფასად, რის გამოც მას მიეცა ვადა, ბინის საინვენტარიზაციო ღირებულების - 5040 ლარის გადახდაზე. ყადაღადადებული ბინის გადამხდევინებლისათვის გადაცემის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 თებერვლის განჩინებით:

1. დამტკიცდა 1999 წლის 10 თებერვალს მოვალე ჟ.კ-ის დაყადაღებული ბინის მდებარე, ქ.ახალციხეში, ს-ის შესახვევი N1-ში, საჯარო ვაჭრობა - აუქციონის არშემდგარად გამოცხადების ოქმი.

2. დაყადაღებული ბინა საკუთრების უფლებით დაეტოვა გადამხდევინებელ რ. ზ-ეს, რის გამოც რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, მიწის მართვის სამმართველოს ეთხოვა მოეხდინა შესაბამისი სარეგისტრაციო საკითხების მოგვარება დადგენილი წესის მიხედვით.

3. დამტკიცდა მოვალე ჟ.კ-ეს, გადამხდევინებელ - რ.ზ-ეს, გ.მ-ს შორის სააღსრულებო წარმოების პროცესში დადებული ურთიერთშეთანხმების აქტი, მხარეთა უფლება-მოვალეობების პირობების გათვალისწინებით.

სააღსრულებო წარმოების პროცესში ჟ.კ-ეს, რ.ზ-ეს, გ.მ-ს შორის 1999 წლის 16 თებერვალს დადებული ურთიერთშეთანხმების აქტის თანახმად: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ მოქმედი ინსტრუქციის 102-ე პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე - გადამხდევინებლებს მიეცათ წინადადება, დაეტოვებინათ დაყადაღებული ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მითითებულ ფასად. რ. ზ-მ გამოთქვა სურვილი, დაეტოვებინა ბინა, რის გამოც მან სახელმწიფო ბიუჯეტში თვითონ შეიტანა სახელმწიფო ბაჟი 681 ლარი, აგრეთვე 15 ლარი აუქციონის სამხარეო ტელევიზიაში გამოცხადების ღირებულება, ხოლო მოსარჩელისა და მოპასუხის თანხმობით ბინა საკუთრების გაფორმებით გადაეცა რ. ზ-ს. მათ დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: მოპასუხე ჟ.კ-ემ წინადადებით მიმართა რ.ზ-ეს და გამოთქვა აზრი, რომ 1999 წლის 1 აპრილამდე გადაიხდიდა სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკისრებულ მთელ თანხას ბიუჯეტისა და მოსარჩელე მ-ის სასარგებლოდ და რომ ამ შემთხვევაში რ.ზ-ეს მიეცა უფლება, უკან დაებრუნებინა ბინა მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ოჯახის წევრებთან ერთად ნებაყოფლობით გაათავისუფლებდა ბინას ამ ვადის დადგომისთანავე. აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმა რ.ზ-ე და გ.მ-ი, რის გამოც, ჟ.კ-ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ.ახალციხეში, ს-ის შესახვევის N1-ში უნდა გადაფორმებულიყო რ.ზ-ის სახელზე. 1999 წლის 1 აპრილამდე ჟ.კ-ე კვლავ იცხოვრებდა ამ ბინაში ოჯახის წევრებთან და თუ კი ამ ვადაში იგი მთლიანად გადაიხდიდა სასამართლოს მიერ დაკისრებულ სესხის დავალიანებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას სახელმწიფო ბაჟის სახით, ბინა მასვე გადაუფორმდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ნებაყოფლობით გაათავისუფლებდა ბინას და რ.ზ-ს შეეძლებოდა მისი განკარგვა მოსარჩელე გ.მ-ის დარჩენილი 500 აშშ დოლარის გადახდისა და ჟ.კ-ის ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის სხვაობის დაბრუნების შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით ჟ.კ-ეს მიეცა უფლება, კონკრეტულ ვადაში - 1999 წლის 1 აპრილამდე შეესრულებინა მორიგების აქტით აღებული ვალდებულება, ხოლო ჟ.კ-ის მიერ ამ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რ. ზ-ეს (ამჟამინდელი გვარია „ფ-ე“) ენიჭებოდა უფლება, გადაეხადა თანხა ჟ.კ-ის და მოეთხოვა უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. მორიგების აქტი არ შეიცავდა დათქმას რ.ფ-ის მიერ ვალდებულების შესრულების კონკრეტულ ვადასთან დაკავშირებით. პალატამ უდავოდ მიიჩნია ასევე, რომ ჟ.კ-ეს 1999 წლის 1 აპრილამდე არ შეუსრულებია 1999 წლის 16 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტით აღებული ვალდებულება, რადგანაც, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ჟ.კ-ემ გ. მ-ს აღმასრულებლის მეშვეობით ვალდებულების შესრულების მიზნით 200 (ორასი) აშშ დოლარი გადასცა 2000 წლის 1 აგვისტოს, ხოლო რ.ფ-სა და გ.მ-ის მიმართ დარჩენილი ვალდებულების შესრულების მიზნით, თანხა ნოტარიუსის ანგარიშზე განათავსა მხოლოდ 2012 წლის 5 იანვარს, შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1999 წლის 1 აპრილის შემდგომ, ძალაში შევიდა მორიგების ის პირობა, რომლითაც რ.ფ-ეს მიეცა უფლება, ჟ.კ-ის თანხის გადახდის სანაცვლოდ მოეთხოვა უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა და ჟ.კ-ის სასარგებლოდ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება. ჟ.კ-ე, მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ, წლების მანძილზე ფლობდა სადავო უძრავ ქონებას. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც ქ.ახალციხში, თ-ის ქN1-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო რ.ფ-ის სახელზე. უძრავ ნივთის მოსარგებლედ რეგისტრირებული იყო ჟ.კ-ე, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი კი ახალციხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 თებერვლის განჩინება და 1999 წლის 16 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტი იყო. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს რ.ფ-ე წარმოადგენდა და მისი საკუთრება დატვირთული იყო ჟ.კ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულებით. 1996 წელს შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ.ახალციხეში, თ-ის ქ№1-ში (ყოფილი ს-ის შესახვევი №1) მდებარე ჟ.კ-ის კუთვნილი ბინა შეფასებული იყო 5040 ლარად და მიიჩნია, რომ რ.ფ-ის მიერ 1999 წლის 16 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 2870.38 ლარს. პალატამ მიუთითა რ.ფ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც მხარე მოითხოვდა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დადებას ვალდებულების შესრულებულად ჩათვლას და საჯარო რეესტრის მონაცემებში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ვალდებულების მოხსნას, ამასთან, მართალია, რ.ფ-ე გადასახდელ თანხად მიუთითებდა მხოლოდ 896 ლარს, ის თანახმა იყო, ზუსტი დაანგარიშება განეხორციელებინა სასამართლოს, მაგრამ ბინის ღირებულებად 5040 ლარის გათვალისწინებით. პალატამ მიუთითა ასევე ახალციხის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეების: რ. ზ-სა (ფ-ის) და გ. მ-ის სარჩელი და ჟ.კ-ეს რ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1350 აშშ დოლარისა და 100 ლარის, ხოლო გ.მ-ის სასარგებლოდ 600 ექვსასი აშშ დოლარის გადახდა, ჟ.კ-ეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 681,50 ლარის გადახდა. 1999 წლის 16 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტის შესაბამისად, რ.ფ-ეს უძრავი ნივთის განკარგვა შეეძლო მოსარჩელე გ.მ-ის დარჩენილი 500 აშშ დოლარის გადახდისა და ჟ.კ-ის ბინის ღირებულებას და გადასახდელ თანხებს შორის სხვაობის დაბრუნების შემდეგ. იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ჟ.კ-ეს მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულება (დარჩენილი სასესხო ვალდებულების ანაზღაურება) არ შეუსრულებია, დასტურდებოდა მორიგების აქტის მეორე პირობის ამოქმედება, რომლითაც ვალდებულება უნდა შეესრულებინა რ.ფ-ეს და ნაშთი ბინის ღირებულებასა და ჟ.კ-ის შეუსრულებელ ვალდებულებას შორის უნდა გადაეხადა რ.ფ-ეს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა დაანგარიშებულიყო მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. პალატამ მიუთითა ამავე 2012 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე, სადაც მხარეებმა განმარტეს, რომ ჟ.კ-ის შეუსრულებელი სასესხო ვალდებულება რ.ფ-ის წინაშე შეადგენდა 1250 აშშ დოლარსა და 100 ლარს. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 1999 წლის 16 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტის შესაბამისად, რ.ფ-ემ გ. მ-ს გადაუხადა 500 აშშ დოლარი, მასვე გადახდილი ჰქონდა ჟ.კ-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 681 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, როგორც 1996 წელს შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტში, ასევე აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შესახებ 1999 წლის 10 თებერვლის ოქმში ქ.ახალციხეში, თ-ის ქ№1-ში (ყოფილი ს-ის შესახვევი №1) მდებარე ჟ.კ-ის კუთვნილი ბინის ღირებულებად პირდაპირ მითითებული იყო 5040 ლარი, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 1999 წლის 16 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტში მხარეები ბინის ფასად გულისხმობდნენ სწორედ 5040 ლარს და ბინის ღირებულებას და გადასახდელ თანხებს შორის სხვაობაც გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო სწორედ ამ ოდენობიდან. მორიგების აქტის შედგენის დროს ეს იყო მათთვის ცნობილი ერთადერთი ღირებულება და სწორედ ამის მიხედვით ხდებოდა მხარეთა ურთიერთვალდებულებების განსაზღვრა, შესაბამისად, რ.ფ-ის მიერ ჟ.კ-ის გადასახდელი თანხა წარმოადგენდა ბინის ღირებულებას - 5040 ლარს გამოკლებული 1250 აშშ დოლარი და 100 ლარი. დოლარის კურსთან მიმართებაში, პალატამ არ გაიზიარა რ.ფ-ის მოსაზრება, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 1999 წელს არსებული კურსით, ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით დგინდებოდა უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, სასამართლო კი, ეყრდნობოდა ამჟამინდელ კურსს. პალატამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს - 2012 წლის 24 ოქტომბერს ოფიციალური ყოველდღიური გაცვლითი კურსის მონაცემების მიხედვით (www.nbg.ge) 1 აშშ დოლარის ღირებულებად მიიჩნია 1,6557 ლარი და 1999 წლის 16 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტიდან გამომდინარე ვალდებულება - 1250 აშშ დოლარი და 100 ლარი 2012 წლის 24 ოქტომბერს ოფიციალური ყოველდღიური გაცვლითი კურსის მონაცემების შესაბამისად, ჩათვალა, რომ შეადგენდა 2169.62 ლარს (1250 x 1.6557 = 2069,62 + 100 = 2169.62), შესაბამისად, მიიჩნია, რომ ბინის ღირებულებას - 5040 ლარსა და გადასახდელ თანხას - 2169.62 ლარს შორის სხვაობა შეადგენს 2870.38 ლარს (5040-2169.62 = 2870.38).

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები განსაზღვრული იყო 1999 წლის 16 თებერვალს სააღსრულებო წარმოების პროცესში გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტით. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე კი, ვინაიდან რ.ფ-ის მიერ ურთიერთშეთანხმების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 2870.38 ლარს. სადავო უძრავ ქონებაზე ჟ.კ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულება კი, უნდა გაუქმებულიყო რ.ფ-ის მიერ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე ჟ.კ-ის წინაშე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 2870.38 ლარის განთავსების შემდგომ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ.კ-ემ, მოითხოვა რ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევა, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ რ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ 1000 ლარზე ნაკლები ღირებულების დავის განხილვა სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, სასამართლო ვალდებულება იყო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე შეემოწმებინა საჩივრის საგნის ღირებულება და მისი შესაბამისობა ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან მიმართებით, მხარე კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ვალდებული იყო, განესაზღვრა მოთხოვნის ოდენობა. ამდენად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წინამდებარე დავაზე რ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 896 ლარი იყო. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით განსაზღვრული დავის საგნის შეცვლის ან გადიდების თაობაზე დადგენილი აკრძალვა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლომ, აპელანტის მიერ მოთხოვნილი 896 ლარის საწინააღმდეგოდ, მას დააკისრა 2870,38 ლარის გადახდა, რითაც მიიღო როგორც ზემოაღნიშნული, ისე მატერიალური სამართლის ნორმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. საყურადღებოა, რომ 1999 წლის 16 თებერვლის მორიგების აქტის თანახმად, რ.ზ-ე კისრულობდა გაცილებით მეტი თანხის - ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის არსებული სხვაობის გადახდის ვალდებულებას, რაც ბინის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, 26860,6 ლარს შეადგენდა, სასამართლოს, მოთხოვნის გაზრდილი ღირებულების შეფასების შემთხვევაში, სარჩელი, სწორედ, ამ ფარგლებში უნდა დაეკმაყოფილებინა. სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლით განმტკიცებული მართლმსაჯულების აქტის სავალდებულობის პრინციპები. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ.ზ-ის სახელზე უძრავი ქონება გადაფორმდა 1999 წლის 16 თებერვალს დადებული ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე და არა აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შედეგად საცხოვრებელი ბინის კრედიტორების საკუთრებაში დატოვების გზით, ასეთ პირობებში სასამართლოს მსჯელობა, რომ შეთანხმების აქტის შედგენისას მხარეები ბინის ღირებულების ოდენობად საცხოვრებელი ბინის სააუქციონო ღირებულებას - 5040 ლარს გულისხმობდნენ, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მორიგების აქტს, ისე კერძო სამართლის სუბიექტების მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის, მხარეთა თანასწორობის, ასევე სამართლიანობის პრინციპებს. აღნიშნულით სასამართლო უხეშად ჩაერია, ერთი მხრივ, მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების თავისუფლად განსაზღვრის უფლებაში, და, მეორე მხრივ, შეთანხმების პირობების არასწორად განმარტების გამო, რ.ფ-ე ჟ.კ-ან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოაჩინა. შეთანხმების მიღწევისას მხარეები ბინის ღირებულებასა და გადასახდელ თანხებს შორის არსებულ სხვაობაში მოიაზრებდნენ ანგარიშსწორების პერიოდში არსებულ ბინის საბაზრო ღირებულებას, ამასთანავე, პალატამ რ.ფ-ის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების განსაზღვრისას აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 2012 წლის და არა 1999 წლის მდგომარეობით დაადგინა, რაც მეტად განამყარებს ვარაუდს, რომ შესასრულებელი ვალდებულების გამოანგარიშება შესრულების დროს არსებული ბინის საბაზრო ღირებულებით და არა 1999 წელს არსებული მდგომარეობით უნდა განხორციელებულიყო. ამ პირობების არარსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. ამასთანავე, ვინაიდან შეთანხმების პირობები ბუნდოვანია, სასამართლოს შეეძლო ასევე ეხელმძღვანელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით და, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, რ.ზ-ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა გამოეანგარიშებინა ვალდებულების წარმოშობის პერიოდში ბინის საბაზრო ღირებულებასა და რ.ფ-ის გადასაცემ თანხას შორის არსებული პროპორციის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების დროს ბინის საბაზრო ღირებულებასა და რ. ზ-ის გადასახდელი თანხის პროპორციულობით ან თანასწორობის პრინციპზე დაედგინა ანგარიშსწორების სხვა ალტერნატიული მოცემულობა. აღნიშნული გარემოებების უგულებელყოფით, სააპელაციო პალატამ დაარღვია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ჟ.კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჟ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჟ.კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. მ-ის მიერ 2013 წლის 25 იანვარს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ.კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ჟ.კ-ეს (პ/N…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. მ-ის მიერ 2013 წლის 25 იანვარს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე