Facebook Twitter

№ას-186-179-2013 20 მარტი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №42 დადგენილების საფუძველზე, 2010 წლის 15 იანვრიდან განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო რესურსების მართვის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს განყოფილებების რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად გარემოს დაცვის სამმართველოს ბალანსზე აღირიცხა სატყეო რესურსების მართვის რაიონული განყოფილებების დებიტორული დავალიანებები, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის - სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს დავალიანება, რაც გამოწვეულია საგუშაგოებზე სათბობი შეშის მიწოდებით. აღნიშნული დავალიანების თაობაზე გარემოს დაცვის სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს შორის 2011 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს დაადასტურა, რომ მას ნამდვილად გააჩნია გარემოს დაცვის სამმართველოს მიმართ დავალიანება 2 150 ლარი. გარემოს დაცვის სამმართველოს 2012 წლის 1-ლი ივნისის №01-18/03 კორესპონდენციით სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს ეთხოვა დებიტორული დავალიანების, 2 150 ლარის გადახდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრების წარმოდგენა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, მას გააჩნია აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიმართ დავალიანება 2 150 ლარი, მაგრამ მისი დაფარვა ვერ მოხდება, ვინაიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2150 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

1. №1554152 ურთიერთშეთანხმების აქტით დადასტურებულია შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს დავალიანება 2 150 ლარის ოდენობით აჭარის ა/რ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიმართ;

2. აღნიშნული დავალიანებები წარმოშობილია რაიონული სატყეო მეურნეობების მიერ 2004 წელს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები საფუძველზე მოპასუხის საგუშაგოებისათვის სათბობი შეშის მიწოდების თაობაზე;

3. შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია;

4. მოპასუხე დავალიანების არსებობას არ უარყოფს, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დავალიანების დაფარვა ვერ მოხდება, ვინაიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა;

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისთვის, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მიჩნეულ იქნეს საფუძვლიანად, კრედიტორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევს და არ ასრულებს ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი უდავოდაა დადგენილი, რადგან ამ დავალიანებას არ უარყოფს თავად მოპასუხე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი და განმარტა, რომ 2012 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს წინა წლების დავალიანების დაფარვას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კრძალავს ახალი დავალიანების დაგროვებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნინებში გათვალისწინებული არ არის აღნიშნული დავალიანების დაფარვა. საქართველოს 2012 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ კანონის 22-ე მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2012 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვეაში, კასატორი საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე