საქმე №ას-21-21-2012 7 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.გ-ას საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების საკითხი, საქმეზე – მ.გ-ას საკასაციო საჩივრის გამო, თ.გ-სა და დ.ა-ის მიმართ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება მ.გ-ას საკასაციო საჩივარზე, საქმეზე - ნ., ნ. და მ.გ-ის სარჩელის გამო, აჭარის სააღსრულებო ბიუროს, თ.გ-სა და დ.ა-ის მიმართ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ შეჩერდა მ.გ-ას უფლებამონაცვლის დადგენამდე - მ.გ-ას გარდაცვალებიდან 7 თვემდე.
2013 წლის 1 მარტს თ.გ-ამ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც მ.გ-ას სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი იქნა მამკვიდრებლის მეუღლე (პირველი რიგის მემკვიდრე) - თ.გ-ა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ-ას საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება მ.გ-ას საკასაციო საჩივარზე, ქონების ყადაღისგან განთავისუფლების თაობაზე, შეჩერდა მ. გ-ას უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2013 წლის 1 მარტს თ.გ-ამ №ა-813-13 განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გაცემული №130173738 სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც ორი ათას თორმეტი წლის სამ თებერვალს გარდაცვლილი მ.გ-ას სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი იქნა მამკვიდრებლის მეუღლე (პირველი რიგის მემკვიდრე) - თ.გ-ა (დაბადებული ... წელს ბათუმში, მცხოვრები: ბათუმი, ჰ. ა-ის ქ. №21, პირადი № ...), რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება. სამკვიდროს, რომელზეც გაცემულია ზემოაღნიშნული მოწმობა, წარმოადგენს მამკვიდრებლის კუთვნილი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში). განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა თ. გ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ჰ. ა-ის ქ. №21, 3/4 ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლება, რათა მომხდარიყო მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოსარჩელეს საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე დადასტურებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის №3-645/10 კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოში განსახილველად საკასაციო საჩივარი წარადგინა მ.გ-ამ, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში მის წილზე საკუთრების უფლება გადავიდა მოწინააღნდეგე მხარის - თ.გ-ას საკუთრებაში, თანახმად 2013 წლის 26 თებერვალს გაცემული №130173738 სამკვიდრო მოწმობისა, რის გამოც კასატორი და მოწინააღმდეგე მხარე აღმოჩნდა ერთიდაიგივე პიროვნება - მ. გ-ას უფლებამონაცვლე თ.გ-ა, რომელიც განსახილველ საქმეზე წარმოადგენდა მოპასუხეს და რომლის მიმართაც წარდგენილი იყო სარჩელი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. გ-ა მოცემულ დავაში არ წარმოადგენს სუბიექტს, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა დავის საგანზე ან რომლის მიმართაც მოცემულ დავის ფარგლებში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მისი ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარზე აღარ არსებობს საკასაციო საჩივრის საგანი, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.გ-ას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე დავის საგნის არარსებობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვ. როინიშვილი