№ ას-22-20-2013 7 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.ა-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ი.ო-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ი.ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა-ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ ა.ა-ეს სესხის სახით გადასცა 30000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება 2008 წლის 22 სექტემბრის ხელწერილით. მოპასუხემ ივალდებულა ნასესხები თანხის გადახდა გრაფიკით. აღნიშნული გრაფიკის მიხედვით მან გადაიხადა 3500 აშშ დოლარი, რაც აღნიშნულია სესხის ხელწერილზე და დადასტურებულია ხელმოწერით. ა.ა-ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2009 წლის 1 დეკემბრამდე, რაც არ განხორციელებულა.
მოპასუხე ა.ა-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ამასთან, შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 2008 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: სესხის ხელწერილი დაწერილი იყო იმ მიზნით, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყოლოდა. ა.ა-ეს მოსარჩელესთან ჰქონდა მეგობრული დამოკიდებულება და იგი ამავდროულად იყო მისი ბიზნესპარტნიორი. ა.ო-მა მას სთხოვა, დაეწერა სესხის აღების ხელწერილი, ვინაიდან, მოსარჩელეს ჰქონდა თურქეთის რესპუბლიკაში ვალი, ის თავის კრედიტორებს აჩვენებდა მსგავსი შინაარსის ხელწერილს და ცოტა ხნით შეაჩერებდა მათ მოთხოვნებს. ა.ო-ს ხელწერილში მითითებული თანხა ა.ა-ის არასდროს გადაუცია, რის გამოც, მოპასუხეს არ გააჩნია თანხის დაბრუნების ვალდებულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ისჰან ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა.ა-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26500 დოლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი. ო-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. ი. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ი.ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქარტველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ა.ი.ო-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი თანხა იყო დაზგა–დანადგარების ღირებულება, რომელიც ა.ი.ო-მა, როგორც ფიზიკურმა პირმა ჩამოუტანა ა.ა-ეს, როგორც ფიზიკურ პირს. მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილ სადავო ხელწერილში, რომელიც 2008 წლის 22 სექტემბერს ხელმოწერილია ა.ა-ის მიერ, დაფიქსირებულია შემდეგი: “.... ეს თანხა (ოცდაათი ათასი დოლარი) ა. ა-ემ, ზემოთ აღნიშნული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაუხადოს ა. ი. ო-ს”. (ს.ფ.11)
საქმეზე წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტში- შპს ”ს-ი+”-ის მიმართ შპს ”ბ-ის” სახელით შედგენილ და 2008 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში დაფიქსირებულია შემდეგი : ”...შპს ”ბ-სა” და ქართულ ფირმას-შპს ”ს-ი+ს” შორის 23.05.2008 თარიღით გაფორმებული №82273-82274 ფაქტურების შესაბამისად შეძენილი პროდუქციის ღირებულება-9628,53 აშშ დოლარი 15.10.2008 წელს თქვენი ფირმის წარმომადგენლის-ა.ა-ის (პასპორტის ნომერი ..., პირადი ნომერი: ...) მხრიდან, ბათუმის საბაჟოზე აუნაზღაურდა ჩვენი ფირმის წარმომადგენელს-ჰ. ა-ს, ანუ თქვენს ფირმას ჩვენს მიმართ არ გააჩნია არავითარი დავალიანება”. (ტ.2.ს.ფ.65-66).
საქმეზე წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტში-”საქართველოს ეკოპოლიმერის” მიმართ სააქციო საზოგადოება ”ს-ის” სახელით შედგენილ და 2008 წლის 25 თებერვლით დათარიღებულ წერილში დაფიქსირებულია შემდეგი : ”...თქვენი ფირმის-”საქართველოს ეკოპოლიმერის” მიერ-ჩვენი ფირმისაგან-საწვავის, მშენებლობის, გადაზიდვებისა და იმპორტ-ექსპორტის შპს ”ს-ან” 2008 წლის თებერვლის თვეში შეძნილი პროდუქციის ღირებულება-6750,00 აშშ დოლარი პროდუქციის ჩაბარებისთანავე ანაზღურებული იქნა მ.შ.ს. თქვენს ფირმას ჩვენს მიმართ არ გააჩნია არავითარი დავალიანება”. (ტ.2.ს.ფ.68-69)
მოცემულ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ხელწერილით (ს.ფ.11) მხარეები შეთანხმდნენ ა.ა-ის ვალდებულებაზე - ა.ი.ო-ს აუნაზღაუროს, მათ შორის არსებული ერთობლივი საქმიანობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მანქანა-დანადგარების ღირებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები 30000 აშშ დოლარის ოდენობით.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და გაიზიარა საკასაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო ხელწერილი (ტ. 1,ს.ფ.11) არ წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას; ამ ხელწერილით მხარეები შეთანხმდნენ ფიზიკური პირის, ა.ა-ის ვალდებულებაზე - ა.ი.ო-ს აუნაზღაუროს, მათ შორის არსებული ერთობლივი საქმიანობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მანქანა-დანადგარების ღირებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები 30000 აშშ დოლარის ოდენობით.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლებზე და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2008 წლის სექტემბერში შეწყდა ფიზიკურ პირ ა.ა-სა და ა.ი.ო-ს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობები, რის შემდეგაც, ა.ა-ემ აიღო ვალდებულება, ა.ი.ო-ს აუნაზღაუროს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, მანქანა-დანადგარების ღირებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები 30000 აშშ დოლარის ოდენობით, რაზედაც 2008 წლის 22 სექტემბერს შეადგინა ხელწერილი და გადასცა ა. ო-ს
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლებით და აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, განმარტა, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. იმის გათვალსწინებით, რომ ა.ი.ო-მა დაადასტურა ხელწერილში დაფიქსირებული 30000 აშშ დოლარიდან ა.ა-ის მიერ, ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება და 3500 აშშ დოლარის გადახდა, სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულად მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის 22 სექტემბრის ხელწერილში (ტ.1.ს.ფ.11) დაფიქსირებული მანქანა-დანადგარების ღირებულებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების, 30000 აშშ დოლარის გასტუმრება დასტურდებოდა ფირმა-სააქციო საზოგადოება ”ს-ის” და ფირმა ”ბ-ის” მიერ გაცემული წერილებით (ტ.2.ს.ფ.65-68), ასევე სასამართლო სხდომაზე აღნიშნული ფირმების წარმომადგენელთა ჩვენებებით. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული წერილობითი დოკუმენტები და მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავდნენ ინფორმაციას ფიზიკური პირის, ა.ა-ის მიერ, ა.ი.ო-ის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ 2008 წლის 22 სექტემბრის ხელწერილიდან გამომდინარე (ტ.1.ს.ფ.11), მანქანა-დანადგარების ღირებულებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი-26500 აშშ დოლარი ა.ა-ეს, ა.ი.ო-ის გასტუმრებული არ ჰქონდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე პალატამ დასაბუთებულად და საფუძვლიანად მიიჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა.ი.ო-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სადავო ხელწერილი სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის საფიძველზე, არასწორად მიიჩნია ვალის აღიარების ხელშეკრულებად, ვინაიდან თავად მოსარჩელის განმარტებით დასტურდება, რომ ხელწერილით განისაზღვრა მხარეთა შორის უკვე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე და სამომავლოდ შესასრულებელი ვალდებულების ფარგლები, რაც მოიცავს მანქანა-დანადგარების ღირებულებას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც ა. ი. ო-ს სადავოდ არ გაუხდია.
კასატორის აზრით, პალატა შემოიფარგლა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლებზე მითითებით, თუმცა არ უხელმძღვანელია ამ ნორმებით, კერძოდ, როდესაც დადასტურებულია, რომ სადავო ხელწერილი არ წარმოადგენდა ვალის არსებობის ხელშეკრულებას, მაშინ მტკიცების ტვირთი, მიუთითოს იმ ფაქტზე, რამაც ამ ხელწერილის დაწერის ვალდებულება წარმოშვა, მოსარჩელეზეა. თავდაპირველი სარჩელის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ თითქოს 30000 აშშ დოლარი მოსარჩელემ სესხად გადასცა ა.ა-ეს და ითხოვდა მის დაბრუნებას, მაგრამ კასატორის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერით, რომლითაც მისი სიმართლე დასტურდებოდა, მოსარჩელე მხარე აიძულა შეეცვალა პოზიცია და ნაცვლად სესხისა მიეთითებინა, რომ ეს იყო დაზგა-დანადგარების თანხა, მაშინ, როდესაც ხელსეკრულებაში არ არის მითითებული ხელშეკრულების საგანზე.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ხელწერილები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში და არასწორად არ ჩათვალა, რომ მას ო-ის მიმართ ვალდებულება შესრულებული ჰქონდა. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა და სამართლებრივად არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ა.ი. ო-ი აღიარებს 30000 აშშ დოალრიდან 3500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, რასაც ადასტურებს მისი მინაწერით 2008 წლის 22 სექტემბრის ხელწერილზე, მაშინ როდესაც ამ ნაწილში მოთხოვნა არ არსებობდა, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა 26500 აშშ დოლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ა.ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2196.06) ლარის 70% – 1537.24 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 31 იანვარს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2196.06) ლარის 70% – 1537.24 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე