Nას-225-217-2013 29 მარტი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ.თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ძ-ე, მ.ა-ი, მ.ქ-ე, თ.ტ-ე
მოპასუხეები - ბ.ჭ-ე, გ.თ-ე, კ.ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ძ-ემ, მ.ა-მა, მ.ქ-ემ და თ.ტ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ა-ა 2005“-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ძ-ის, მ.ა-ის, მ.ქ-სა და თ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, რაზეც საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ა-ა 2005“-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ა-ა 2005“-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ა-ა 2005“-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2010 წლის 25 აგვისტოს გ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2011 წლის 14 აპრილს გ.თ-ემ, კ.ს-მა და ვ.თ-ემ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით გ. ა-ის, გ.თ-ის, კ.ს-სა და ვ.თ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანეს ნ.ძ-ემ, მ.ა-მა, მ.ქ-ემ და თ.ტ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ.ძ-ის, მ.ა-ის, მ.ქ-სა და თ.ტ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ძ-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბ.ჭ-ეს, კ.ს-ს, ვ.თ-სა და გ.თ-ეს (ი.ბ.ა. „ა. ა-ა 2005“) დაეკისრათ ნ.ძ-ის სასარგებლოდ 21 000 აშშ დოლარის გადახდა. ნ.ძ-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ ზიანის ანაზრაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მ. ა-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბ.ჭ-ეს, კ.ს-ს, ვ.თ-სა და გ.თ-ეს (ი.ბ.ა. „ა. ა-ა 2005“) დაეკისრათ მ. ა-ის სასარგებლოდ 9 100 აშშ დოლარის გადახდა. მ. ა-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ ზიანის ანაზრაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მ.ქ-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ.ჭ-ეს, კ.ს-ს, ვ.თ-სა და გ.თ-ეს (ი.ბ.ა. „ა. ა-ა 2005“) დაეკისრათ მ.ქ-ის სასარგებლოდ 24 000 აშშ დოლარის გადახდა. მ.ქ-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ ზიანის ანაზრაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თ.ტ-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ.ჭ-ეს, კ.ს-ს, ვ.თ-სა და გ.თ-ეს (ი.ბ.ა. „ა. ა-ა 2005“) დაეკისრათ თ.ტ-ის სასარგებლოდ 25 000 აშშ დოლარის გადახდა. თ.ტ-ის სარჩელი ბ.ჭ-ის, კ.ს-ის, ვ.თ-სა და გ.თ-ის მიმართ ზიანის ანაზრაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ვ.თ-ემ და გ.თ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი გ.თ-ის ნაწილში დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ვ.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება ვ.თ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტის, რაც კანონის საფუძველზე გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ან სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა მიეცა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება ვ. თ-ის წარმომადგენელ ლ. ჭ-ას (იხ. მინდობილობა ტ.II, ს.ფ.76) გაეგზავნა 2013 წლის 5 მარტს და ჩაიბარა ლ. ჭ-ის გადასაცემად მისმა თანამშრომელმა მ. ს-ამ 2013 წლის 6 მარტს (იხ.ტ.III, ს.ფ118).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 7 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 11 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ.თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი