Facebook Twitter

საქმე №ას-235-227-2013 7 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. თ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – მ. თ-ის სარჩელის გამო, ვ. თ-ის მიმართ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება.

ზემოაღნიშნული განჩინება მ. თ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კერძო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მის გასაჩივრებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, გასაჩივრებულია ზემდგომი სასამართლოს განჩინება, რომელიც არ საჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი