№ას-237-228-2013 29 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ ამხანაგობა „მ-ოსის“ წევრები – კ. მ-ი, ნ. ვ-ა, რ. ს-ე, ლ. მ-ი, ა. კ-ე
წარმომადგენელი – თ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ბ. 2004,“ შპს „პ. შ. ს. ს. ა-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ. 2004”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „პ. შ. ს. თბილისის ს. ა-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 214 000 ლარის ანაზღაურება; შპს ,,ბ. 2004”-ის სარჩელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა მ-ის წევრების: ე.ც-ის, ნ. გ-ას, თ.მ-ის, რ.ნ-ის, ა. კ-ის, კ.ა-ის, დ.მ-ის, ც.მ-ის, მ.ფ-ის, ი.წ-ას, მ.ნ-ას, ლ.ა-ის, თ. კ-ის, მ.შ-ის, გ.გ-ის, გ.ფ-ის, ი.ბ-ის, თ.ი-ის, ა.გ-ას, ნ. ბ-ის, თ.შ-ის, თ. გ-ის, ი. ხ-ას, დ.წ-ას, მ.ბ-ის, მ.ლ-იას, ზ.თ-ას, გ.ჩ-ას, თ.ღ-ას, გ.ჯ-ის, ე.გ-ის, ი. შ., მ. ო-ას, ლ.პ-ის, ი. ა-ის, მ.ნ-ას მიმართ ზიანის 257 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ბ-მა,“ შპს „პ. შ. ს. თბილისის ს. ა-ამ“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „პ. შ. ს. თბილისის ს. ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ბ. 2004“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ბ. 2004“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ამხანაგობა ,,მ- ის’’ წევრებს: შპს ,,პ. შ. ს. თბილისის ს. ა-ას“, ე.ც-ეს, ნ. გ-ას, თ.მ-ს, რ.ნ-ეს, ა. კ-ეს, კ. მ-ს, კ.ა-ეს, დ. მ-ეს, ც.მ-ის უფლებამონაცვლე - ნ. მ-ს, ნ. ვ-ას, რ. ს-ეს, მ.ფ-ეს, რ. უ-ას უფლებამონაცვლე - ი.წ-ას, მ.ნ-ას, ლ.ა-ს, ნ. ქ-ეს, თ. კ-ეს, მ.შ-ეს, გ.ფ-ს, თ.ი-ს, ა.გ-ას, ნ. ბ-ს, თ.შ-ს, ნ. ჭ-ას, ლ. გ-ეს, ი. შ-ეს, ე. გ-ეს, მ. ო-ას, ლ.პ-ს, ლ. მ-ს, ი. ა-ეს, მ.ნ-ას, მ. კ-ეს, მ.ბ-ს შპს „ბ. 2004“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 212 000 ლარის გადახდა; შპს „ბ. 2004“-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა „მ-ის“ წევრებმა – კ. მ-მა, ნ. ვ-ამ, რ. ს-ემ, ლ. მ-მა, ა. კ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება შპს „ბ. 2004-ის“ სასარგებლოდ 212000 ლარის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ თ. გ-ეს 2013 წლის 15 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „მ-ის“ წევრების – კ. მ-ის, ნ. ვ-ას, რ. ს-ის, ლ. მ-ის, ა. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ თ. გ-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 15 მარტს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.6, ს.ფ.114).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 16 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 22 მარტს,. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა „მ-ის“ წევრების – კ. მ-ის, ნ. ვ-ას, რ. ს-ის, ლ. მ-ის, ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია