Facebook Twitter
საქმე №ას-30-28-2013

საქმე №ას-260-248-2013 15 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი.ბ-სა და ს.ხ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე რ.ბ-სა და მ.დ-ის სარჩელის გამო ი.ბ-სა და ს.ხ-ას მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზედ და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი.ბ-სა და ს.ხ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ ი.ბ-ი და კასატორთა წარმომადგენელი ტ.ჩ-ი(ტ.II, ს.ფ.25). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 29 იანვარი, ხოლო 30-ე დღე – 8 თებერვალი. გამომდინარე აქედან კასატორებს ან მათ წარმომადგენლს (იხ.მინდობილობა ტ.I, ს.ფ.106-114) შეეძლოთ გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინათ 2013 წლის 29 იანვრიდან 2013 წლსი 8 თებერვლამდე. ამ ვადის განმავლობაში დასაბუთებული განჩინება მხარეს არ ჩაუბარებია. საქმეში წარმოდგენილია ტ. ჩ-ის ხელწერილი, რომლითაც დასტურდება რომ მან სააპელციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 11 თებერვალს, ჩაბარებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 8 თებერვალს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 8 თებერვალს და დასრულდა 2013 წლის 28 თებერვალს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ ი.ბ-სა და ს.ხ-ას საკასაციო საჩივარი კანცელარიას ჩაბრადა 2013 წლის 1 მარტს (ტ.II, ს.ფ.51), ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2013 წლის 1 მარტი, რაც უტყუარად ადსტურებს კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ-სა და ს. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე