Facebook Twitter

საქმე №ას-281-267-2013 21 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ს.ლ-ის“, ზ.ლ-ის, ზ.თ-ის, მ.დ-ის, ა.ს-ის, ნ.ს-ის, თ.კ-სა და ნ.ვ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე სს „ს.ბ-ის“ სარჩელის გამო, შპს „ს.ლ-ის“, ზ.ლ-ის, ზ.თ-ის, მ.დ-ის, ა.ს-ის, ნ.ს-ის, თ.კ-სა და ნ.ვ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს.ლ-ის“, ზ.ლ-ის, ზ.თ-ის, მ.დ-ის, ა.ს-ის, ნ.ს-ის, თ.კ-სა და ნ.ვ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელი მ. ლ-ნი (იხ. რწმუნებულებები) ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.II, ს.ფ.68-72). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2012 წლის 12 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 22 დეკემბერი. გამომდინარე აქედან კასატორებს ან მათ წარმომადგენლს შეეძლოთ გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინათ 2012 წლის 12 დეკემბრიდან 2012 წლის 22 დეკემბრამდე. ამ ვადის განმავლობაში დასაბუთებული განჩინება მხარეს არ ჩაუბარებია. საქმეში წარმოდგენილია მ. ლ-ის ხელწერილი, რომლითაც დასტურდება რომ მან სააპელციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 21 იანვარს, ჩაბარებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 22 დეკემბერს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 22 დეკემბერს და დასრულდა 2013 წლის 11 იანვარს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ შპს „ს.ლ-ის“, ზ.ლ-ის, ზ.თ-ის, მ.დ-ის, ა.ს-ის, ნ.ს-ის, თ.კ-სა და ნ.ვ-ის საკასაციო საჩივარი კანცელარიას ჩაბრადა 2013 წლის 22 იანვარს (ტ.II, ს.ფ.90), ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2013 წლის 22 იანვარი (ტ.II, ს.ფ.97), რაც უტყუარად ადსტურებს კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ლ-ის“, ზ.ლ-ის, ზ.თ-ის, მ.დ-ის, ა.ს-ის, ნ.ს-ის, თ.კ-სა და ნ.ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე