საქმე №ას-288-274-2013 22 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.მ-ის სახელით კ.კ-ის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე ი.გ-ის სარჩელის გამო, მ.მ-ის მიმართ მამობის დადგენის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი და მისი წარმომადგენელი კ.კ-ე (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.27) ესწრებოდნენ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.II, ს.ფ.51). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 9 იანვარი, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 19 იანვარი. გამომდინარე აქედან, კასატორს ან მის წარმომადგენლს შეეძლოთ გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინათ 2013 წლის 9 იანვრიდან 2013 წლის 19 იანვრამდე. ამ ვადის განმავლობაში დასაბუთებული განჩინება მხარეს არ ჩაუბარებია. საქმეში წარმოდგენილია კ.კ-ის ხელწერილი, რომლითაც დასტურდება რომ მან სააპელციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 14 თებერვალს, ჩაბარებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 იანვარს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 19 იანვარს და დასრულდა 2013 წლის 8 თებერვალს.
საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მ.მ-ის სახელით კ.კ-ემ საკასაციო საჩივარი კანცელარიას ჩააბარა 2013 წლის 19 თებერვალს (ტ.II, ს.ფ.74), ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2013 წლის 19 თებერვალი (ტ.II, ს.ფ.80), რაც უტყუარად ადსტურებს კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ მ.მ-ის მიერ კ.კ-ის სახელზე გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა 2013 წლის 25 იანვარს, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას უშუალოდ ესწრებოდა მხარე და ამ დროისათვის (2012 წლის 20 დეკემბერს) მინდობილობა ჯერ ისევ ვადაში იყო, აღნიშნული ფაქტორი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე გავლენას არ ახდენს. იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი ვადაში იქნებოდა წარმოდგენილი, ზემოაღნიშნული გარემოება იქნებოდა ხარვეზის დადგენის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე