Facebook Twitter

№ას-310-295-2013 29 მარტი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ო.ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდ. მეწარმე თ.ჟ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – შუამავლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდ. მეწარმე თ.ჟ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ო.ს-ის“ მიმართ შუამავლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე თ.ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ო.ს-ს“ დაეკისრა ინდ. მეწარმე თ.ჟ-ას სასარგებლოდ 2 700 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით შპს „ო.ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება შპს „ო.ს-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ო.ს-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ასევე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორ შპს „ო.ს-ის“ წარმომადგენელი ა. მ-ე (იხ. მინდობილობა ტ.II, ს.ფ.61) ესწრებოდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ო.ს-ი“ არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2013 წლის 16 იანვარს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 5 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 15 თებერვალი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.

შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 15 თებერვალს და ამოიწურა 2013 წლის 7 მარტს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 11 მარტს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.II, ს.ფ.47), საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2013 წლის 11 მარტი (იხ.ტ.II, ს.ფ.56) რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან შპს „ო.ს-ის“ საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო.ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი