№ას-37-35-2013 1 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ო.ნ.ი-ი, ჯ.ა-ი (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი – გ.წ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.გ-ე, ნ.ჯ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მხარეთა შორის 2010 წლის 03 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება; 2010 წლის 15 აპრილს გაცემული მინდობილობის სიყალბის დადგენა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა; მოპასუხე ო. გ-ეს მოსარჩელეების – ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე მ.გ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 15 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის ქ.აიდინის მე-2 სანოტარო ბიუროს მიერ გაცემული მინდობილობის, რომლითაც ჯ.ა-ი უფლებამოსილებას ანიჭებს ო.გ-ეს გააუქმოს იპოთეკის ხელშეკრულება მ.გ-ის უძრავ ქონებაზე, სიყალბის დადგენის თაობაზე; ასევე არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა მხარეებს შორის 2010 წლის 03 მაისის (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ) ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა მ.გ-სა და ნ.ჯ-ეს შორის 2010 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ნ.ჯ-ის (პირადი #...) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ბათუმი, ტ. ა-ის შესახვევი №9 (ქონების მახასიათებლებია: ზონა 05, სექტორი 27, კვარტალი 08, ნაკვეთი 001, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 615.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 163.66; მესაკუთრე: ნ.ჯ-ე; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო.ნ.ი-ის, ჯ.ა-ის წარმომადგენელმა გ.წ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ო.ნ.ი-ის, ჯ.ა-ის წარმომადგენელმა გ.წ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის წარმომადგენელ გ.წ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2013 წლის 6 თებერვალს ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის წარმომადგენელმა გ.წ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 15 დღით.
საკასაციო პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის წარმომადგენელ გ.წ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის წარმომადგენელ გ.წ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 13 თებერვალს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის წარმომადგენელ გ.წ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 13 თებერვალს (ტ.2,ს.ფ.134). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 14 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 18 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ნ.ი-სა და ჯ.ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია