№ას-39-37-2013 11 მარტი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.მ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ.გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.მ-ემ სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში ნ.მ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 14 ოქტომბერს შეიძინა ქ. ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო სახლის I სართულზე განთავსებული №18-ით რეგისტრირებული 27 კვ. მ სავაჭრო ფართი და დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ ფართზე 2009 წლის 22 აგვისტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოპასუხე ნ.მ-ი, რომელზეც №19 ფართის ნაცვლად, შეცდომით დარეგისტრირდა №18 ფართი. ამჟამად აღნიშნულ ფართს ფლობს და სარგებლობს ნ.მ-ი, რომლის უკანონო ფლობიდანაც მოსარჩელე ითხოვს სადავო უძრავი ქონების გამოთხოვას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2009 წლის 22 აგვისტოს ა.დ-ან შეიძინა 25 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რის თაობაზეც გაფორმდა სანოტარო აქტი ყიდვა-გაყიდვის შესახებ. აღნიშნულ ფართში ჩაატარა 16 000 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები და შეუდგა ფართის ფლობას.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:
1. 2012 წლის 30 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ.მ-ე არის ქ. ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებულ №18-ით რეგისტრირებული 27 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე (საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 14.10.2006წ ქ. ჭიათურა, ნოტარიუსი ზ. ც-ე);
2. 2009 წლის 24 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ნ.მ-ი წარმოადგენდა ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებულ №18-ით რეგისტრირებულ 25 კვ.მ სავაჭრო ფართის მესაკუთრეს (საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 22.08.2009წ. ქ. ჭიათურა, ნოტარიუსი ზ. ც-ე);
3. აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარის სახელზე გაცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერები ერთი და იმავე სარეგისტრაციო მონაცემების უძრავ ნივთზე;
4. მოწინააღმდეგე მხარე ნ.მ-ი ფლობს არასაცხოვრებელ ფართს და მას აქვს უძრავი ქონების, ქ. ჭიათურაში, ნ-ის ქუჩა, სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებულ №18-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ფლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სარჩელი ვინდიკაციურია. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. აღნიშნული მოთხოვნით სარჩელი მესაკუთრეს შეუძლია აღძრას, თუ არსებობს სამი ელემენტი:
1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;
3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მხოლოდ ამ სამი პირობის დადგენის შემდეგ სასამრთლოს შეუძლია დაადგინოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ ნ.მ-ი №18 სადავო ფართის მესაკუთრეა და იგი კანონიერად ფლობს მას, ანუ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სამი ელემენტი არ არსებობს, რაც გამორიცხავს ნ.მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ სადავო ფართს ნ.მ-ი ფლობს უკანონოდ. მტკიცების ტვირთი კი, გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლო ფაქტებსა და გარემოებებზე, არამედ იმასაც, რომ დაადასტუროს ამ გარემოებების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით. ნ.მ-ემ ვერ შესძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ნ.მ-ი უკანონოდ ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა, რომ ნ.მ-მა ქონების შეძენისას იცოდა, სადავო ნივთის ნ.მ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული მოსაზრებები, შეიძლება ჩაითვალოს ამავე სამსახურის მიერ გამოცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში არსებული მონაცემების შემცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, საბოლოოდ, მესაკუთრის სტატუსის განსაზღვრისათვის მთავარ დოკუმენტს წარმოადგენს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და, ზოგადად, რეესტრის ჩანაწერი. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ ნ.მ-ის სახელზე არსებობს ასეთი ამონაწერი, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის წერილები თუნდაც ადასტურებდეს იმ ფაქტს, რომ ცვლილება შესატანია რეესტრის მონაცემებში, არ წარმოადგენს მესაკუთრეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. შეცვლილი მონაცემებით ნ.მ-ის სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი საქმეში არ მოიპოვება.
აღნიშნული განჩინება ნ.მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ იმსჯელა ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის წერილებზე, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ნ.მ-ის სახელზე რეგისტრირებული №18 სავაჭრო ფართი, რომელიც ეკუთვნის ნ.მ-ეს, შეცდომით დარეგისტრირდა მოპასუხე ნ.მ-ის სახელზე. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ნ.მ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი თარიღდება 2009 წლით, ე.ი იმ დროის მონაცემებით, როცა გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მას სასამართლოში განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი არ წარმოუდგენია, რის მიხედვითაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს, რადგანაც 2009 წელს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის არსებობა ნ.მ-ის სახელზე არ ადასტურებს, რომ იგი ამჟამადაც ამ ფართის მესაკუთრეა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო 394-ე მუხლის ე1 პუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, თუკი გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია კანონის არასწორი განმარტების შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების არასრული გამოკვლევა და არასარწმუნოობა, კერძოდ:
1. 2012 წლის 30 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ.მ-ე არის ქ. ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებულ №18-ით რეგისტრირებული 27 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე (საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 14.10.2006წ ქ. ჭიათურა, ნოტარიუსი ზ. ც-ე);
2. 2009 წლის 24 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ნ.მ-ი წარმოადგენდა ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებულ №18-ით რეგისტრირებულ 25 კვ.მ სავაჭრო ფართის მესაკუთრეს (საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 22.08.2009წ. ქ. ჭიათურა, ნოტარიუსი ზ. ც-ე);
3. აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარის სახელზე გაცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერები ერთი და იმავე სარეგისტრაციო მონაცემების უძრავ ნივთზე;
4. მოწინააღმდეგე მხარე ნ.მ-ი ფლობს არასაცხოვრებელ ფართს და მას აქვს უძრავი ქონების, ქ. ჭიათურაში, ნ-ის ქუჩა, სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებულ №18-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ფლობის უფლება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოპასუხის უკანონო მფლობელობა სადავო უძრავ ნივთზე.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს რა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლება მოპასუხის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ამასთან, სადავო ფართი უფრო ადრე აღირიცხა ნ.მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასაბუთებას, ვინდიკაციური სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული წინაპირობების კუმულაციურად არსებობის აუცილებლობის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელი საფუძვლიანია, თუ ერთობლიობაში დადგინდება, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე ფლობს სადავო ნივთს და მფლობელს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ იმგვარად მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ, რომ შეფასების გარეშე დატოვა 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი პირობა – მოსარჩელის უფლება სადავო ნივთთან მიმართებით. განსახილველ დავაში მოსარჩელემ ფართზე უფლების დაცვა მესაკუთრის სტატუსით მოითხოვა და მოპასუხის მიერ ნივთის ფლობა არამართლზომიერად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ კი, შეამოწმა მხოლოდ მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის უფლება და ის მართლზომიერ მფლობელად მიიჩნია, ვინაიდან ფაქტობრივი მდგომარეობით ნ. მ-ი ფლობს საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ ფართს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაშვები და დასაბუთებული პრტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას საპროცესო სამართლებრივ დარღვევებზე, რის შედეგადაც დავის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. განსაკუთრებით ეს ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დარღვევას, კერძოდ, თუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. კასატორმა ისარგებლა საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება უნდა იქნეს გაზიარებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომლის თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მოპასუხე ნ.მ-ი არის N19 და არა N18 ფართის მესაკუთრე. აღნიშნული ცვლილება კი, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა, ვინაიდან, მოპასუხემ არ შეასრულა რეესტრის მოთხოვნა აზომვითი ნახაზის წარდგენის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცნობა არ ცვლის საჯარო რეესტრის ამონაწერს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემომითითებული ცნობა, ბუნებრივია, არ აუქმებს საჯარო რეესტრში ნ.მ-ის სახელზე არსებულ ჩანაწერს, მაგრამ ადასტურებს საჯარო მონაცემების უზუსტობას, შესაბამისად, აღნიშნული ცნობის შეფასება სავალდებულოა, მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერების დასადგენად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრების საპირისპიროდ, საკასაციო სასმართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია მოქმედებს ნივთის შემძენის და არა სასამართლოს მიმართ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც თავად საჯარო რეესტრი ადასტურებს მონაცემების უსწორობას, ხოლო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საკითხი, რაც თავისთავად გულისხმობს ნივთზე პირის უფლების არსებობის გამოკვლევას.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, სადავო N18 ფართის მესაკუთრეა ნ.მ-ე. სააპელაციო სასამართლოს კი, აღნიშნული დასკვნა არ შეუფასებია, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მოთხოვნა, კერძოდ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის სასამართლოს მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლით ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში; ამასთან, იმავე კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამოკვეთილია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ფართზე, რაც ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის ერთ-ერთი წინაპირობაა. სააპელაციო პალატას მითითებული გარემოების არსებობა საერთოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ნ.მ-სა და ნ.მ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების ფართობი ერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო ნივთის გამყიდველი მ. ყ-ის ჩვენებით (ს.ფ. 144-146), ნ.მ-ის კუთვნილ ფართს ამჟამად მინიჭებული აქვს N11.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს სადავო უძრავი ნივთის მიმართ მხარეთა უფლებრივი მდგომარეობა და დავა აღნიშნულის შესაბამისად გადაწყვიტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე