¹ბს-573-495-კ-04 26 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: წარსული პერიოდის საპენსიო თანხების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ-ემ 15.10.03წ. სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის რაიონული ფილიალის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ დაბადებულია ....წ., თერჯოლის რაიონის სოფ. ....., არის 1941-45წ.წ. ომის მონაწილე, ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი, 2000წ. 3 მაისიდან უვადოდ დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია თვეში 45 ლარის ოდენობით. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის მიხედვით ეკუთვნის ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო პენსიების ერთდროულად მიღების უფლება, ამასთანავე, მოხუცებულობის პენსიაზე უნდა დაენიშნოს დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. 12.10.03წ. კუთვნილი პენსიის დასანიშნად მოსარჩელემ მიმართა სოცდაზღვევის თერჯოლის რაიონულ განყოფილებას, რაზედაც უარი ეთქვა. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის (14ლ.), ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლ.), სულ 87ლ. დანიშვნა. ხსენებული კანონის 48-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე პენსიის დასანიშნად მიმართვამდე გასული 12 თვის დანამატის _ 504 ლარის (12X42) ანაზღაურება.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 18.11.03წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, გ. გ-ეს უკვე დანიშნულ ომის ინალიდობის პენსიასთან (45 ლ.) ერთად 2003 წ. 1 აგვისტოდან დამატებით დაენიშნა მეორე სახეობის პენსია მოხუცებულობის გამო (14 ლარი), ორი მინიმალური პენსიის დანამატი (28 ლარი), სულ 87 ლარი. საქართველოს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის ფილიალს გ. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა აგრეთვე გასული პერიოდის 12 თვის პენსიის დანამატი 504 ლარის ოდენობით.
მოპასუხის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 18.11.03წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც საქართველოს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის ფილიალს გ. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გასული პერიოდის 12 თვის პენსიის დანამატი _ 504 ლარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 23.01.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არაუმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.
სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის რაიონულმა ფილიალმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.12.03წ. გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად დაგვიანებით შეიძლება დაინიშნოს პენსია მხოლოდ ინვალიდობით და მარჩენალის დაკარგვის გამო, რაც შეეხება მოხუცებულობის პენსიას, იგი ინიშნება განცხადებით მიმართვის დღიდან და არა მიმართვამდე გასული 12 თვის პერიოდით. ამ პერიოდის პენსიის გასაცემად არ გამოდგება აგრეთვე კანონის 50-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი მოქმედებს პენსიის გადაანგარიშებისას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მეორე სახეობის პენსიის დანიშვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს 23.01.04წ. განჩინების გაუქმებას, რომლითაც კასატორს დაეკისრა 504 ლარის გადახდა გ. გ-ის სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სოციალური დაზღვევის ერთინი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე; შესრულებული უნდა ჰქონდეს 75 წელი; მინიჭებული უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს I და II ჯგუფის ინვალიდი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-ე არის 75 წელს გადაცილებული (დაბადებული 01.01.21წ.), 1941-45 წლების ომის მონაწილე, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. საქმეზე დადგენილ აღნიშნულ გარემოებებს კასატორი ეთანხმება და სადავოდ არ ხდის. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას განეკუთვნება, ამდენად მას უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად, კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მართებულად დაენიშნა მოხუცებულობის გამო პენსია, ორი მინიმალური დანამატით. მართლზომიერია აგრეთვე გ. გ-ისათვის პენსიის დასანიშნად მიმართვემდე გასული პერიოდის 12 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, “თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღვოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს”. კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს. ვინაიდან გ. გოშაძე არის კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტი, რომელსაც მე-60 მუხლით განსაზღვრული მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება წარმოეშვა კანონის ამოქმედების დღიდან, ამასთანავე, მას ამ დროისათვის არ მიუმართავს სათანადო ორგანოებისათვის და არ მოუთხოვია პენსიის გადაანგარიშება, ხოლო სარჩელი 15.10.03წ. იქნა წარდგენილი, სააპელაციო სასამართლომ სწორად აუნაზღაურა გ. გ-ე 12 თვის პენსიის მიუღებელი სხვაობა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის მომატებისათვის მიმართვის დღეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კასატორს _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის რაიონულ ფილიალს არ ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკაასციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 23.01.04წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.