№ას-99-94-2013 18 მარტი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.ა-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ს.ა-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება მისი კუთვნილი, ქ. ქუთაისში, ლ.ის ქ. N100-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. მოსარჩელის განმარტებით, მან უძრავი ქონება აუქციონზე შეიძინა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე მის კუთვნილ სახლს არ ათავისუფლებს.
2012 წლის 15 აგვისტოს ნ. მ-ეს გადაეცა გზავნილი, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის გადასაცემად.
2012 წლის 30 აგვისტოსა და 17 სექტემბერს ნ. მ-ის წარმომადგენელმა რ. ხ-ამ განცხადებები და საფოსტო გზავნილები წარადგინა სასამართლოში, საიდანაც ირკვეოდა, რომ სარჩელი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მოპასუხეს ორჯერ გაეგზავნა, ამ უკანასკნელმა კი, გზავნილების მიღებაზე უარი განაცხადა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 27 სექტემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის ძალითაც ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ლ.ის ქ. N100-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს.ა-ემ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ს.ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, ს.ა-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ს.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და იმავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ა-ეს ორჯერ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები და შესაგებლის წარდგენისათვის განესაზღვრა 5 დღის ვადა. 2012 წლის 21 აგვისტოსა და იმავე წლის 12 სექტემბერს ს.ა-ემ უარი განაცხადა სარჩელისა და თანდართული საბუთების მიღებაზე. მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარუდგენია და არც რაიმე საპატიო მიზეზი დაუსახელებია შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის გასაგრძელებლად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ს.ა-ემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ შესაგებლის წარუდგენლობა დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს.ა-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა, ვინაიდან იგი მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. ნ. მ-ის სარჩელი მას დღემდე არ ჩაბარებია, შესაბამისად, შესაგებელს ვერ წარადგენდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურდიულად არ ამართლებდა; ამასთან, მოცემულ საქმეზე არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები, ვინაიდან მოსარჩელემ უძრავი ქონება მოტყუებით შეიძინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, საკასაციო საჩივარი მხოლოდ საპროცესო ნორმის დარღვევას შეიძლება ემყარებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები თ. თოდრია
პ. ქათამაძე