საქმე №ას-108-103-2013 18 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ო-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უნებართვოდ მოწყობილი სველი წერტილების დემონტაჟი, მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ო-ის მიმართ მოსარჩელის კუთვნილი ბინის თავზე მოპასუხის მიერ უნებართვოდ მოწყობილი სველი წერტილების გაუქმების, საერთო სველი წერტილებით სარგებლობის, ასევე მიყენებული ზიანის სახით 4361 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელის მოთხოვნას - მოპასუხე მ.ო-ამ გააუქმოს მოსარჩელე ლ.კ-ას ბინის თავზე უნებართვოდ მოწყობილი სველი წერტილები - ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, მოპასუხე მ.ო-ას დაეკისრა მოსარჩელე ლ.კ-ას სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 4361.5 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ო-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ლ.კ-ამ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო პალატას, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინებით მ.ო-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ასევე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად ლ.კ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატამ განჩინება დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლებს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ ნორმის დანაწესი იმპერატიულია და ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად კი, დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოპასუხე მ.ო-ა და მისი წარმომადგენელი ლ. ჩ-ი. მ.ო-ამ 2012 წლის 10 ივლისს - გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-18 დღეს მიმართა სასამართლოს განცხადებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. დასაბუთებული გადაწყვეტილება მ.ო-ამ ჩაიბარა 2012 წლის 7 სექტემბერს განცხადების წარდგენიდან 58-ე დღეს. პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწო 2012 წლის 22 ივლისიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს), ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 4 აგვისტოს, რომელიც დაემთხვა უქმე დღეს - შაბათს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, პალატამ განმარტა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე იყო 2012 წლის 6 აგვისტო, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტ მ.ო-ას გააჩნდა 2012 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2012 წლის 20 სექტემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე, 63-ე მუხლზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ არ არსებობდა მ.ო-ას სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ლ.კ-ას სააპელაციო საჩივართან მიმართებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლზე და განმარტა შემდეგი: ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითადი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით განუხილველად უნდა დარჩენილიყო ლ.კ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარიც.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ო-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით (იხ. დაზუსტებული კერძო საჩივარი 26.02.13 Nა-776-13):
საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას გაზიარებულ იქნა მხოლოდ მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მოსაზრებები, ისე, რომ სასამართლომ შეფასება არ მისცა მ.ო-ას მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, არ დაკითხა მოწმეები და არ გაითვალისწინა მოპასუხის მოსაზრებები, მოსარჩელის პრეტენზიები აგებულია არარსებულ და დაუსაბუთებელ გარემოებებზე, რადგანაც ლ.კ-ა სადავო სახლში საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ აიძულებს მოპასუხეს ბინის გაყიდვას, აღნიშნულს მოწმობს ასევე 1997 წელს გაჩენილი ხანძარი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სადავო სახლში 1902 წლიდან მოყოლებულ ვითარებაზე, როდესაც პირველად გახდა შესაძლებელი წყალსადენისა და კანალიზაციის შეყვანა, თუმცა ბოლშევიკურმა მთავრობამ მოგვიანებით მოშალა ეს კომუნიკაციები. მ.ო-ას განმარტებით, მისი ბინა მოსარჩელის ბინის თავზე არ მდებარეობს, წყლის გაჟონვა კი, მოხდა 2008 წელს, თუმცა მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურებაზე უარის განაცხადა, მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ, განუმარტა მოპასუხეს, რომ მისი ბინიდან ჟონავდა წყალი და ლ.კ-ას მიერ შეთავაზებული ხელოსნის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო ვითარება მ.ო-ას ბინაში გაუარესდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა ლ.კ-ას მეუღლის მიერ მ.ო-ას ბინაში შემავალი წყლის მილების გადაჭრის საფუძველი, მოგვიანებით კი, სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში მ.ო-ას წინააღმდეგ. ლ.კ-ას ზემოქმედების შიშით სასამართლოში მოწმედ გამოცხადებაზე მეზობლებმა უარი განაცხადეს. 2012 წელს, როდესაც ლ.კ-ის ცნობილი გახდა მ.ო-ას ბინაში წყლის მიწოდების აღდგენის ფაქტი, მან კვლავ მიმართა სასამართლოს სარჩელით 2008 წელს ჩამოჟონილი წყლის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და სარჩელს დაურთო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არსებულ რეალობას არ ასახავს, ამასთანავე, მოსარჩელის მტკიცებით, მან უკვე გაარემონტა ბინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა მისი გასაჩივრების ვადა, თუმც მოსამართლე შვებულებაში გავიდა, აღნიშნულის თაობაზე მ.ო-ს აცნობა სასამართლოს კანცელარიამ და ურჩიეს დალოდებოდა მოსამართლის დაბრუნებას, მოგვიანებით, საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწე გავიდა შვებულებაში, რამაც განაპირობა საქმის მასალების 2 თვის დაგვიანებით გადაცემა. სააპელაციო სასამართლომ მიიღო განსახილველად სააპელაციო საჩივარი, მხარემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და დაინიშნა სასამართლო სხდომა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის არა ერთი მიმართვის გამო, ფორმალური მიზეზით, საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც არასწორია, ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ემყარება მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ.ო-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ო-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმით იმპერატიულადაა განსაზღვრული, ერთი მხრივ, მხარის შესაძლებლობა, კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განჩინება და, მეორე მხრივ, სასამართლოს ვალდებულება, შეისწავლოს და შეფასება მისცეს მხარის მხოლოდ იმ მოსაზრებებსა და პრეტენზიებს, რომლებიც შეეხება კანონით გათვალისწინებულ იმ განჩინების მართებულობას, რომლის თაობაზეც დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ იქნება შეფასებული მ.ო-ას ის პრეტენზიები, რომლებიც საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას დადგენილ გარემოებებსა თუ სარჩელის საფუძვლებს შეეხება, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, კანონმდებელი კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობას შესაძლებლად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობა შეიძლება დაემყაროს მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინების კანონიერებას.
ამ მიმართებით, საკასაციო საჩივრის სახით წარმოდგენილი კერძო საჩივრის, განცხადებისა და დაზუსტებული კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად, პალატა თვლის, რომ მ.ო-ას პრეტენზია ემყარება შემდეგს:
ა) თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა მისი გასაჩივრების ვადა, თუმც მოსამართლე შვებულებაში გავიდა, აღნიშნულის თაობაზე მ.ო-ს აცნობა სასამართლოს კანცელარიამ და მხარეს ურჩიეს დალოდებოდა მოსამართლის დაბრუნებას, მოგვიანებით, საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწე გავიდა შვებულებაში, რამაც განაპირობა საქმის მასალების 2 თვის დაგვიანებით გადაცემა.
ბ) სააპელაციო სასამართლომ მიიღო განსახილველად სააპელაციო საჩივარი, მხარემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და დაინიშნა სასამართლო სხდომა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის არა ერთი მიმართვის გამო, ფორმალური მიზეზით - საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, რაც არასწორია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებზე, რომლებიც მ.ო-ას სადავოდ არ გაუხდია, ასეთი გარემოებებია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე მ.ო-ა.
2012 წლის 10 ივლისს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-18 დღეს მ.ო-ა გამოცხადდა სასამართლოში და მოითხოვა სასამართლო სხდომის ოქმების, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარება.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მ.ო-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 7 სექტემბერს, ხოლო მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2012 წლის 20 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარს არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება და ასეთი არც სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპზეა აღნიშნული.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
უდავოა, რომ მ.ო-ა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არაა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარემ, მართალია, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, თუმცა არა კანონით გათვალისწინებულ ვადაში - სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, არამედ მისი გამოცხადებიდან მე-18 დღეს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილის მქონე მხარის მიერ საპროცესო ნორმის დაცვად, აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო 2012 წლის 22 ივლისიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი საპროცესო ვადა, ვინაიდან უკანასკნელი დღე 2012 წლის 4 აგვისტო იყო შაბათი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 2012 წლის 6 აგვისტოს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტ მ.ო-ას გააჩნდა 2012 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2012 წლის 20 სექტემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო პალატა მხარის მიერ საპროცესო ვადის მისი ნების გარეშე დარღვევის დამადასტურებელ გარემოებად ვერ მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსამართლისა და მისი თანაშემწის შვებულებაში ყოფნის ფაქტს, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიუროს წერილობითი პასუხებით, მართალია, დასტურდება, რომ მოსამართლე თ.უ-ემ კუთვნილი შვებულებით ისარგებლა 2012 წლის 10 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ასევე 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მოსამართლის თანაშემწემ - 2012 წლის 10 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, სხდომის მდივანმა კი, 2012 წლის 20 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი წერილობითი მტკიცებულება სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე და ის სასამართლოში წარდგენილია არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დაცვით, არამედ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-18 დღეს, ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნის დაცვის ფაქტი სხვა მტკიცებულებით არაა დადასტურებული (ასეთი არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია სასამართლოსათვის), პალატა თვლის, რომ მ.ო-ამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა სადავო გარემოება, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული პოზიცია დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების სასამართლოს ბრალით გადაუცემლობის თაობაზე.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომელიც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდგომ მის განუხილველად დატოვებას და თვლის, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რადგანაც მსგავსი ურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გასაჩივრებულ განჩინებაში არ ასახულა, თუმცა აღნიშნულს საკასაციო პალატა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ო-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ო-ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: საკასაციო საჩივრის სახით წარმოდგენილ კერძო საჩივრზე დართული შესაგებლის ასლი 10 ფურცლად (ტ. II, ს.ფ.102-111), 2013 წლის 23 იანვრის განცხადებაზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის მიმართვის, ექსპერტიზის დასკვნის, ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის განჩინების, თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, ამავე სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინების, წინამდებარე საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო შესაგებლის, სააპელაციო პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებისა და გზავნილების ასლები (ტ. II, ს.ფ.116-151; 154-158), რადგანაც ამ მტკიცებულებებს კერძო საჩივართან მიმართებაში რაიმე შემხებლობა არ გააჩნია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ქვემდგომი ინსტანციების წარმოებას ერთვის, აღარ არსებობს მათი საქმეში განმეორებით განთავსების აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.ო-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის იერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 51 ფურცლად (ტ. II, ს.ფ.102-111, 116-151; 154-158 ) კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე