Facebook Twitter

საქმე №ას-150-143-2013 18 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – 2008 წლის 13 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2008 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ-ის მიმართ 2008 წლის 13 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2008 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, კერძოდ, ამ ხელშეკრულებების 2008 წლის 3 ოქტომბრიდან შეწყვეტილად აღიარების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ.ს-ის სარჩელი ნ.ს-სა და მ.კ-ს შორის 2008 წლის 13 თებერვალს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის შესახებ 2008 წლის 3 ოქტომბრიდან, ასევე არ დაკმაყოფილდა ნ.ს-ის მოთხოვნა 2008 წლის 3 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ხელშეკრულების 2008 წლის 3 ოქტომბრიდან შეწყვეტილად ცნობის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს-მა, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ.ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ნ.ს-ის სარჩელი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ.ს-ს, მ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ნ.ს-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N8-ში, N1 სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე 45 კვ.მ საოფისე ფართი. საქმეზე წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 26 ივლისის №639 ბრძანებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ამავე ქონებაზე გამოცხადებული იყო პირველი იძულებითი აუქციონი, ვინაიდან აუქციონზე ქონება ვერ იქნა რეალიზებული, საჭირო იყო მეორე აუქციონის ჩატარება. აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა მ.კ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა აუქციონის შეწყვეტა მოვალის მხრიდან მოთხოვნის სრულად შესრულების გამო, განცხადების საფუძველზე შეწყდა მიმდინარე აუქციონი. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის 13 ივლისს ნ.ს-მა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული თანხა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს დავის საგნის მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. პალატის მითითებით, ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, მატერიალურ სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. პალატამ მიუთითა ნ.ს-ის განმარტებაზე, რომ წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესია - მ.კ-ს მოსთხოვოს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის, ანუ იძულებითი აღსრულების დროს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. სასამართლოს შეფასებით, 2008 წლის 13 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2008 წლის 7 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას რაიმე დადებითი იურიდიული შედეგი მოსარჩელისათვის არ მოჰყვებოდა, რადგან მოსარჩელე ვერ მიიღებდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს, მისთვის ქონებრივი შედეგი არ დადგებოდა. სასამართლომ მიუთითა იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ.ს-ს, მ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ნ.ს-მა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული თანხა და, მოვალის მხრიდან მოთხოვნის სრულად შესრულების გამო, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეწყდა მიმდინარე აუქციონი. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის საფუძველზე იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, არ შეიძლება არსებობდეს ძირითადი მოთხოვნის გარეშე, სასამართლოს მტკიცებით, მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ არის შესაძლებელი წინამდებარე აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით. მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი. პალატის განმარტებით, თუ იურიდიული ინტერესი არ იკვეთება სარჩელის დასაშვებობის ეტაზე, აღნიშნული არსებითად მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგინდება რა იურიდიული ინტერესის არარსებობა, მითითებული გარემოება სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 186-ე და 187-ე მუხლებისა. სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, პალატამ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლის შემდგომში აღმოჩენისას, თუნდაც, აღნიშნული სასამართლოს მიერ არსებითი მსჯელობის საგანი გამხდარიყო, სარჩელის განუხილველად დატოვება ან სარჩელზე წარმოების შეწყვეტა, მით უმეტეს, რომ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი მატერიალურ სამართლებრივი კი არა საპროცესო სამართლებრივი დანაწესი იყო (რაც კერძო საჩივრის და არა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის მსჯელობის საგანია), მიზანშეწონილად ჩათვალა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა ნ.ს-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე და სარჩელი ისე დატოვა განუხილველად, რომ ეს აპელანტის მოთხოვნას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული განჩინების გაუქმების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვის ეტაპზე 2012 წლის 15 ივნისს მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ, როდესაც ქ.პ-ის ქონება დაყადაღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ იყო მიქცეული, აღნიშნულით სასამართლომ, პრაქტიკულად გადაწყვიტა დავის შემდგომი შედეგი. საქმის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას, თავდაპირველად, მოსარჩელე სარეალიზაციოდ მიქცეული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო და დავის საგანს წარმოადგენდა სადავო იპოთეკის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების 2008 წლის 3 ოქტომბრიდან შეწყვეტილად აღიარება, ხოლო მეორე მოთხოვნა იყო სხვისი ვალდებულების გამო დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, სარჩელის იურიდიული ინტერესი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღისაგან ამ ქონების გათავისუფლება იყო. აღნიშნული იურიდიული ინტერესი მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობდა სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. საქმის განხილვის ეტაპზე შეიცვალა ფაქტობრივი გარემოებები, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ნ.ს-მა მოიძია გადასახდელად დაკისრებული თანხა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საჭიროება აღარ არსებობდა, ფაქტობრივი გარემოებების შეცვლამ განაპირობა არასათანადო მოსარჩელის სათანადოთი შეცვლა. ურთიერთგამომრიცხავია ქვემდგომი სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 45 კვ.მ უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე, რომ მხარეთათვის გარიგების დადების დროს ცნობილი იყო ფართის ნაკლები ოდენობით არსებობის ფაქტი, რომელიც რეესტრში სრული სახით იყო აღრიცხული, ხოლო ამ საგანზე მოგვიანებით დადებულ ხელშეკრულებაში კვლავ მითითებული იყო 45 კვ. მეტრი. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, ვინაიდან რეესტრში არსებულმა მონაცემებმა ცვლილება განიცადა და საქმის განხილვის დროს უკვე რეგისტრირებული ფართი 37,22 კვ. მეტრს შეადგენდა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგი ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ იქნებოდა, თუმცა სადავო ხელშეკრულებების 2008 წლის 3 ოქტომბრიდან შეწყვეტილად აღიარების შემთხვევაში, ნ.ს-ს მიეცემოდა შესაძლებლობა, მ.კ-ან მოეთხოვა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისას გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რადგანაც 2008 წელს მან მ.კ-ს 37 კვ.მ უძრავი ქონების საფასური სრულად გადაუხადა. სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო სასამართლომ დაამყარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლს, თუმცა სასამართლოს მსჯელობიდან დასტურდება, რომ ნ.-სა და მ.კ-ს შორის სადავო არაფერია და მოსარჩელემ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული 45 კვ.მ უძრავი ქონება, მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერით უტყუარადაა დადასტურებული არა 45 კვ. მეტრის, არამედ 37 კვ.მ უძრავი ქონების გადაცემის ფაქტი. სარჩელის აღძვრის დროისათვის ქონებაზე რეგისტრირებული იყო როგორც იპოთეკა, ისე ყადაღა, სარჩელის დაკმაყოფილებით, მართალია, ნ.ს-ი ქონებრივ შედეგს ვერ მიაღწევდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების რეგისტრაციით გაუქმდებოდა ნივთზე რეგისტრირებული უფლებები და აღარ აღსრულდებოდა გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა, სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა იპოთეკის აქცესორული ბუნება, თუმცა არ გაითვალისწინა ნ.ს-ის განმარტება, რომ იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ნ.ს-ის მიერ ვალდებულების შესრულების არარსებობა იყო, მას არ გადასცემია შეთანხმებული საგანი, ამასთანავე, მოპასუხე მხარეს დარღვეული ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დარღვევით, რადგანაც ასეთს კანონი არ ითვალისწინებს, ამასთანავე, მოწინააღმდეგე მხარეს მსგავსი მოთხოვნა სასამართლოში არ დაუყენებია, ხოლო სარჩელის განუხილველად დატოვებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული შეჯიბრებითობის, კანონიერებისა და თანასწორობის პრინციპები.

კერძო საჩივარს ნ.ს-მა დაურთო სადავო უძრავ ქონებაზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ.ს-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ.ს-ს მ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ნ.ს-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 26 ივლისის №639 ბრძანებით საოფისე ფართზე გამოცხადებული იყო პირველი იძულებითი აუქციონი, ვინაიდან აუქციონზე ქონება ვერ იქნა რეალიზებული, საჭირო იყო მეორე აუქციონის ჩატარება.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა მ.კ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა აუქციონის შეწყვეტა მოვალის მხრიდან მოთხოვნის სრულად შესრულების გამო.

განცხადების საფუძველზე შეწყდა მიმდინარე აუქციონი.

საქმეში არსებული სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, 2012 წლის 13 ივლისს ნ.ს-მა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული თანხა.

აღნიშნული გარემოებები კერძო საჩივრის ავტორის მიერ შედავებული არ არის და მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ საკასაციო პალატისათვის, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

დავას არ იწვევს და კერძო საჩივრის ავტორის მიერ დადასტურებულია, რომ საქმის განხილვის ეტაპზე ფაქტობრივი ვითარების შეცვლის გამო (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეწყდა მოვალის მიერ დაკისრებული თანხის გადახდის გამო, თანახმად „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონისა), თავდაპირველი მოსარჩელე ქ. პ-ი (რომელიც დავის დაწყების დროისათვის ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის ინტერესსაც წარმოადგენდა ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებების გაუქმება) შეიცვალა სათანადო მოსარჩელით - ნ.ს-ით.

ნ.ს-ის იურიდიული ინტერესი იპოთეკის ხელშეკრულებების 2008 წლის 3 ივლისიდან შეწყვეტილად აღიარებისა იყო მის მიერ კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას მისთვის დაკისრებული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, რაც შესაძლოა ასევე უკვე გადახდილი თანხის მ.კ-ან მოთხოვნის საფუძველი გამხდარიყო.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება აღნშნულ მსჯელობას და განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. კანონის აღნიშნული დანაწესი საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებიდან გამომდინარეობს, რომელიც სავალდებულოდ ადგენს გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობას, ეს არის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის სუბიექტური ფარგლები და განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სუბიექტია ყველა პირი, რომელთა მიმართაცაა დადგენილი სამართლებრივი შედეგი.

სავსებით სამართლიანადაა დადგენილი ის გარემოებაც, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ასევე სადავო ნივთთან მიმართებაში განხორციელებული შემდგომი იურიდიული მოქმედებები შეეხება არა 37.22 კვ.მ, არამედ 45 კვ.მ უძრავ ქონებას, ვიდრე უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში - საჯარო რეესტრში არსებობდა ამგვარი სარეგისტრაციო მონაცემები.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების კანონისმიერი საფუძველი ვერ გახდებოდა თუნდაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარება, ვინაიდან, როგორც ირკვევა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებში მხარემ ვერ დაადასტურა ამ ვალდებულების შესრულების უსაფუძვლობა.

სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარეობს სააპელაციო პალატის მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლზე და განმარტება იმისა, რომ იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, მხოლოდ ძირითადი ვალდებულების არსებობითაა განპირობებული, შესაბამისად, ძირითადი ვალდებულების (თანხის გადახდის ვალდებულების) არსებობის ფარგლებში ვერც მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე დადებული გარიგება იქნებოდა შეწყვეტილად აღიარებული მხარეთა სათანადო ნების არარსებობის გამო და ვერც თავად თანხის გადახდის ვალდებულება, რადგანაც ასეთის შესრულება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იყო განპირობებული.

საკასაციო პალატა აღნიშნულის გათვალისწინებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი ქცევის წესი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ ტიპის სარჩელის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესია, ანუ ის განმსაზღვრელი გარემოება, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს დავის გადაწყვეტაზე, თუმცა სარჩელის განსახილველად დაშვებისას მოწმდება აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობა, ხოლო საქმის განხილვისას ამ ინტერესის კანონიერება. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს წარმოადგენს შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავლაში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ დავის სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი, როგორც თავად ნ.ს-ი განმარტავს, მიმართული იყო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისაგან გათავისუფლების ან უკვე გადახდილი თანხის კრედიტორისაგან დაბრუნების სამომავლო მოთხოვნისაკენ, რაც სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად არ მიიჩნია სარჩელის იურიდიულ ინტერესად ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ისეთ ვითარებაში, როდესაც, თუნდაც იძულებით აღსრულების ეტაპზე, მხარე ნებაყოფილობით შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას, მაგრამ ის შეძლებს დაადასტუროს, რომ ამ ვალდებულების შესრულება მას რეალურად არ ეკისრებოდა, მხარე არ კარგავს შესრულების მიმღები პირისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც დავა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკლიანი ნივთის გადაცემასა თუ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას უკავშირდება, შესაბამისი მატერიალური წინაპირობების დადასტურების შემთხვევაში, ნ.ს-ს კვლავ გააჩნია უფლება, გამყიდველს მოსთხოვოს ამ ნივთის ნაკლის გამო მიყენებული ან შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სადავო უძრავი ქონების მახასიათებლების თაობაზე საჯარო რეესტრის მონაცემებს შორის არსებულ სხვაობაზე, რაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითაა დადასტურებული, თუმცა აღნიშნული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან მოცემული მტკიცებულების შეფასება და ამ მტკიცებულების გამო ფაქტობრივი გარემოებები დადგენა, წინამდებარე აღიარებითი სარჩელის განხილვისას დავის სხვაგვარად გადაწყვეტას ვერ გამოიწვევდა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის პირობებში.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო სამართლაწარმოების ეტაპზე დაუშვებელი იყო სარჩელის განუხილველად დატოვება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

რაც შეეხება აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობებსა და მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის არსებობა-არარსებობის საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან სარჩელის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის კვლევა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი ამ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება კონკრეტული სარჩელი კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მით უმეტეს, აღიარებით სარჩელთან მიმართებაში, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის კვლევისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა მოსაზრებით, მან ეს საკითხი თავად უნდა გადაწყვიტოს, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი სააპელაციო პალატას არ დაურღვევია, ხოლო სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე აღიარებითი სარჩელის განსახილველად მიღების წინაპირობის არარსებობის დადგენის გამო, სასამართლო უფლებამოსილი იყო, თავად დაეტოვებინა განუხილველად სარჩელი, რაც სწორედ პროცესუალური ეკონომიის პრინციპითაა ნაკარნახევი, მართალია, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნაწილშია განთავსებული, რომლითაც საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვაა რეგულირებული, თუმცა ამავე კოდექსის 372-ე მუხლით დადგენილია, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სამართლაწარმოების მარეგულირებელი ნორმები სარჩელის განუხლველად დატოვების ამკრძალავ წესს არ ადგენს, სააპელაციო პალატამ კანონის სწორად განმარტების გზით, სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად ნ.ს-ის სარჩელი.

რაც შეეხება ნ.ს-ის მითითებას, რომ მისი მოთხოვნა სარჩელის განუხილველად დატოვება არ იყო, ხოლო სააპელაციო პალატამ განჩინებაში ნ.ს-ის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე მითითებით დაარღვია კანონი, რაც მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა იყო, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც სააპელაციო პალატამ, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, გააუქმა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აპელანტი, სწორედ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვდა, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების გზით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, აპელანტის მოთხოვნაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც მიანიშნებს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და 384-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ.ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას - საჯარო რეესტრის ამონაწერს, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული უნდა დაუბრუნდეს ნ.ს-ს, რადგანაც აღნიშნული კერძო საჩივრის საგნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს ეს მტკიცებულება, ამასთანავე, ეს ამონაწერი საქმის ქვემდგომი წესით განხილვის დროსაც არის საქმეში წარმოდგენილი, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე კვლავ დართვის აუცილებლობა აღარ არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ს-ს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება 2 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.58-59).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ.ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ნ.ს-ს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება - საჯარო რეესტრის ამონაწერი 2 (ორი) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.58-59). საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე