Facebook Twitter

საქმე №ას-156-149-2013 18 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ.ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ო.ღ. ს. ე. ს. ც-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების გაწევის გამო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა. ო.ღ. ს. ე. ს. ც-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ხ-ის მიმართ, სამედიცინო მომსახურების გაწევის გამო, დაგროვებული დავალიანების - 10408,17 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა. ო.ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ.ხ-ს შპს „ა. ო.ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10408,17 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შ.ხ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განისაზღვრა 5 დღის ვადა და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 416.32 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2012 წლის 23 ნოემბერს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს პირის მიერ ამ მოქმედების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიღების მომენტიდან. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ დროს წარმოადგენდა ხარვეზის თაობაზე განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებულად მიჩნევის მომენტი - 2012 წლის 23 ნოემბერი და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა ყოფილიყო გამოსწორებული ამ დროიდან 10 დღის ვადაში - 2012 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, გაქარწყლებულად მიიჩნეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2012 წლის 24 დეკემბრისათვის მხარეს არ გამოუსწორებია, შესაბამისად, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის მიხედვით, მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ.ხ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, აღნიშნულის შემდგომ აპელანტმა მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. სააპელაციო პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება აპელანტს არა თუ პირადად არ ჩაბარებია, გადაცემითაც კი არ გადაუციათ მისთვის, შესაბამისად, უცნობი იყო მისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ სწორედ 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე მიუთითა, ამასთან, მხარისათვის უცნობი იყო ის გარემოებაც, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა. განჩინების მხარისათვის ჩაუბარებლობით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით შ.ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შ.ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების, ასევე დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ასლების წარდგენა, ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 10 დღით და აპელანტს გარკვევით განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგის თაობაზე.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით შ.ხარატიშვილმა მიმართა სასამართლოს და მხოლოდ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

საქმეში არსებული სააპელაციო პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გაუგრძელა აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 დღით, რისი ვალდებულებაც მას არ გააჩნდა, ამასთან, კვლავ ამომწურავად განემარტა მხარეს ხარვეზის გამოსწორების აუცილებლობის თაობაზე.

საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების პასუხად შ.ხ-მა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და განმარტა, რომ ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ უზრუნველყო საპროცესო მოქმედების განხორციელება, შესაბამისად, მხარემ ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც სააპელაციო პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ვადა გაუგრძელდა 5 დღით, ამავე განჩინებით კვლავ განემარტა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგების თაობაზე. აღნიშნული განჩინება შ.ხ-ს ჩაბარდა პირადად 2012 წლის 23 ნოემბერს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამდენად, მხარისათვის სასამართლო შეტყობინების პირადად გადაცემის ფაქტს კანონმდებელი უკავშირებს საპოროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე მისი ინფორმირების ნამდვილობას. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 24 ნოემბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს, 2012 წლის 28 ნოემბერს. მხარეს ამ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა შ.ხ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა მხარის მიერ დაკისრებულ ვადაში საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის მოტივით, რაც მისი განუხილველად დატოვების უალტერნატივო წინაპირობას წარმოადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მან სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგანაც არც თავდაპირველ სააპელაციო საჩივარში, არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილ სააპელაციო საჩივარში და არც საქმეში არსებულ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობაში მხარეს ეს გარემოება არ მიუთითებია, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით შეეფასებინა აღნიშნული. ასევე უსაფუძვლოა მხარის განმარტება, რომ მას 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება რაიმე ფორმით არ გადასცემია და, რომ აპელანტი ხარვეზის გამოუსწორებლობის თაობაზე არ იყო ინფორმირებული, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი ხარვეზის დადგენისა და ამ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ყველა განჩინება ამომწურავ დასკვნას შეიცავს როგორც დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების წესის თაობაზე, ისე მისი შეუსრულებლობის შესაძლო ნეგატიური შედეგების თაობაზე. განჩინების მხარისათვის ჩაბარების ფაქტთან მიმართებაში კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - კასპის რაიონის სოფელ ა-ი შ.ხ-ს 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება გაეგზავნა 2012 წლის 21 ნოემბერს, ხოლო საქმეში არსებული საფოსტო პასუხით უტყუარადაა დადგენილი ამ კორესპოდენციის შ.ხ-ის პირადად ჩაბარება (მტკიცებულებაზე აღნიშნულია ადრესატის ციფრული ხელმოწერა და პირადი ნომერი).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 მარტი №234 ბრძანებულების (შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო ან საკურიერო მომსახურების განხორციელებისას ელექტრონული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ) მე-2 პუნქტის თანახმად, საფოსტო ან საკურიერო გზავნილის გამგზავნის, ადრესატის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ელექტრონული ხელმოწერა ან/და ჩანაწერი, რომელიც ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად ადასტურებს საფოსტო ან საკურიერო გზავნილის გასაგზავნად გადაცემას ან/და მის მიღებას/ჩაბარებას, ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ან/და ჩანაწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. ნორმატიული აქტის აღნიშნული დათქმით დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე (საფოსტო პასუხზე) არსებული შ.ხარატიშვილის ხელმოწერის უტყუარობის პრეზუმფცია, რომლის ნამდვილობასაც მხარე უარყოფს, თუმცა მას ამ გარემოების დამადასტურებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება სასამართლოსათვის არ გაუგზავნია, რაც გამორიცხავს მხარის ამ პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობასაც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ.ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას არ ქმნის, თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ, კანონის სწორად განმარტების გზით უთხრა უარი შ.ხ-ს სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ.ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე