№ას-1565-1468-2012 18 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – აპელანტ ლ.პ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეები: 1. ი.პ-ი (კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) - ნ.ბ-ე); 2. ფ.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ბ-ი, ლ.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელების თაობაზე
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ.კ-სა და თ.ბ-ის სარჩელი მოპასუხე ლ.პ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა, ლ.პ-ს თ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 12 700 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 6900 აშშ დოლარის გადახდა, მასვე ლ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 9 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 4 905 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული ლ.პ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე დუშეთში, სოფ. ა-ი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1340 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ოდენობით.
2011 წლის 01 ივნისს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპელანტის - ლ.პ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით. განცხადებაზე დართული გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ლ.პ-ი გარდაიცვალა 2011 წლის 30 აპრილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 02 ივნისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2ბ/1748–11 აპელანტი ლ.პ-ი, მოწინააღმდეგე მხარეები - თ.ბ-ი და ლ.კ-ე. აპელანტ ლ.პ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეზე №2ბ/1748-11 განახლდა საქმის წარმოება და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ლ.პ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებმა: ი.პ-მა (კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) - ნ.ბ-ე) და ფ.მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მათ დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტ ლ.პ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეების: ი.პ-სა (კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) - ნ.ბ-ე) და ფ.მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ლ.პ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს: ი.პ-სა (კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) - ნ.ბ-ე) და ფ.მ-ს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მათ დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით მათ განემარტათ ასევე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
აღნიშნული განჩინების ასლი ი.პ-ის კანონიერ წარმომადგენელს (მეურვეს) - ნ.ბ-ეს გაეგზავნა ორჯერ - 2013 წლის 14 თებერვალს და 2013 წლის 1 მარტს, მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ აღნიშნულ მისამართზე ბინა დაკეტილია და ადრესატი იმყოფება საზღვარგარეთ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე, მაგრამ სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მითითებულ მისამართებზე ადრესატი აღარ იმყოფება (წასულია საზღვარგარეთ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა შეიცვალა მის მიერ მითითებული მისამართი, რის თაობაზეც სასამართლოსათვის არ უცნობებია, ამიტომ სასამართლო გზავნილი მისთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.პ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ნ.ბ-ის სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ასლი ი.პ-ის კანონიერ წარმომადგენელს (მეურვეს) - ნ.ბ-ეს გაეგზავნა ორჯერ - 2013 წლის 14 თებერვალს და 2013 წლის 1 მარტს, მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ აღნიშნულ მისამართზე ბინა დაკეტილია და ადრესატი იმყოფება საზღვარგარეთ. ამდენად, ი.პ-ის კანონიერი წარმომადგენლის - ნ.ბ-ის სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2013 წლის 06 მარტს (ფოსტის კურიერის მიერ გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ ბოლო აქტის შედგენის თარიღი).
რაც შეეხება მეორე ადრესატს, ფ.მ-ს, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლი მას პირადად ჩაბარდა 2013 წლის 5 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ნ.ბ-ის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 7 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 მარტს, ხოლო, ფ.მ-ის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 6 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ ლ.პ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეების: ი.პ-სა (კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) - ნ.ბ-ე) და ფ.მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე