Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-1628-1528-2012 20 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.კ-ე, თ.ც-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ.კ-ის სარჩელი მოპასუხეების – თ.კ-სა და თ.ც-ის მიმართ, დაკმაყოფილდა: ა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, გ-ას გამზირის №14-ში მდებარე ბინა №37-ის ½ ნაწილზე თ.კ-სა და თ.ც-ს შორის 2009 წლის 4 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება; ბ. დ.კ-ე ცნობილ იქნა ზემომითითებული ბინის ½ ნაწილის მესაკუთრედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.კ-ემ და თ.ც-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე განჩინებით აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდათ ნ. გ-ის მიერ მათ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უსაფუძვლო იყო და იგი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. აპელანტებს არ წარუდგენიათ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები თ.კ-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე აპელანტი თ.ც-ი არ იმყოფებოდა საქართველოში, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს დასახელებული მუხლიდან გამომდინარე აპელანტების მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია უფლებით, თავისი ინიციატივით აპელანტებს გაუგრძელოს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლომ აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნა ნ. გ-ის მიერ მათ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ.კ-სა და თ.ც-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებას. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი აპელანტის, თ.კ-ის სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განცხადებას თან ერთვოდა ცნობა თ.კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განცხადებაში მიეთითა ასევე, რომ მეორე აპელანტი თ.ც-ი იმჟამად საქართველოში არ იმყოფებოდა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული განცხადების წარდგენის მიზანი იყო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მიიჩნია, რომ აპელანტებს არ შეეძლოთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რაც არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.კ-სა და თ.ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 სექტემბრის განჩინებით თ.კ-სა და თ.ც-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სადავო უძრავი ქონების ½ წილის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება და აღნიშნული ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ტომი 2, ს.ფ. 2-3);

2012 წლის 9 ნოემბერს აპელანტთა წარმომადგენელმა ნ.გ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა აპელანტებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტები ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას არ მოითხოვდნენ, ხოლო, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ აპელანტების შუამდგომლობა შეეხებოდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას და არანაირად არ ნიშნავდა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდაზე უარის თქმას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში მითითებული ზემოხსენებული გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით, კერძოდ, 2012 წლის 09 ნოემბრის განცხადებით აპელანტების წარმომადგენელი სასამართლოს თხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას და არა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

მითითებული მუხლი სპეციალური ნორმაა და იმპერატიულად ადგენს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ამდენად, სააპელაციო წარმოებისათვის კანონმდებელმა დაადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლისაგან განსხვავებული წესი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გააგრძელოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობა არ ჰქონიათ, ხოლო, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.კ-სა და თ.ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე