Facebook Twitter

№ას-1702-1596-2012 1 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასრგებლოდ, სესხის – 9040 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, ქ. თბილისში, ა. წ-ის გამზირის №73-ში მდებარე №13 საცხოვრებელ ბინაზე ნ.მ-სა და რ.რ-ის საზიარო უფლების გაუქმება იძულებითი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის განაწილება მხარეებს შორის საზიარო საგანზე მათი კუთვნილი წილების შესაბამისად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით რ.რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისში, ა. წ-ის გამზირის №73-ში მდებარე №13 საცხოვრებელ ბინაზე ნ.მ-სა და რ.რ-ის საზიარო უფლება იძულებითი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა საზიარო საგანზე მათი კუთვნილი წილების შესაბამისად და თითოეულს გადაეცა ამონაგები თანხის ½ ნაწილი. რ.რ-ის სარჩელი მოპასუხისათვის სესხის – 9040 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.რ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილსი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით რ.რ-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 25 ოქტომბერს 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2012 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სასამართლოს მიერ დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ.რ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მას უწყება სასამართლო სხდომის შესახებ არ ჩაჰბარებია, რის გამოც არ არსებობდა, გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ.რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. ამასთან, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით რ.რ-ი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ, მას უწყება სასამართლო სხდომის შესახებ არ ჩაჰბარებია, რის გამოც არ არსებობდა, მისი გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ მხარეებმა და მათმა წარმომადგენლება არ აცნობეს სასამართლოს თავიანთი მისამართის შეცვლისა და ახალი მისამართის შესახებ, ამას შესაძლოა მოჰყვეს მათთვის არახელსაყრელი შედეგი, ვინაიდან სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გაგზავნილი უწყება ჩაბარებულად ითვლება და, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე და გამოიტანოს იმ მხარისათვის არასასურველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც არ გამოცხადდა. ის გარემოება, რომ მას უწყება არ ჩაჰბარებია, ვინაიდან გაიგზავნა ძველ მისამართზე, მას კი შეცვლილი აქვს საცხოვრებელი, ვერ ჩაითვლება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების საფუძვლად.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სქმის მასალებით ირკვევა რ.რ-ს სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, 2012 წლის 17 ოქტომბერს, მას უწყება გაეგზავნა მის მიერვე სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა უწყება ვერ ჩაბარდა, ვინაიდან მეზობლების განცხადებით, რ.რ-მა შეიცვალა მისამართი. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შედგა სატელოფონო აქტი, რომლის თანახმად, რ.რ-ის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მობილურსა და სახლის ტელეფონზე ვერ მოხერხდა დაკავშირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დასახელებული მუხლის საფუძველზე, სწორად მიიჩნია, რომ რ.რ-ს უწყება კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ.რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე