Facebook Twitter

საქმე №ას-195-188-2013 18 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ნ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების აღდგენა

დავის საგანი – სესხისა და სარგებლის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ-ის მიმართ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 1000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 2200 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - 1000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ბ-ეს ლ.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა - 1000 აშშ დოლარი და პროცენტი - 100 აშშ დოლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ.ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით ლ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას 2012 წლის 29 ოქტომბერს ესწრებოდა ლ.ნ-ი, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულა სასამართლოში და არ ჩაუბარებია გადაწყვეტილების ასლი, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2012 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა 2012 წლის 11 დეკემბერს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 26 დეკემბერს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადა. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, ლ.ნ-ის საპროცესო უფლება - გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ იქნა რეალიზებული კანონით დადგენილ ვადაში. ამდენად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩათვალა, რომ ლ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რამდენადაც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ნ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების აღდგენა შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების მე-20 დღიდან 30-ე დღის ჩათვლით ის უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა გადაწყვეტილების გადაცემა ვერ მოხერხდა, რადგანაც დადგენილ ვადაში მისი მომზადება სასამართლოს ბრალით ვერ განხორციელდა, ხოლო, მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გადაწყვეტილების ოფიციალურად გადაცემის შემდეგ დაიწყებოდა, ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს ბრალით არ არსებობდა მოტივირებული გადაწყვეტილება, მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ამ გადაწყვეტილების გამო წარედგინა სააპელაციო საჩივარი, ხოლო მისი გადაცემის შემდგომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა დაცულია. აღნიშნულით შეილახა ლ.ნ-ის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით ლ.ნ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა ლ.ნ-ი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა მოსარჩელე საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადებულა და არ ჩაუბარებია გადაწყვეტილების ასლი, მას გადაწყვეტილება მხოლოდ 2012 წლის 13 დეკემბერს ფოსტის მეშვეობით გადაეცა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოებაც, რომ ლ.ნ-ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ დადგენილ ვადაში მხარის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2012 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა 2012 წლის 11 დეკემბერს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 26 დეკემბერს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადა.

პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 63-ე მუხლით დადგენილია, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, რომლის შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ.ნ-ის პრეტენზიას, რომ მას სასამართლოს ბრალით შეელახა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლება, რაც გამოიხატა დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მოუმზადებლობით, რომ ლ.ნ-ი ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განუმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყებოდა. აღნიშნულთან მიმართებაში პალატა განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე (სსსკ 4.1 მუხლი), შეჯიბრებითობის პრინციპი კი, რეალიზებულია შემდეგი სახით: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსსკ მუხლი 102).

განსახილველ შემთხვევაში მხარე მიუთითებს რა, რომ მას გადაწყვეტილება სასამართლოს ბრალით არ ჩაბარდა 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში, რის თაობაზეც ის უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა საქმის არც ერთი მასალით არ არის დადასტურებული ლ.ნ-ის მიერ ზემოაღნიშნული ნორმით იმპერატიულად დადგენილი ვალდებულების შესრულება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში გამოცხადების თაობაზე, ან იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ლ.ნ-ი ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით. შესაბამისად, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მხარის აღნიშნული მითითებები.

ამდებად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ.ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე