Facebook Twitter

საქმე №ას-198-191-2013 18 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს. გ. ს. ს. კ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ მიმართ მიყენებული ზიანის - 3055 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ივლისის გადაწყვტილებით გ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს. გ. ს. ს. კ-ას“ გ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1735 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.გ-ემ, მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბერს, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ-ის სარჩელი მიწის ნაკვეთის განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ს. გ. ს. ს. კ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ამავე განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო პალატამ მოუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 59-ე მუხლზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 237-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ს. გ. ს. ს. კ-ას“ ჩაბარდა 2012 წლის 16 ნოემბერს (გზავნილის მიმღები - ნ.ც-ა (ორგანიზაციის წარმომადგენელი)), დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 17 ნოემბრიდან და დამთავრდა 2012 წლის 26 ნოემბერს. საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 2012 წლის 27 ნოემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ამ საჩივრის დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რაც განაპირობა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის სხვა სამოქალაქო საქმეზე დართვამ, შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ წარმომადგენელმა 2013 წლის 25 იანვრის განცხადებით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება. ამდენად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, ჩათვალა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეჩერებულიყო შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს. გ. ს. ს. კ-ამ“ და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671, 414-ე, 419-ე, 420-ე და 390-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან, სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა არასწორად მიიჩნია დადგენილად, შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ წარმომადგენელი ზ.ნ-ი სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა, სხდომის დაწყებამდე ეს გარემოება სასამართლო სხდომის მდივნის მიერ სატელეფონო კავშირის განხორციელების გზით გადამოწმდა, ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში და აუცილებლად დაესწრებოდა სასამართლო სხდომას, თუმცა დანიშნულ პროცესზე გამოცხადებისას ეცნობა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, თავად გასაჩივრებული განჩინებითაა დადასტურებული, რომ, ტექნიკური ხარვეზის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივარი განთავსდა სხვა მოსამართლის წარმოებაში მყოფ საქმეში, ამასთანავე, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა სასამართლოს ამავე შემადგენლობის მიერ გასწორდა მაშინ, როდესაც სასამართლოში წარდგენილი იყო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ს. გ. ს. ს. კ-ა“ საჩივარში მიუთითებდა იმ გარემოებასაც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არაგონივრულად მცირე ვადაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარდგენის ფაქტი და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მოთხოვნები, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 7 დეკემბერს, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს „ს. გ. ს. ს. კ-ას“ საქმეში მითითებულ მისამართზე და ორგანიზაციის წარმომადგენელ ნანა ცომაიას პირადად ჩაბარდა 2012 წლის 16 ნოემბერს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმადაც ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნ. ც-ა ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ სახელით მიეღო კორესპოდენცია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2012 წლის 16 ნოემბერს უშუალოდ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა, აღნიშნული კი, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მხარის სათანადო წესით ინფორმირებაზე მიანიშნებს, რაც საპროცესო მოქმედების განხორციელების საკმარისი საფუძველია.

პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლზე, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების გაუქმების თაობაზე საჩივრის წარდგენის სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და იმპერატიულად ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

საპროცესო ვადის დენის დაწყების ზოგად წესს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმებიდან საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 17 ნოემბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს, ორშაბათს, 26 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი, საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტის თანახმად, ფოსტას საჩივარი ჩაბარდა 2012 წლის 27 ნოემბერს, საპროცესო ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ დაარღვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული 10-დღიანი ვადა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ არ არსებობდა საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები.

რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტებს, რომ, ტექნიკური შეცდომის გამო, საჩივარი სხვა მოსამართლის წარმოებაში მყოფ საქმეში იქნა განთავსებული, ასევე, სასამართლომ გაასწორა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებებს ეთანხმება, რადგანაც ეს გარემოებები საქმის მასალებითაა დადასტურებული, თუმცა საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელეთა მიერ შედგენილი აქტით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და საჩივარი წინამდებარე სამოქალაქო საქმეში განთავსდა, შესაბამისად, განხილულ იქნა კანონით დადგენილი წესით და არ დარღვეულა მხარის საპროცესო უფლებები, ხოლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და არც აღნიშნული ქმედებით დაირღვა მხარეთა უფლებები, ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ ეს ორი გარემოება მხარის მიერ საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაურღვევლობას არ ადასტურებს და არც რაიმე სახით ახდენს გავლენას ზემოაღნიშნულზე.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არასწორად იქნა გამოუცხადებლად მიჩნეული, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო შესაგებლის წარდგენა და, რომ ამავე კოდექსის 233-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ, არ შეფასდა სასარჩელო მოთხოვნისა და დადგენილად მიჩნეული გარემოებების ურთიერთმართებულობა, რადგანაც აღნიშნული პრეტენზიები, თავის შინაარსით, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარსადგენი საჩივრის საფუძვლებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. ამასთანავე, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე კერძო საჩივრის გზით იხილავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამო წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საკითხს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ დათქმას წარმოადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

კანონით დადგენილი სასამართლოს მსჯელობის ამ იმპერატიული დასახელებული ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ის არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს ამ პრეტენზიათა მართებულობა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სისწორე, ამასთან, ეს პრეტენზიები გავლენას ვერ ახდენს მხარის მიერ საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის ფაქტზე, რაც ამ თვალსაზრისითაც კერძო საჩივრის უსაფუძვლობას ადასტურებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ პრეტენზიას, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671, 414-ე, 419-ე, 420-ე და 390-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ამ მოსაზრების მართებულობა საქმის მასალებითა და კერძო საჩივრის პრეტენზიებით არ დასტურდება, ხოლო მხარემ ამ ნორმათა დარღვევის თაობაზე მიუთითა იმგვარად, რომ არ განუმარტავს, თუ სასამართლოს რა მოქმედებას მიიჩნევს იგი ზემოაღნიშნული დანაწესების საწინააღმდეგოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე