№ას-206-199-2013 26 მარტი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ა.შ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ.ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ა.შ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-სა და ა.შ-ეს შორის 2012 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.მოსარჩელე მ. მ-ეს აღუდგა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის რეკვიზიტებია ლანჩხუთი, სოფ. მ-ი, დაზუსტებული ფართობი 3100 კვ. მ, საკადასტრო კოდი N...; დადებულად იქნა აღიარებული მ.მ-სა და ა.შ-ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; სესხის სახით გადაცემული თანხის -11 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ.მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია ლანჩხუთი, სოფ. მ-ი, დაზუსტებული ფართობი 3100 კვ. მ, საკადასტრო კოდი N....
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა.შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის წარმომადგენელმა დაარღვია კანონმდებლობით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ა.შ-ე 2012 წლის 11 დეკემბერს ესწრებოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადებულა სასამართლოში და არ ჩაუბარებია გადაწყვეტილების ასლი, შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2013 წლის 11 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 24 იანვარს. მოპასუხის წარმომადგენლმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 25 იანვარს.
აღნიშნული განჩინება ა.შ-ის წარმომადგენელმა მ.ლ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით სასამართლომ არასწორად განმარტა 369-ე და 259-ე პრიმა მუხლები. მხარის განმარტებით, მათ მიმართეს სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბერს მაგრამ 2013 წლის 14 იანვრამდე არც სხდომის ოქმი და არც დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტმა დაარღვია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ ა.შ-ე 2012 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს იგი გამოცხადდა სასამართლოში და გადაწყვეტილების გადაცემა მოითხოვა, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული არ იყო. საქმეში არსებული 2012 წლის 24 დეკემბრის განცხადებით დასტურდება, რომ ა.შ-ის წარმომადგენელმა მ.ლ-ემ მოითხოვა სხდომის ოქმის გადაცემა და საქმის მასალების ასლების გადაღება. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან ასევე მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ვინაიდან მხარე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების მისაღებად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის დენა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 10 იანვრიდან დაიწყო და ამოიწურა 23 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი, შეტანილია 25 იანვარს, ანუ კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარე იმავე მუხლით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ვინაიდან 2591-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი და გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება 30-ე კალენდარული დღიდან და არა მომდევნო დღიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა.შ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, გასაჩივრებული განჩინება კი, დასაბუთებული და კანონიერია, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე