Facebook Twitter

საქმე №ას-207-200-2013 18 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ., ი. და ე. ჩ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ჩ. ს. გ. კ. ც-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „გ.ჩ. ს. გ. კ. ც-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ., გ. და ე. ჩ-ის მიმართ 2011 წლის 7 იანვრის N63 ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 891 ლარის, 2011 წლის 14 იანვრის N131 ხელშეკრულებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 15523,28 ლარისა და 2011 წლის 13 მარტის N787 ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების ღირებულების - 10164 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ.ჩ. ს. გ. კ. ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ჩ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 891 ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის N63 (N1 დანართი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი მკურნალობის ხარჯს, მოპასუხეებს: ე. და მ. ჩ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15523.28 ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული 2011 წლის 14 იანვრის N131 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ. ჩ-ის მკურნალობის ხარჯს, მოპასუხეებს ი. და მ. ჩ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10164 ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული 2011 წლის 13 მარტის N787 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ. ჩ-ის მკურნალობის ხარჯს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მ. ჩ-ის, ი. ჩ-სა და ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ დაიშვება, ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 2591 მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა ი. ჩ-ე, არ ესწრებოდნენ მ. ჩ-ე და ე. ჩ-ე, თუმცა ამ უკანასკნელებისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სხდომის თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტებისათვის დაიწყო 2012 წლის 21 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს), ვინაიდან აპელანტები არ გამოცხადებულან გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2013 წლის 3 იანვარს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტებს გააჩნდათ 2013 წლის 3 იანვრის ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2013 წლის 4 იანვარს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე, 63-ე მუხლზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ., ი. და ე. ჩ-მა და მოითხოვეს ამ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორები არ დაეთანხმენ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საპროცესო ვადების გამოთვლის მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2012 წლის 21 დეკემბერი, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 22 დეკემბრიდან და არა 21 დეკემბრიდან, როგორც სააპელაციო პალატამ განმარტა, შესაბამისად, საპროცესო ვადა ამოიწურა 2013 წლის 4 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სრულად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ., ი. და ე. ჩ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წინამდებარე კერძო საჩივარი ი. ჩ-ის მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა, ხოლო მ. და ე. ჩ-ის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს ი. ჩ-ის მოთხოვნაზე და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე ი. ჩ-ე, შესაბამისად, მხარეს განემარტა გადაწყვეტილების ჩაბარებისა და მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეს პრეტენზია არ წარუდგენია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ის ზემოაღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად მხარისათვის გადაცემის ვალდებულება არ წარმოშობია.

დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, უდავოა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის წარმოშობის მომენტი იყო 2012 წლის 11 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე, გასაჩივრების ვადის კანონით განსაზღვრული დასაწყისი - 21 დეკემბერი.

უდავოა, რომ ი. ჩ-ემ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბერს მიმართა, რაც წარმოადგენს იმის უალტერნატივო წინაპირობას, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენის დასაწყისად ჩაითვალოს მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე - 2012 წლის 21 დეკემბერი, შესაბამისად, ეს ვადა ამოიწურა 2013 წლის 3 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2013 წლის 4 იანვარს, 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლით და სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენის დასაწყისად მიეჩნია არა უშუალოდ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე, არამედ მისი მომდევნო დღე.

აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი წარმოადგენს საპროცესო ვადის გამოთვლის საკითხის მარეგულირებელ ზოგად ნორმას. აღნიშნულზე მეტყველებს თავად კანონმდებლის პოზიცია, კანონის ამ დანაწესის კოდექსის VII თავში (ზოგად ნაწილში) მოთავსების გამო, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას რომლითაც იმპერატიულადაა დადგენილი, რომ მხარის მიერ გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის ვადის დასაწყისს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე წარმოადგენს და არა ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღე, როგორც ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილითაა განსაზღვრული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ი. ჩ-ეს სავსებით მართებულად ეთქვა უარი სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე, შესაბამისად, მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

რაც შეეხება მ. და ე. ჩ-ის კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი საფუძვლიანია, ვინაიდან, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდნენ მ. და ე. ჩ-ი, ამავე სხდომის ოქმის გაცნობით ირკვევა, რომ სხდომა მართალია გადაიდო სხვა დროისათვის, თუმცა არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების, არამედ საქმის არსებითად განხილვისათვის.

საქმეში წარმოდგენილია სასამართლო უწყება, რომელიც მ. და ე. ჩ-ის გადასაცემად ჩაიბარა ი. ჩ-ემ. ამ უწყების თანახმად, მხარეებს ეცნობათ მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღი, ისე, რომ, ბუნებრივია, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე მხარისათვის სასამართლოს არ უცნობებია.

სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით ეს გარემოება არ გამოიკვლია, ისე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით და ჩათვალა, რომ ე. და მ. ჩ-მა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს ე. და მ. ჩ-ის არგუმენტს სასამართლოს მიერ კანონის არასწორ განმარტებასთან მიმართებით და თვალის, რომ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის იმპერატიული დანაწესი, მხარე ვალდებულია არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, გარდა ამავე ნორმის მე-2 ნაწილის სუბიექტებისა, არ შეიძლება გავრცელდეს იმ პირების მიმართაც, რომლებიც არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ და არც სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე, აღნიშნული დასკვნის საფუძველს საკანონმდებლო ტექნიკის თავლსაზრისით ნორმის იმგვარი ფორმულირება იძლევა, რომლის თანახმადაც კანონის ეს დანაწესი ვრცელდება პირის მიმართ თუ „გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი“.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ე. და მ. ჩ-ი ესწრებოდნენ გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მათთვის ცნობილი იყო გამოცხადების დროის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საპროცესო ვადის სწორად გამოთვლის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ი. ჩ-ის ხელწერილზე, რომლის თანახმადაც ი.ჩიხლძემ 2012 წლის 25 დეკემბერს ჩაიბარა გადაწყვეტილება ე. და მ. ჩ-ის გადასაცემად.

პალატა ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც აპელანტებს ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალათ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენა, ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 7 დღით.

აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ე. ჩ-ის გადასაცემად ჩაიბარა ოჯახის წევრმა ი. ჩ-ემ 2013 წლის 21 იანვარს, ხოლო მ. ჩ-ემ იგი პირადად ჩაიბარა 2013 წლის 23 იანვარს.

საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, რომელიც აპელანტებმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინეს სასამართლოში, ირკვევა სააპელაციო პალატისათვის 2013 წლის 29 იანვარს მიმართვის ფაქტი, ხოლო განცხადებაზე დართული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით, მ. და ე. ჩ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 61160-ით.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატას აღნიშნული ფაქტები არ გამოუკვლევია და არც სამართლებრივი თვალსაზრისით შეუფასებია ისინი, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად შეისწავლოს ეს გარემოებები, ამასთან, ე. და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საკითხის გადასაწყვეტად ზემოაღნიშნულის სწორად შეფასება სავალდებულო ხასიათისაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ი. ჩ-ის ხელწერილს (ტ.I, ს.ფ. 233), სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღს, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ე. და მ. ჩ-ის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ამ განჩინების პასუხად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ მასალებს და სწორად ამ გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების გზით გამოარკვიოს ე. და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ე. და მ. ჩ-ის კერძო საცივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველად დარჩა მ. და ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმების მიზნით საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე