Facebook Twitter

საქმე №ას-231-223-2013 18 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ც.პ.ი-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ც.პ.ი-ის“ მიმართ 2008 წლის 19 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით მოპასუხისათვის გადაცემული 8000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 16000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მოსარჩელეს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიღებული აქვს 6250 აშშ დოლარი, რაც სესხის ძირითად თანხას უნდა გამოაკლდეს, ხოლო სესხის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშობა ეტაპობრივად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ-ას სარჩელი შპს „ც.პ.ი-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ც.პ.ი-ს“ ნ.კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 84000 ლარის გადახდა, ხოლო ნ.კ-ას მოთხოვნა მოპასუხისათვის 12000 ლარის გადახდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „ც.პ.ი-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, იშუამდგომლა პროცესის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის მოტივით არ გაიზიარა, შესაბამისად, 2013 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტს განუსაზღვრა 10 დღის ვადა და მასვე დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 3360 აშშ დოლარის (არა უმეტეს 7000 ლარისა) ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნებოდა დატოვებული. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 11 იანვრის განჩინება აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა 2013 წლის 23 იანვარს და ორგანიზაციის წარმომადგენელ ლ. კ-ეს ჩაბარდა ამავე წლის 28 იანვარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს „ც.პ.ი-ის“ სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 29 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 7 თებერვალს. აპელანტს, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა თანახმადსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ც.პ.ი-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატის განჩინება უსაფუძვლოა, რადგანაც აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც განპირობებული იყო საზოგადოების ქონებრივი მდგომარეობით. სასამართლომ, მართალია, აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მხარეს დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია სასამართლოს მიერვე განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობისათვის, რომლითაც ის სახელმწიფო ბაჟის შემცირებას მოითხოვდა და ამ მიმართებით არ შეუფასებია შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებები, რაც სასამართლო პრაქტიკიდან არ გამომდინარეობს, ამასთანავე, სასამართლო ვალდებული იყო, შეესწავლა შუამდგომლობისა და თანდართული მტკიცებულებების საფუძვლიანობა და გამოეტანა მოტივირებული განჩინება ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შემთხვევაში საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულით სასამართლომ მხარეს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა არ მისცა.

კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით წარმოადგინა შუამდგომლობის ასლი, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო ბაჟის შემცირება და ამ შუამდგომლობის თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 6 თებერვალს წარდგენის დამადასტურებელი მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ბარათი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „ც.პ.ი-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ც.პ.ი-ის“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს მოცულობის შემცირების გზით ნ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ც.პ.ი-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 84000 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა ამ თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო საჩივრის თანახმად, შპს „ც.პ.ი-მა“ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად.

საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 11 იანვრის განჩინების თანახმად, დადასტურებულია, რომ სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ გაიზიარა უსაფუძვლობის მოტივით და სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ც.პ.ი-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 84000 ლარი დაეკისრა, სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 84000 აშშ დოლარიდან გამოიანგარიშა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე ნორმის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 3360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარით, არა უმეტეს 7000 ლარით განუსაზღვრა, რაც თავისთავად არ გამომდინარეობს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან (სსსკ 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს (უფლებამოსილ პირს) ჩაბარდა 2013 წლის 28 იანვარს, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო მომდევნო კალენდარულ დღეს და ამოიწურა 2013 წლის 7 თებერვალს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, ერთი მხრივ, კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებზე: შუამდგომლობაზე, რომლითაც მხარე სახელმწიფო ბაჟის შემცირებას მოითხოვს ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ბარათზე, რომლის თანახმად, ეს შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2013 წლის 6 თებერვალს, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში განთავსებულ სასამართლო მოხელეთა მიერ შედგენილი აქტზე, რომლის თანახმადაც, ტექნიკური შეცდომის გამო, შპს „ც.პ.კ-ის“ შუამდგომლობა თანდართული მტკიცებულებებით მოგვიანებით ჩაეკერა წინამდებარე საქმეში და ამ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად ეთანხმება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა აპელანტის შუამდგომლობა თანდართული მტკიცებულებებით და ამ საკითხზე მიეღო მოტივირებული გადაწყვეტილება. მართალია, საქმის განხილვის ეტაპზე 2013 წლის 14 თებერვალს პალატა მოკლებული იყო აღნიშნულს (საქმეში წარმოდგენილი აქტის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტის მიერ წარდგენილი განცხადება თანდართული მასალებით საქმეში ჩაეკერა 2013 წლის 21 თებერვალს), თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო, მხარის კონსტიტუციით გარანტირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის შეზღუდვა არაგონივრულია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების უდავო საფუძველს წარმოადგენს.

ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ხოლო სასამართლომ მხარის მიერ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის მოტივით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები, შესაბამისად, საპროცესო ნორმის დარღვევა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს და მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების გზით გამოარკვიოს ხარვეზის გამოსწორების მიზნით 2013 წლის 6 თებერვალს აპელანტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის მართებულობა და უტყუარად დაადგინოს შპს „ც.პ.ი-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ც.პ.ი-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე