Facebook Twitter

№ას-251-241-2013 15 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს.გ-ე

წარმომადგენელი – ზ.ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს-ე, დ.ს-ე

მოპასუხე – ი.ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. და დ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ი.ს-ეს და ს.გ-ეს შორის 2012 წლის 23 თებერვალს ქ.ბათუმი ტ-ის შესახვევის №3-ში მდებარე ბინა 26-ზე (ფართი 56, 32 კვმ) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 2/4 ნაწილში; ვ.ს-ე და დ.ს-ე ცნობილი იქნენ ქ.ბათუმი ტ-ის შესახვევის №3-ში მდებარე ბინა 26-ის (ფართი 56, 32 კვმ საკადასტრო კოდი: ... ) 2/4-ის (თითოეული მოსარჩელის 1/4-1/4-ის გათვალისწინებით) თანამესაკუთრეებად და შესაბამისი ცვლილებები განხორცილდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს.გ-ემ, ი.ს-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ს.გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ასევე დარჩა განუხილველად ი.ს-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.გ-ის წარმომადგენელმა ზ.ჯ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორ ს.გ-ის წარმომადგენელ ზ.ჯ-ეს (მის მეუღლეს – ხ.ს-ეს) ჩაბარდა 2012 წლის 30 ნოემბერს (ს.ფ.246). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 დეკემბერს, ხოლო კერძო საჩივარი ს.გ-ის წარმომადგენელმა ზ.ჯ-ემ შეიტანა 2013 წლის 8 თებერვალს (ს.ფ.252-255), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს.გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია