№ას-263-251-2013 13 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კერძო აღმასრულებელი რ.პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. წ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით: მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, მ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ.ს-ეს მ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2672.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. წ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 74.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გ.ს-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 80.16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გ.ს-ეს მ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 106.88 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელმა და მოითხოვა იმის განმარტება, გულისხმობდა თუ არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მე-3 პუნქტის შინაარსში აღნიშნული ნაწილობრივი დაკმაყოფილება იმას, რომ თ. ს-ე არ იყო მამკვიდრებლის დანაშთი უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის მიმღები მემკვიდრე, მე-4 პუნქტის შინაარსში აღნიშნული გ.ს-ე ცნობილ იყო მამკვიდრებლის, ნ. ს-ის კანონისმიერ მემკვიდრედ და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიმღებად, ხოლო თ. ს-ე არა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით კერძო აღმასრულებლის, რ.პ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კერძო აღმასრულებელმა რ.პ-ემ და მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებელ რ.პ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების ასლი 2013 წლის 12 თებერვალს პირადად ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს - კერძო აღმასრულებელ რ.პ-ეს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (ტ.3, ს.ფ. 32). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო აღმასრულებელ რ.პ-ის კერძო საჩივარი შეტანილია 2013 წლის 26 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 3, ს.ფ. 37).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა რ.პ-ემ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კერძო აღმასრულებელ რ.პ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. კერძო აღმასრულებელ რ.პ-ეს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადახდის თარიღი – 2012 წლის 26 თებერვალი, საგადახდო დავალება № ...).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე