საქმე №ას-317-301-2013 28 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ.თ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ზ.თ-ის სარჩელის გამო, სს „თ-ის“ მიმართ სს „თ-ის“ აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ.თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, ზ.თ-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ზ.თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება.
2013 წლის 12 თებერვალს ზ.თ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 დღის ვადაში დაზუსტებული მოთხოვნისდა და სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2013 წლის 11 მარტს სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ.თ-ემ და დააზუსტა, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმება. ხოლო 2013 წლის 15 მარტს კერძო საჩივრის ავტორმა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი.
2013 წლის 19 მარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, ზ.თ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინება ზ.თ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ნათელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ზ.თ-ის კერძო საჩივარი და არ დააკმაყოფილა ის, ანუ აღნიშნული განჩინება არის ზემდგომი სასამრთლოს განჩინება კერძო საჩივარზე და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ზ.თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული დაუშვებლობის გამო.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის შეტანის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება – დაზუსტებული მოთხოვნისა და სახელმწიფო ბაჟის მოთხოვნის თაობაზე, რაც მხარემ სრულყოფილად გამოასწორა და წარადგინა სააპელაციო სასამართლოში როგორც დაზუსტებული მოთხოვნა, ისე სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითარი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ.თ-ეს უნდა დაუბრუნდეს არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.თ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ზ.თ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 15 მარტს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე