№ას-7-5-2013 7 მარტი 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.პ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.პ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს ”კ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეისათვის, მის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 11511,71 ლარის გადახდა, საიდანაც 10199,5 ლარი წარმოადგენდა სესხის ძირითად თანხას, ხოლო 1312,21 ლარი საპროცენტო სარგებელს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.პ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ”კ-ს”, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკსირა 11060,78 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ”კ-ის” დირექტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ ლ.პ-ას სარჩელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო 2012 წლის 27 აგვისტოს (ს.ფ. 217-229). საქმეზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი , რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე ლ.პ-ა და მოპასუხე მხარის შპს ”კ-ის” დირექტორი მ. დ-ა (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 214). ვინაიდან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს ჩაბარდა 2012 წლის 24 სექტემბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა იწყებოდა აღნიშნული თარიღიდან, ხოლო გასაჩივრების უფლების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2012 წლის 8 ოქტომბერი, მოპასუხე მხარემ კი, სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 10 ოქტომბერს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ-ის“ დირექტორმა მ.დ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მათმა წარმომადგენელმა სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციოს“ ადვოკატმა თ. გ-მა სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საფოსტო გზავნილის სახით გადასცა შპს „სკს“-ს 2012 წლის 8 ოქტომბერს. სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციოს“ სახლეზე გამოიწერა №001477738 გზავნილის მიღების დასტური, სადაც ადრესატად მიეთითა ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები – მოსამართლე თ. ბ-ა. მას შემდეგ რაც შეიტყვეს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სადავო გახდა გასაჩივრების ვადა, შპს „სკს“ ფოსტამ მათი მიმართვის საფუძელზე გადასცა, როგორც ზემოაღნიშნული დასტური, ასევე წერილობითი დოკუმეტიც, რომლითაც დაუდასტურა, რომ მათ შპს „სკს“-ს 2012 წლის 8 ოქტომბერს ნამდვილად გადასცეს №0001477738 გზავნილი ფოთის საქალაქო სასამართლოსადმი და, რომ აღნიშნული გზავნილი ამავე სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელ თ. თ-ას ჩაჰბარდა 2012 წლის 10 ოქტომბერს. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივარს თან დაერთო შპს „სკს“-ს №001477738 თეთრი და მწვანე ფერის დასტური და ამავე ფოსტის ადმინისტრატორ ნ. დ-ის 2012 წლის 19 დეკემბრის წერილობითი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს „კ-ის“ დირექტორ მ. დ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოთ დასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის განსაზღვრული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 16 სექტემბერი, ხოლო 30-ე დღე – 2012 წლის 26 სექტემბერი.
შპს „კ-ის“ წარმომადგენელი რ. ჭ-ა სასამართლოში მივიდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 24 სექტემბერს, რის გამოც სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 25 სექტემბერს და ამოიწურა 2012 წლის 8 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა 2012 წლის 10 ოქტომბერს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით, მიიჩნია, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია და კანონით დადგენილ ვადაში, ფოსტის მეშვეობით, წარადგინა სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში, რის დასადასტურებლადაც, კერძო საჩივარს დაურთო შპს „სკს“-ს №001477738 თეთრი და მწვანე ფერის გზავნილის ჩაბარების დასტური და ამავე ფოსტის ადმინისტრატორ ნ. დ-ის 2012 წლის 19 დეკემბრის წერილობითი დოკუმენტი, რომლის თანახმად, სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციომ“ 2012 წლის 8 ოქტომბერს შპს „სკს“-ს გადასცა გზავნილი ფოთის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად. სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციოს“ სახლეზე გამოიწერა №001477738 გზავნილი მიღების დასტური, სადაც ადრესატად მიეთითა ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები – მოსამართლე თ. ბ-ა, ხოლო აღნიშნული გზავნილი ამავე სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელ თ.თ-ას ჩაჰბარდა 2012 წლის 10 ოქტომბერს ( იხ. ტ 2, ს.ფ. 296-298).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საჭიროებენ შემოწმებას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის სწორად გადასაწყვეტად, რის გამოც შპს „კ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „კ-ის“ დირექტორ მ.დ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე