№ა-649-გან-1-2013 13 მარტი, 2013 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.მ-ის წარმომადგენელ ნ.გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-მა სარჩელი აღძრა მ.მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ჩუქების ხელშკრულების გაუქმება, ბ. გ-ის სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა, გაჩუქებული ოროთახიანი ბინის 1/2-ზე თანამესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა ბ. გ-ან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და ბ.გ-ის გარდაცვალების შემდეგ რწმუნებული გ.ო-ი არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა ქონების გასხვისება. მ.მ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბ.გ-სა და მ.დ-ს შორის ქორწინების ბათილად ცნობა, მცირეწლოვან ბ.გ-ე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა და ბინიდან გამოსახლება.
აღნიშნული საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1. ქ. ბათუმში, ე-ას ქ. №54\62 ბ 201-ში მდებარე ბინა 62,2 კვ.მ მიეკუთვნოს ბ.გ-ის მცირეწლოვან მემკვიდრეს - ბ. გ-ეს;
2. ქ. ბათუმში, ჭ-ის ქ. №8-10-ში მდებარე ბინა, ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი მთლიანად, ბათუმში, გ-ის ქ. №32 ბ. №16-ში არსებული ბინა, ავტომანქანა გაზ-24 მიეკუთვნოს მ.მ-ეს და ნ.გ-ეს, ასევე არასრულწლოვან ე. და მ. გ-ს;
3. აწ გარდაცვლილი ბ. გ-ის კუთვნილი წილებიდან შპს „ბ-ი“, შპს „ა-ი“, შპს „ო. მ. ე-ი“ მცირეწლოვანი ბ. გ-ე წილის საკონპენსაციოდ მემკვიდრეებისაგან იღებს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს.
2013 წლის 19 თებერვალს მ.მ-ის წარმომადგენელმა ნ.გ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 აბზაცის განმარტების მოთხოვნით მომართა. მხარე ითხოვს განიმარტოს, ნიშნავს თუ არა ბ. ბ. ძე გ-ის წილის საკომპენსაციოდ თანხის გადახდა აღნიშნულ წილზე დანარჩენი მემკვიდრეების მესაკუთრედ აღიარებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით მ.მ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის Nას-662-895-04 განჩინების მე-4 აბზაცი არ აღსრულებულა. აღნიშნული განჩინება მხარეს 2013 წლის 4 მარტს ჩაბარდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დენა 5 მარტს დაიწყო და 11 მარტს ამოიწურა. მ.მ-ის განცხადება კი, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 2013 წლის 12 მარტს, ამასთან, განცხადებით არ დასტურდება, რომ იგი ფოსტის მეშვეობით გამოიგზავნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მ.მ-ემ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, მისი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის Nას-662-895-04 განჩინების მე-4 აბზაცის განმარტების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი