საქმე №ა-905-გან-2-2013 25 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ღ.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.ქ-უ“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების განმარტება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. „რ. კ-ქ-უს“ უფლებამონაცვლე სს „ბ.ქ-უმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ღ.გ-სა და რ.მ-ის (უფლებამონაცვლე ქ.გ-ი) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით,
მოპასუხეებმა ღ.გ-მა და რ.მ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს სს „ბ.ქ-უს“ მიმართ 1998 წლის 8 მაისის №1/13 საკრედიტო ხელშეკრულებისა და 1998 წლის 8 მაისის №1/09 იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ბ.ქ-უს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ღ.გ-ს სს „ბ.ქ-უს“ სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურება. დავალიანების გადახდევინება დადგინდა მოპასუხეების: ღ.გ-სა და ქ.გ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ა-ის №5 ჩიხში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, კერძოდ: საცხოვრებელი სახლი ლიტერ „დ“ 82 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და ლიტერ „ა“ 1/3 ნაწილი (საჯარო რეესტრის მონაცემებით – ღ.გ-ის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268,73 კვ.მ აქედან 1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196,57 კვ.მ აქედან 1/3-დან 1/2. ქ.გ-ის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268,73 კვ.მ აქედან, 1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196,57 კვ.მ აქედან 1/3-დან 1/2), ღ.გ-სა და ქ.გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ღ. და ქ.გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. და ღ.გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ბ.ქ-უს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ღ.გ-ს სს „ბ.ქ-უს“ სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დავალიანების გადახდევინების მიზნით დადგინდა ღ.გ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული თბილისში, ა-ის №5-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, (საჯარო რეესტრის მონაცემებით – ღ.გ-ის კუთვნილი ნაგებობა №1 საერთო ფართით 268,73 კვ.მ აქედან 1/4 ნაწილი და ნაგებობა №3 საერთო ფართით 196,57 კვ.მ აქედან 1/3-დან 1/2.), ღ.გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ.გ-ის შეგებებული სარჩელი, გაუქმდა სს „ბ.ქ-სა“ და რ.მ-ეს შორის 1998 წლის 8 მაისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, ღ.გ-ს სს „ბ.ქ-უს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4534 ლარის გადახდა, სს „ბ.ქ-უს“ ქ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1900 ლარის გადახდა, სს „ბ.ქ-უს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 7 მაისის განჩინებით ღ.გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ღ.გ-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ღ.გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით ღ.გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ღ.გ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილი ბუნდოვანია და არ მოიცავს სააპელაციო პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინების თაობაზე წარდგენილ კერძო საჩივარში გადმოცემული მხარის ყველა მოსაზრების განხილვას, კერძოდ:
ა) სასამართლოს არ უმსჯელია ღ.გ-ის მითითებაზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანას მოსამაზადებელ სხდომაზე;
ბ) სს „ბ.ქ-უს“ მიერ სარჩელის შემცირების თაობაზე 2009 წლის 21 მაისს წარდგენილ განცხადებაზე, რომელიც თავდაპირველად წარდგენილი სარჩელის საფუძვლის შეცვლას წარმოადგენდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, საქმის წინასწარი განხილვის მომზადების შემდგომაა განხორციელებული.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვს იმის განმარტებას, შეიძლება თუ არა ზემოაღნიშნული უხეში პროცესუალური დარღვევებით გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ღ.გ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შემოღებით, კანონმდებელმა ნათლად და არაორაზროვნად დაადგინა გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის არსი, მისი მიზანი და ის წინაპირობები, თუ რა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
დასახელებული ნორმის ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, მიუთითებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვაზე განსჯად სასამართლოს. ნორმის დანაწესით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია იმ სასამართლოს, რომელმაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო (რომელი გადაწყვეტილებაც ექვემდებარება აღსრულებას) და არა იმას, რომელმაც გაიზიარა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილის ბუნდოვანებაზე და ამ გზით მოითხოვს განუმარტოს სასამართლომ შეიძლება თუ არა აღსრულდეს გადაწყვეტილება, რომელიც, მხარის მოსაზრებით, უხეში პროცესუალური დარღვევებითაა გამოტანილი.
ვინაიდან წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს განმცხადებელს, რომ გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვაზე უფლებამოსილს სწორედ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო - თბილისის სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს.
საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის უფლება კანონმდებელმა მიანიჭა მხოლოდ მხარეებსა და აღმასრულებელს, რაც ნორმის ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარეობს - გადაწყვეტილების განმარტების მიზანი მისი აღსრულების ხელშეწყობაა.
ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ღ.გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული, ხოლო მისი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს გარემოებებიც გამორიცხავს გადაწყვეტილების თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ რაიმე განმარტების გაკეთების შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილითვეა რეგლამენტირებული გადაწყვეტილების განმარტების წესი და განმარტების ობიექტი, კერძოდ, ნორმით დადგენილია, რომ განმარტებას ექვემდებარება გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულებაუნარიანი, სამართლებრივი მართლწესრიგის დამდგენი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და არ შეიცავს ცხად და არაორაზროვან პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე, აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ გადაწყვეტილების არასწორი აღსრულებით არ დაირღვეს მხარეთა უფლებები.
საყურადღებოა, რომ განმცხადებელი მოთხოვნას ასაბუთებს ორი საფუძვლით. ღ.გ-ის განმარტებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით არ უმსჯელია კერძო საჩივარში მითითებულ ორ გარემოებაზე: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოტანილია მოსამზადებელ სხდომაზე; ბ) სარჩელის შემცირების თაობაზე 2009 წლის 21 მაისს სს „ბ.ქ-უს“ მიერ წარდგენილი განცხადებით თავდაპირველად წარდგენილი სარჩელის საფუძველი შეიცვალა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, ეს საპროცესო მოქმედება საქმის წინასწარი განხილვის მომზადების დასრულების შემდგომაა განხორციელებული.
როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლები და წინაპირობები ამომწურავადაა რეგლამენტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლში, რომელიც სასამართლოს მიერ ფაქტისა თუ მტკიცებულების გამოუკვლევლობის მოტივით გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ამასთანავე, პალატა მიუთითებს ამავე კოდექსის 261-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ღ.გ-ის მიერ სადავოდ გამხდარი ზემოაღნიშნული გარემოებები დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის და არა ზოგადად გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოებები, ღ.გ-ის საჩივრებისა (სააპელაციო, საკასაციო) თუ განცხადებების ფარგლებში, შეფასებულია წინამდებარე საქმეზე როგორც სააპელაციო სასამართლოს, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით, სადაც ცხადად და გარკვევითაა მითითებული, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პროცესუალურ დარღვევათა თაობაზე წარდგენილი პრეტენზიებია, რომლებიც საქმის წარმოების განახლების წინაპირობას არ წარმოადგენდა (იხ. სუსგ Nას-1556-1459-2012, 4 თებერვალი, 2013 წელი, გვ. 12).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ღ.გ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ღ.გ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია