Facebook Twitter

საქმე №ა-824-ბ-3-2013 19 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ს.-შ-ის საკასაციო საჩივრის (თავისი შინაარსით განცხადების) განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრისა განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ნ. ს.-შ-ის სარჩელის გამო სს „თ-ის“ მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზრაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. ს.-შ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი, ხოლო განცხადება თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ. ს.-შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად, ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტისა და 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებებზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინება ნ. ს.-შ-ეს 2013 წლის 31 იანვარს გაეგზავნა და 2013 წლის 1 თებერვალს პირადად ჩაბარდა.

2013 წლის 1 მარტს ნ. ს.-შ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ის არ დაეთანხმა საკასაციო სასამართლოს განჩინებას, მოითხოვა 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად თვლის, რომ განმცხადებელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა განესაზღვროს საპროცესო ვადა შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებაზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე შეადგენს 50 ლარს.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარე შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით რომ მის საქმეში არსებობს წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, ამასთან არის უსახლკარო, უღარიბესი ავადმყოფი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის ავტორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდისაგან გათავისუფლების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლოს რა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, მას სასამართლოსათვის რთული ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მის მითითებას, შუალედურ გადაწყვეტილებაზე, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მხარეთა გათავისუფლებას სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ შემთხვევაში თუ გასაჩივრებულია წინასწარი (შუალედური) გადაწყეტილება. მოცემულ შემთხვევაში კი, განცხადებით სადავოდ გახდილია არა წინასწარი გადაწყვეტილება არამედ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გამომდინარე აქედან, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება ნ. ს.-შ-ის განცხადებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, პალატა თვლის, რომ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოსაგან ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც, სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც, დადგენილ იქნა, რომ ნ. ს.-შ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს სს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგს, რითაც ნ.ს.-შ-ეს მიადგა მატერიალური მორალური ზიანი. ნ. ს.-შ-ის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და ნ. ს.-შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს განცხადება მისი გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 47-ე, 424-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს.-შ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ნ. ს.-შ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ნ. ს.-შ-ეს დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

4. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ იქნას შემდეგი სახით: საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“ (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში), ხოლო ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას - მომსახურე ბანკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერის დედანი საგადახდო დავალების რეალურად შესრულების დასადასტურებლად.

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

6. განემარტოს განმცხადებელს, რომ თუ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება განცხადება აღარ მიიღება და განუხილველად დარჩება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე