საქმე № ა-4715-შ-90-2012 11 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს მოსამართლე ფაგან აჰმედოვი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ვ. ო. ფ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – გვარის შეცვლისა და ახალი დაბადების მოწმობის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ვ. ო. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ფ-ი ე. ვ. ო. დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერში გვარი „ფ-ი“ შეიცვლა „ფ-ით“ და ახალი დაბადების მოწმობის გაცემის მოვალეობა დაევალა ქ.ბაქოს ბინაგადის რაიონის სარეგისტრაციო განყოფილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 29 მაისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს მოსამართლე ფ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს მოსამართლე ფ. ა-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხიველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც შუამდგომლობას უგზავნის კომპეტენტურ სასამართლოს, გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.
მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც, კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.
დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება გამოტანილია ე. ვ. ო. ფ-ის სასარგებლოდ, შესაბამისად, იგი წარმოადგენს იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს მოსამართლე ფ. ა-მა და არა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულმა პირმა – ე.ვ. ო. ფ-მა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს მოსამართლე ფ. ა-ის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს №1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს მოსამართლე ფ. ა-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია