Facebook Twitter

საქმე №ა-817-შ-13-2013 25 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ.წ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ყაზახური ოლქის უსტ-კამენეგორსკის სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ყაზახეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ყაზახური ოლქის უსტ-კამენეგორსკის სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ას სარჩელი გ.წ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ... წლის ... იანვარს დაბადებულ გ.წ-ს ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ.მ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... აპრილს დაბადებული ე. წ-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით 2011 წლის 28 აპრილიდან შვილის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯები და დადგინდა, რომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.მ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო, კერძოდ, მან ცნო სარჩელი და მოითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა. თავად გადაწყვეტილებითა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 25 იანვარს, კანონიერ ძალაში შესვლიდან - 2012 წლის 25 იანვრიდან, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ირკვევა, რომ მოპასუხეს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ხოლო გადაწყვეტილება გ.წ-ს ჩაბარდა 2011 წლის 13 დეკემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ნ.მ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ.მ-ას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ყაზახური ოლქის უსტ-კამენეგორსკის სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ყაზახეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ყაზახური ოლქის უსტ-კამენეგორსკის სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ას სარჩელი გ.წ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ... წლის ... იანვარს დაბადებულ გ.წ-ს ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ.მ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... აპრილს დაბადებული ე. წ-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით 2011 წლის 28 აპრილიდან შვილის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლო ხარჯები და დადგინდა, რომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.მ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო, კერძოდ, მან ცნო სარჩელი და მოითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებითა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 25 იანვარს, კანონიერ ძალაში შესვლიდან - 2012 წლის 25 იანვრიდან, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

მოპასუხეს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ხოლო გადაწყვეტილება გ.წ-ს ჩაბარდა 2011 წლის 13 დეკემბერს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ყაზახური ოლქის უსტ-კამენეგორსკის სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გ.წ-ის ალიმენტის დაკისრების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ-ას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ყაზახური ოლქის უსტ-კამენეგორსკის სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთ-ყაზახური ოლქის უსტ-კამენეგორსკის სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ... წლის ... იანვარს დაბადებულ გ.წ-ს ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ.მ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... აპრილს დაბადებული ე. წ-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით 2011 წლის 28 აპრილიდან შვილის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

პ. ქათამაძე