Facebook Twitter

№ას-22-20-2013 7 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა.ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ი.ო-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 6 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართა ა. ი. ო-ის წარმომადგენელმა მ. მ-ამ და მოითხოვა ა.ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. განმცხადებლის განმარტებით, ა.ი.ო-ის ა.ა-ეს ხელწერილის მიხედვით უნდა გადაეხადა 30000 აშშ დოლარი. მოპასუხეს ხელწერილით გათვალისწინებული პირობა დღემდე არ შეუსრულებია, რის გამოც აპირებს სარჩელის აღძვრას ა.ა-ის მიმართ თანხის დაბრუნების მოთხოვნით. იმის გამო, რომ არსებობს საშიშროება იმისა, რომ ა.ა-ე გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რაც ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა სარცელის აღძვრამდე ა.ა-ის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით ა.ი.ო-ის წარმომადგენელ მ. მ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ა.ა-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ქუთაისი, გ ტ-ის ქ. მე-4 ჩიხის №6 (მიწის საკადასატრო კოდი №...), ქ. ქუთაისში ჩ-ის ქ. №37-ის მე-3 შესახვევის №2-ში (ფართი 57,96 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...), ქ. ქუთაისში ჩ-ის ქ. №37, მე-3 შესახვევის №2-ში (ფართი 92,81 კვ.მ საკადასტრო კოდი №...).

ა.ი.ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა-ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ ა.ა-ეს სესხის სახით გადასცა 30000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება 2008 წლის 22 სექტემბრის ხელწერილით. მოპასუხემ ივალდებულა ნასესხები თანხის გადახდა გრაფიკით. აღნიშნული გრაფიკის მიხედვით მან გადაიხადა 3500 აშშ დოლარი, რაც აღნიშნულია სესხის ხელწერილზე და დადასტურებულია ხელმოწერით. ა.ა-ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2009 წლის 1 დეკემბრამდე, რაც არ განხორციელებულა.

მოპასუხე ა.ა-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ამასთან, შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 2008 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: სესხის ხელწერილი დაწერილი იყო იმ მიზნით, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყოლოდა. ა.ა-ეს მოსარჩელესთან ჰქონდა მეგობრული დამოკიდებულება და იგი ამავდროულად იყო მისი ბიზნესპარტნიორი. ა.ო-მა მას სთხოვა, დაეწერა სესხის აღების ხელწერილი, ვინაიდან, მოსარჩელეს ჰქონდა თურქეთის რესპუბლიკაში ვალი, ის თავის კრედიტორებს აჩვენებდა მსგავსი შინაარსის ხელწერილს და ცოტა ხნით შეაჩერებდა მათ მოთხოვნებს. ა.ო-ს ხელწერილში მითითებული თანხა ა.ა-ის არასდროს გადაუცია, რის გამოც, მოპასუხეს არ გააჩნია თანხის დაბრუნების ვალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ი. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა.ა-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26500 დოლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი. ო-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. ი. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ი.ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქარტველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ა.ი.ო-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 17 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასმართლოში დავის განხილვისას ა.ა-ემ განცხადებით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და მისი კუთვნილი 1613 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ-ის ყადაღისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დაყადაღებული, მის საკუთრებაში ასრებული უძრავი ქონების საერთო საბაზრო ღირებულებაა დაახლოებით 200000 აშშ დოლარი, ხოლოს დავის საგანს წარმოადგენს 30000 აშშ დოლარი. დღეისთვის ფირმა „ა.ჯ-ს“, რომლის 100%-ის წილის მფლობელიც თავად გახლავთ, აქვს საბანკო დავალიანება 100000 აშშ დოლარი. იმის გამო, რომ ვერ ახესრხებს საკუთარი ქონების რეალიზაციით ბანკის დავალიანების დაფარვას, იძულებულია კვლავ აიღოს სესხი. ამაჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს საფინანსო ორგანიზაცია „სოლო კრედიტთან“, რომელიც ეწევა სალომბარდო საქმიანობას და თანახმაა მას მისცეს სესხი, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან, არაუმცირეს 500 კვ.მ მიწის ფართობის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა.ა-ის შუამდგომლობა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა ა.ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არანაირად არ ილახება მოსარჩელის ინტერესი. აუდიტის დასკვნა არის ის მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის დროს არ წარმოუდგენია, რითაც მისი საკუთრების უფლება იმთავითვე შეიზღუდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ა.ა-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ა.ა-ის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მოსარჩელის ინტერესებს ემსახურება და ადგენს მყარ გარანტიას იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხი დასაშვებია საქმის განხილვის ყველა სატადიაზე. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.

კანონმდებელი ასეთ ცვლილებას დასაშვებად თვლის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე მხარის მოთხოვნით და მისი სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილი დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაა. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია არა იმიტომ, რომ გაჭიანურდეს საქმის განხილვა, არამედ, სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც საჭიროდ ჩათვლის.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მითითებული მუხლის საფუძველზე, მართებულად არ დააკმაყოფილა ა.ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ი.ო-ის წარმომდგენელ მ. მ-ას სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, ყადაღა დაედო ა.ა-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ქუთაისი, გ ტ-ს ქ. მე-4 ჩიხის №6 (მიწის საკადასატრო კოდი №...), ქ. ქუთაისში ჩ-ის ქ. №37-ის მე-3 შესახვევის №2-ში (ფართი 57,96 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...), ქ. ქუთაისში ჩ-ის ქ. №37, მე-3 შესახვევის №2-ში (ფართი 92,81 კვ.მ საკადასტრო კოდი №...), დაკმაყოფილდა და ა.ა-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 500 აშშ დოალრი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ფიზიკური პირის – ა.ა-ის თანხის დაკისრება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ ა-ის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლა მიმართულია უზრუნველყოფილი ქონებიდან საგნის ამორიცხვისკენ, რათა ამ ქონებით შეასრულოს შპს „ა. ჯ-ის“ ფინანსური ვალდებულებები, რომლის დირექტორია გ. ა-ე, ხოლო 100% წილის მქონე პარტნიორი ა.ა-ე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ემსახურება არა ფიზიკური პირის - ა.ა-ის, არამედ შპს „ა. ჯ-ის“ უფლებების დაცვას საკრედიტო ურთიერთობაში, რაც ეწინააღმდეგება სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სამართლებრივ მიზანსა და დანიშნულებას. შესაბამისად, საჩივრის ავტორის მითითება მასზე, რომ თავისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებით არ ილახება მოსარჩელის ინტერესი დაუსაბუთებელია. ამასტან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ი.ო-ის სარჩელის ა.ა-ის თანხის დაკისრების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინებით შევიდა კანონიერ ძალაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ა-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა.ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე