Facebook Twitter

№ას-1092-1023-2012 4 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ-ა, ც. ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სესხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ჩ-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. ა. ჩ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26150 აშშ დოლარის, ხოლო, 2012 წლის 17 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3 აშშ დოლარის გადახდა;

2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა. ჩ-ას სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ა-ის ქ.№8-ში მდებარე ბინა №18.

3. ს. გ-ის სარჩელი მოპასუხისათვის 91850 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა. ჩ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26150 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 17 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა. ჩ-ას სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ა-ის ქ.№8-ში მდებარე ბინა №18; ს. გ-ის სარჩელი მოპასუხისთვის 91850 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. გ-მა და ა. ჩ-ამ;

2012 წლის 25 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ჩ-ამ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე მითითებით, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის გამოხმობა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება ა. ჩ-ას არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა პირგასამტეხლოს და სარგებლის შემცირების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირობებში, მოვალეს, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაცილებული დროისათვის უნდა დაკისრებოდა შეთანხმებული პროცენტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმის მიხედვით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ძირითადი თანხის ვადაში დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია, რომელიც მხარეთა ინიციატივაზეა დამოკიდებული. ამასთან, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოვალისათვის დაკისრებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდა წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას. მინიმალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად კი საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებელის ანაზღაურების საფუძვლად ვერ იქნებოდა მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდას მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას უკავშირებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პროცენტი გათვალისწინებული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც 2009 წლის 17 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით და ამასთან, არ არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, სარგებლის სახით 35000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და ა. ჩ-ას უნდა დაკისრებოდა მხოლოდ სამი თვის სარგებლის ანაზღაურება.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან, ფაქტობრივად მოთხოვნილი იყო პირგასამტეხლო, რომლის წლიური ოდენობა შეადგენდა 109.5%-ს, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო და მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად გამოყენების მცდელობაზე მიუთითებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა გონივრულ ოდენობამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ მოპასუხე ა. ჩ-ამ ხელშეკრულებით ნაკისრი და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გაასხვისა ც. ლ-ზე. სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა იშუამდგომლა ც. ლ-ას მოპასუხის სახით საქმეში ჩაბმის შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ც. ლ-ას გაეგზავნა სასამართლო შეტყობინება საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადდა. გასაჩივრებული განჩინებით არ ირკვევა, თუ რა სტატუსით ჩააბა სასამართლომ ც. ლ-ა საქმეში.

უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებლის ანაზღაურების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რომელიც ფულადი თანხის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდას მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას უკავშირებს და, რომ, მხარეთა შეთანხმებით ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პროცენტი არ ყოფილა გათვალისწინებული. საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის დაბრუნების სამთვიანი ვადა და არა ხელშეკრულების სამთვიანი ვადა. ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლს, სადაც ჩამოთვლილია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. არასწორია სასამართლოს მტკიცება, რომ თითქოს 403-ე მუხლი ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდას უკავშირებს მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას. კანონის დასახელებული ნორმა არ შეიცავს მითითებას მოვალის მიერ ვადის გადაცილებისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ პროცენტზე. მასში აღნიშნულია, რომ მოვალე ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი და არა ვადის გადაცილებისათვის მხარეთა მიერ განსაზღვრული პროცენტი;

მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს არა დაუსაბუთებლად, არამედ დასაბუთებულად და სხვისთვის ზიანის მიუყენებლად;

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 420-ე და 115-ე მუხლები. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელსაც საქმესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-1701-1685-2011).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე