Facebook Twitter

№ა-4343-ა-21-2012 27 ნოემბერი, 2012წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – ე. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ. ო. ა. ჯ-ი“

გამცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩჲნების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ე. დ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად კერძო საჩივრის შეტანის ვადის ვადის გასვლის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 19 ნოემბერს ე. დ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მიუთითა, რომ კერძო საჩივრის შეტანის ბოლო დღე იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, რომელიც იყო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღე. შესაბამისად, კერძო საჩივარი შეიტანა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2012 წლის 2 ოქტომბერს. ე. დ-მა მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების გაუქმება და მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ე. დ-მა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2012 წლის 2 ოქტომბერს. კერძო საჩივრის შეტანის ბოლო დღე იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე იყო უქმე დღე. შესაბამისად საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს განცხადების ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოშჲ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 423.1 მუხლების მიხედვით, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმეზე წარმოება განახლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ილ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. დ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე