საქმე №ას-1686-1580-2012 25 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „თ.ლ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ც-ო“, შ. დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ლიზინგისა და ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ.ლ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ც-სა“ და შ. დ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს „ც-ის“ სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ 2009 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე დარჩენილი ძირითადი დავალიანების - 155368.93 ლარის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - 33,248.46 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - 25,541.88 ლარის, დაკისრება, ხოლო შ. დ-ის შპს „ც-ან“ ერთად ძირითადი დავალიანების - 155368.93 ლარისა და პირგასამტეხლოს - 33248.46 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე შპს „ც-ის“ მოძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საგნის - მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორი ერთეული მოძრავი ტექნიკის დაბრუნების დავალდებულება, 2010 წლის 31 დეკემბერს შპს „ც-სა“ და სს „თ.ლ-ს“ შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - 12153.22 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2006 წლის 25 აპრილს სს „თ.ლ-სა“ (ლიზინგის გამცემი) და შპს „ც-ოს“ (ლიზინგის მიმღები) შორის გაფორმდა #88-202 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ლიზინგის მიმღებმა ლიზინგით მიიღო 1 ერთეული მოძრავი ტექნიკა (ბეტონშემრევი). 2006 წლის 5 მაისს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა #88-205 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ლიზინგის მიმღებმა ლიზინგით მიიღო სტაციონალური ბეტონის ტუმბო. 2006 წლის 2 ნოემბერს სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის გაფორმდა კიდევ ერთი #88-277 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ც-ომ“ ლიზინგით მიიღო 1 ერთეული მოძრავი ტექნიკა (ბეტონმიქსერი). 2009 წლის 1 ოქტომბერს, სალიზინგო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით, აღნიშნულ მხარეებს შორის გაფორმდა „2006 წლის 2 ნოემბრის #88-277 ლიზინგის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლითაც გაერთიანდა ადრე გაფორმებული #88-202, #88-205 და #88-277 ხელშეკრულებები და დაემატა კიდევ რამდენიმე ახალი საგანი. მთლიანობაში შპს „ც-ომ“ ლიზინგის გამცემისაგან მიიღო 5 ერთეული მოძრავი საგანი. ლიზინგის მთლიანმა ფასმა შეადგინა 753722.86 აშშ დოლარი. 2006 წლის 25 აპრილს, 5 მაისს, 2 ნოემბერსა და 2009 წლის 1 ოქტომბერს შ. დ-მა გააფორმა თავდების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მან შპს „ც-ან“ ერთად სოლიდარულად იკისრა სს „თ.ლ-ის“ წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება. შპს „ც-ომ“ მხოლოდ 3 ერთეული ტექნიკა დააბრუნა, ხოლო 2 ერთეული ტექნიკა კვლავ მის მფლობელობაშია. 2010 წლის 31 დეკემბერს სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი და მოძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ლიზინგის მიმღების მფლობელობაში დარჩენილი ორი ერთეული ლიზინგის საგნის მისთვის ქირავნობის ხელშეკრულებით გადაცემას, თუმცა შპს „ც-ოს“არც ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე დარჩენილი დავალიანება და არც მოძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის თანხა არ გადაუხდია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
2009 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულება ბათილია. არ შეიძლება შპს „ც-ო“ ერთდროულად იყოს ლიზინგის საგნის გამყიდველიცა და ლიზინგის საგნის მიმღებიც. დავალიანება მოპასუხეს არ წარმოშობია, ვინაიდან სს „თ.ლ-ის“ მიერვე შედგენილი გაანგარიშების (გადახდის ცხრილის) თანახმად, ლიზინგის პირველი სამი საგნის მთლიანი ფასი და ამ საგნებზე არსებული მთლიანი დავალიანება, მოპასუხემ სრულად დაფარა, მოსარჩელისათვის მიყიდული „მერსედესის“ ორი ავტომანქანების ღირებულების (142.100 აშშ დოლარი) ანგარისწორებაში ჩათვლით. ამ გადახდით 22263,54 აშშ დოლარის ოდენობით მეტობაც კი წარმოიშვა რომელიც უნდა ჩათვლილიყო „მერსედესის“ მარკის ტექნიკის ქირის გადასახადში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ.ლ-ის“ სარჩელი შპს „ც-სა“ და შ. დ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: შპს „ც-სა“ და შ. დ-ს, სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრათ 2009 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე დარჩენილი ძირითადი დავალიანების - 155368.93 ლარის, პირგასამტეხლოს - 3324,8 ლარის სოლიდარულად გადახდა, ასევე დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის - 25541.88 ლარის გადახდა, შპს „ც-ოს“ დაევალა სს „თ.ლ-ის“ საკუთრებაში არსებული ორი ერთეული მოძრავი ტექნიკის, მესაკუთრისათვის დაბრუნება, შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ქირის დავალიანების - 10064,51 ლარისა და პირგასამტეხლოს - 208,8 ლარის, სულ - 10273,31 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ც-ომ“ და შ. დ-მა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ც-სა“ და შ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „თ.ლ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13905 ლარის გადახდა, შპს „ც-ოს“ დაევალა „მერსედესის“ მარკის ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების (სარეგისტრაციო ნომრები: ...) სს „თ.ლ-ის“ დაბრუნება, შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლო ხარჯების ნაწილის – 548.60 (ხუთას ორმოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება, სს „თ.ლ-ს“ შპს „ც-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 6504.40 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის 2006 წლის 25 აპრილს გაფორმდა N88-202 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ც-ომ“ ლიზინგით მიიღო ბეტონშემრევი ავტომანქანა „MAN“ (გამოშვების თარიღი - 1991 წელი, გამყიდველი - „თეგეტა მოტორსი“), ლიზინგის მთლიანი ფასი დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 94962.44 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 48 თვით, გადახდის დაწყების დრო - 2006 წლის 25 ივნისით, გადახდის დასრულების ვადა - 2010 წლის 25 აპრილით, ვალდებულების უზრუნველყოფის თანხა - 12000 აშშ დოლარით, ვალდებულების უზრუნველყოფის დაბრუნების თარიღი - 2006 წლის 25 ივნისით. სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის 2006 წლის 5 მაისს გაფორმდა N88-205 ლიზინგის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ც-ომ“ ლიზინგით მიიღო სტაციონალური ბეტონის ტუმბო (გამყიდველი - „თეგეტა მოტორსი“), ლიზინგის მთლიანი ფასი - 292948,68 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 48 თვე, გადახდის დაწყების დრო - 2006 წლის 25 ივლისი, გადახდის დასრულების ვადა - 2010 წლის 25 მაისი, ვალდებულების უზრუნველყოფის თანხა - 55000 აშშ დოლარი, ვალდებულების უზრუნველყოფის დაბრუნების თარიღი - 2006 წლის 25 ივლისი. სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის 2006 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა N88-277 ლიზინგის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ც-ომ“ ლიზინგით მიიღო ავტომანქანა ბეტონ მიქსერი „DAF“ (გამოშვების წელი - 1997, გამყიდველი - „ბარ მაინტენანცე ლტდ“), ლიზინგის მთლიანი ფასი განისაზღვრა 114920,44 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 48 თვით, გადახდის დაწყების დრო - 2006 წლის 25 დეკემბრით, გადახდის დასრულების ვადა - 2010 წლის 25 ოქტომბრით, ვალდებულების უზრუნველყოფის თანხა - 13000 აშშ დოლარით, ვალდებულების უზრუნველყოფის დაბრუნების თარიღი 2007 წლის 25 იანვრით. სამივე ხელშეკრულების 4.13 პუნქტების თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების ვადის ბოლოს, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ლიზინგის მთლიანი ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში, ლიზინგის საგანი გადადის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში დამატებითი საზღაურის გადახდის გარეშე. საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ან სხვა ტიპის გადასახადების არსებობის შემთხვევაში ასეთი ხარჯების გაწევას ახორციელებს ლიზინგის მიმღები“. სასამართლოს მითითებით, სამივე ხელშეკრულებაში ასევე იდენტურია 4.14 პუნქტებიც, რომელთა თანახმად, „ლიზინგის მიმღებს შეუძლია ვადაზე ადრე გამოისყიდოს ლიზინგის საგანი. დანართი N2-ში მოცემულია ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში დარჩენილი ლიზინგის საზღაურის დისკონტირებული მოცულობა, კონკრეტულ თარიღში გრაფიკით გათვალისწინებული ლიზინგის საზღაურის გადახდის შემდეგ. ლიზინგის საზღაურის ვადაზე ადრე ნაწილობრივ შემცირების შემთხვევაში, ლიზინგის მთლიანი ფასი არ იცვლება. დაუშვებელია დანართ N1-ში მოცემული ლიზინგის საგნის ნაწილის გამოსყიდვა“. თითოეული ლიზინგის ხელშეკრულების 6.4.3 პუნქტი ითვალისწინებდა ლიზინგის მიმღების უფლებამოსილებას ლიზინგის საგნის ვადამდე გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებების 4.21 პუნქტების თანახმად, 3.14 პუნქტში მითითებულია თარიღი, როდესაც უზრუნველყოფის თანხა უბრუნდება ლიზინგის მიმღებს დარიცხულ სარგებელთან ერთად, ან იქვითება ლიზინგის მიმღების მიერ გადასახდელ საზღაურში. ხელშეკრულების 6.4.4 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია, ვალდებულების უზრუნველყოფის განთავსების ვადის ბოლოს მოითხოვოს უზრუნველყოფის თანხის დაბრუნება მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად, ამ პერიოდისათვის ლიზინგის გამცემის მიმართ ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეებს შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სრულ ამოწურვამდე. ლიზინგის სამივე ხელშეკრულებას თარ ერთვოდა ორი დანართი – ლიზინგის საგნის სპეციფიკაცია და ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი, რომლის ერთი გრაფაც ეთმობოდა ლიზინგის საგნის ვადამდე გამოსყიდვის შემთხვევაში დარჩენილი საზღაურის კომპონენტს (დისკონტირებული ფასი). საქმეში წარმოდგენილ გადახდების ცხრილზე დაყრდნობით პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის დასაწყისიდან შპს „ც-ო“ ვეღარ იხდიდა ლიზინგის საზღაურებს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე დართული გრაფიკების მიხედვით, რის გამოც 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამურმა დავალიანებამ სს „თ.ლ-ის“ მიმართ შეადგინა 80073.70 ლარი, რაც იმ პერიოდისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით იყო (80073,70:1.67) 47948,32 აშშ დოლარი, ამასთან, 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის შპს „ც-ოს“ დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების ოდენობამ N88-202 ლიზინგის ხელშეკრულებაზე თანდართული ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკის მიხედვით, შეადგინა 11069,80 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი საზღაური ვადამდე გამოსყიდვის შემთხვევაში დისკონტირებით 2009 წლის 25 ოქტომბრიდან შეადგენდა 9405,35 აშშ დოლარს. ამავე პერიოდისათვის, N88-205 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ც-ოს“ დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა იყო 38706,48 აშშ დოლარი. დარჩენილი საზღაური ვადამდე გამოსყიდვის შემთხვევაში დისკონტირებით 2009 წლის 25 ოქტომბრიდან - 33 303,39 აშშ დოლარი. N88-277 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმავე ვალდებულების ოდენობამ შეადგინა 28168,66 აშშ დოლარი. დარჩენილი ლიზინგის საზღაური ვადამდე გამოსყიდვის შემთხვევაში დისკონტირებით 2009 წლის 25 ოქტომბრიდან შეადგენდა 22888,11 აშშ დოლარს. პალატის მითითებით, ეს მონაცემები დამყარებული იყო სააპელაციო საჩივარში მოცემულ ზემოთ აღნიშნულ გაანგარიშებებზე, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და ეს მონაცემები სრულ შესაბამისობაში იყო სამივე ხელშეკრულებაზე დართულ ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკებთან. ზემოაღნიშნული სამივე ხელშეკრულების მიხედვით, 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის სს „თ.ლ-ის“ მიმართ შპს „ც-ოს“ დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულებების მთლიანმა ოდენობამ ლიზინგის საზღაურის გადახდის სამივე ხელშეკრულების გრაფიკების მიხედვით შეადგინა: 11069,80+38706,48+28168,66=77944,94 აშშ დოლარი (დისკონტირების გარეშე). ამასთან, ამავე პერიოდისათვის (2009 წლის 1 ოქტომბერი) დავალიანების ჯამური ოდენობა სამივე ხელშეკრულებაზე იყო 47948,32 აშშ დოლარი, შესაბამისად, ლიზინგის სამივე საგანზე ამ პერიოდისათვის არსებული საერთო დავალიანება და ასევე სამივე საგანზე ხელშეკრულებების ვადების ამოწურვამდე დარჩენილი ჯამური გადასახდელები (ლიზინგის საზღაურები) ერთად აღებული შეადგენდა 47948,32+77944,94 =125 893,26 აშშ დოლარს, ეს იყო ის თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებების ზემოთ მოყვანილი პუნქტების საფუძველზე, შპს „ც-ო“ გახდებოდა ლიზინგის სამი საგნის მესაკუთრე. 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის, მიუხედავად არსებული დავალიანებისა, სს „თ.ლ-ს“ არ გამოუყენებია ხელშეკრულებებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაუწყია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობითა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები ამ ხელშეკრულებების მოსაშლელად. სწორედ 2009 წლის 1 ოქტომბერს სს „თ.ლ-სა“ (მყიდველი) და შპს „ც-ოს“ (გამყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N277-02. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ც-ომ“ სს „თ.ლ-ს“ დღგ-ს ჩათვლით, 142100 აშშ დოლარად მიჰყიდა მისი კუთვნილი, „მერსედესის“ მარკის ორი ბეტონმრევი: 1. MERSEDES-BENZ ACTROS 3236 ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №..., სარეგისტრაციო №FNF285 და 2. MERSEDES-BENZ ACTROS 3236 საიდენტიფიკაციო №... სარეგისტრაციო №FNF286 (ტომი 1; ს.ფ. 185-188). ნასყიდობის მითითებული ფასი – 142 100 აშშ დოლარი სრულად ფარავდა N88-202, N88-205 და N88-277 ლიზინგის სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ც-ოს“ როგორც არსებულ დავალიანებას, ისე სამომავლოდ შესასრულებელ ფულად ვალდებულებებს სს „თ.ლ-ის“ მიმართ და ზედმეტი რჩებოდა შპს „ც-ოს“ სასარგებლოდ 16206,74 აშშ დოლარი (142100-125893,26=16206,74 აშშ დოლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სამივე ლიზინგის საგანი – ბეტონშემრევი ავტომანქანა „MAN“, სტაციონალური ბეტონის ტუმბო, ავტომანქანა ბეტონ მიქსერი „DAF“ უნდა გადასულიყო შპს „ც-ოს“ საკუთრებაში, თუმცა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ერთმნიშვნელოვნად აღიარებული ამ უფლების რეალიზება შპს „ც-ომ“ ვერ განახორციელა „2006 წლის 2 ნოემბრის N88-277 ლიზინგის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2009 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების გამო. მიუხედავად ამ ხელშეკრულების სახელწოდებისა და პირველ პუნქტში პირდაპირი მითითებისა, რომ მისი „საგანია ცვლილებებისა და დამატების შეტანა ამავე მხარეებს შორის 2006 წლის 2 ნოემბერს დადებული N88-277 ლიზინგის ხელშეკრულებაში“, მოსარჩელემ ამ ხელშეკრულებას მიანიჭა მხარეთა შორის მანამდე გაფორმებული სამივე ლიზინგის ხელშეკრულების „გამაერთიანებელი“ სტატუსი, რომლის მიზანიც, ასევე, მოსარჩელის მითითებით, იყო არსებული სალიზინგო დავალიანების რესტრუქტურიზაცია. ამ ხელშეკრულებაზე დართული დანართების მიხედვით, მან მოიცვა როგორც შპს „ც-ოს“ მიერ, ფაქტიურად, უკვე გამოსყიდული ლიზინგის ზემოთ დასახელებული სამი საგანი, ასევე 2009 წლის 1 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „ც-ოს“ მიერ სს „თ.ლ-ზე“ გასხვისებული მერსედესის მარკის ორი ბეტონმრევი, ამასთან, გაიწერა ახალი ე.წ გაერთიანებული ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი, რომლითაც ლიზინგის ხუთივე საგანზე (მათ შორის უკვე გამოსყიდულ სამ საგანზეც) ლიზინგის საზღაურის გადახდის დასრულებისა და, ამდენად, მათი შპს „ც-ოს“ საკუთრებაში გადასვლის ვადამ გადაიწია 2011 წლის 23 სექტემბრამდე. სასამართლოს შეფასებით, საკმაოდ ბუნდოვანი და არასრულყოფილი ე.წ „გამაერთიანებელი“ ლიზინგის ხელშეკრულების 12.14 პუნქტი, რომლიც შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „ვინაიდან წინამდებარე ხელშეკრულების 3.12 პუნქტის თანახმად, შპს „ც-ომ“ უნდა გადაუხადოს სს „თ.ლ-ს“ დამატებითი თანამონაწილეობის თანხა 120424 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2009 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული N277-02 ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, სს „თ.ლ-მა“ უნდა გადაუხადოს შპს „ც-ოს“ ნასყიდობის თანხა 120424 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე, შესაბამისად, ვალდებულების უზრუნველყოფის თანხა გაიქვითოს ნასყიდობის თანხიდან“. სს „თ.ლ-მა“ ნასყიდობის საფასური მიმართა არა შპს „ც-ან“ 2006 წელს გაფორმებული ლიზინგის სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ც-ოს“ ვალდებულებების დასაფარავად (რაც ამ უკანასკნელს საშუალებას მისცემდა უკვე 2009 წლის 1 ოქტომბერს გამხდარიყო ლიზინგის სამი საგნის მესაკუთრე), არამედ ეს საფასური წარიმართა 2009 წლის 1 ოქტომბრის „გამაერთიანებელი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ლიზინგის მიმღების ვალდებულების უზრუნველყოფაში. ამ გარემოებებზე მითითებით შპს „ც-ო“ მიიჩნევდა, რომ 2009 წლის 1 ოქტომბრის „გამაერთიანებელი“ ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა კანონს, იყო მისი უფლებების უპირობოდ შემლახავი, ბათილი გარიგება, რომელსაც არ უნდა მოჰყოლოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი. 2006 წლის 25 აპრილს, 5 მაისს, 2 ნოემბერს და 2009 წლის 1 ოქტომბერს შ. დ-სა და სს „თ.ლ-ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც შ. დ-მა შპს „ც-ან“ ერთად სოლიდარულად იკისრა სს „თ.ლ-ის“ წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება. საქმეში არსებული გადახდების ცხრილის მიხედვით, შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ 2009 წლის ოქტომბრიდან სალიზინგო ურთიერთობების ფარგლებში გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 1345 ლარი. 2010 წლის 28 მაისს შპს „ც-ოს“ დირექტორ შ. დ-ს გაეგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, სს „თ.ლ-მა“ გააფრთხილა ლიზინგის მიმღები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგების თაობაზე. 2010 წლის 22 ივლისს შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ მიერ ეცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს მოსთხოვა ლიზინგის საგნების უკან დაბრუნება. შპს „ც-ომ“ სს „თ.ლ-ს“ დაუბრუნა სამი ერთეული ტექნიკა: 1. ავტომანქანა „MAN“, 2. ბეტონის ტუმბო და 3. ბეტონ მიქსერი „DAF“, ხოლო, დანარჩენი ორი ერთეული ტექნიკა, კერძოდ: 1. MERSEDES-BENZ ACTROS 3236 ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №... და 2. MERSEDES-BENZ ACTROS 3236 საიდენტიფიკაციო №..., დარჩა შპს „ც-ოს“ მფლობელობაში. დაბრუნებული ლიზინგის სამი საგანი რეალიზებულ იქნა სს „თ.ლ-ის“ მიერ შესაბამისად, ავტომანქანა „MAN“– 23100 ლარად, ბეტონის ტუმბო – 80000 ლარად, ხოლო ბეტონ მიქსერი „DAF“ 26000 ლარად. 2010 წლის 31 დეკემბერს შპს „ც-სა“ და სს „თ.ლ-ს“ შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, „გამქირავებელმა სარგებლობაში გადასცა, ხოლო დამქირავებელმა სარგებლობაში მიიღო (იქირავა) მოძრავი ქონება, ორი ერთეული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალება: 1. MERSEDES-BENZ ACTROS 3236 ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №... და 2. MERSEDES-BENZ ACTROS 3236 საიდენტიფიკაციო №.... ამავე ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, „მე-2 მუხლში აღნიშნული ქონებით სარგებლობისათვის, დამქირავებელი უხდის გამქირავებელს ქირას თვეში 2000 ლარს დღგ-ს ჩათვლით“. 6.2 მუხლის თანახმად, „ქირის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებული იქნება გადაუხადოს გამქირავებელს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“. სს „თ.ლ-ის“ ცხრილის მიხედვით, სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული მოძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ც-ოს“ დავალიანება სს „თ.ლ-ის“ მიმართ სარჩელის აღძვრის დროისათვის შეადგენდა 12153,22 ლარს, აქედან, დარიცხული ქირა იყო 10064.51 (31.12.2010 – 31.05.2011) ლარი, დარიცხული ჯარიმა - 3088.71 (31.12.2010 – 31.05.2011) ლარი, გადახდილი ჯარიმა 1.000.00 (5.19.2011) ლარი. 2010 წლის 31 დეკემბერს შპს „ც-სა“ და სს „თ.ლ-ს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შპს „ც-სა“ და სს „თ.ლ-ს“ შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საგნების უპირატესი შესყიდვის უფლების დამქირავებლისათვის მინიჭება. მემორანდუმის 1.2.1 პუნქტის თანახმად „მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამქირავებელი არა უგვიანეს 2011 წლის 10 თებერვლისა განახორციელებდა 2006 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული N88-277 ლიზინგის ხელშეკრულების საგნების - სპეციალიზებული DAF FAD 95-430, სარეგისტრაციო ნომერი LAD367 და სტაციონალური ბეტონის ტუმბო, სარეგისტრაციო ნომერი ZB836 გამცემის მფლობელობაში დაბრუნებას“. 1.2.2 პუნქტის თანახმად, „2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების ვადის ბოლოს, დამქირავებლის მიერ ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების და წინამდებარე მემორანდუმის 1.2.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულების შემთხვევაში, დამქირავებელს მიენიჭება ქირავნობის საგნების უპირატესი შესყიდვის უფლება“. პალატამ მიუთითა სს „თ.ლ-ის“ სასარჩელო მოთხოვნაზე რომელთაგან პირველი ოთხი ეფუძნება 2009 წლის 1 ოქტომბრის „გაერთიანებულ“ სალიზინგო ხელშეკრულებას - „2006 წლის 2 ნოემბრის N88-277 ლიზინგის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რის გამოც მნიშვნელოვნად მიიჩნია 2009 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასება. მოდავე მხარეებს შორის 2009 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური 142100 აშშ დოლარი, N88-202, N88-205 და N88-277 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად რომ მიმართულიყო, შპს „ც-ოს“ მიერ სრულად იქნებოდა შესრულებული ეს ვალდებულებები და ზედმეტად გადახდილი დარჩებოდა შპს „ც-ოს“ სასარგებლოდ (142100-125893,26) 16206,74 აშშ დოლარი, თუმცა ეს საფასური წარიმართა 2009 წლის 1 ოქტომბრის „გამაერთიანებელი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის მიმღების ვალდებულების უზრუნველყოფაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდისათვის სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმადაც, ლიზინგის მიმართ გამოიყენებოდა ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ 576-579-ე მუხლებს. სადავო პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ისევე, როგორც „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა ლიზინგის მიმღების მიერ უზრუნველყოფის საშუალების წარდგენას. ეს საკითხი დარეგულირებული იყო სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას. 2009 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.12 მუხლის თანახმად, შპს „ც-ოს“ ვალდებულების უზრუნველყოფის თანხა განისაზღვრა 133424 აშშ დოლარით, რომელიც რამდენჯერმე აღემატება ზემოთ დასახელებული ნორმით იმპერატიულად განსაზღვრულ ოდენობას. გარდა ამ გარემოებისა, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შინაგანი რწმენით შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ სადავო სამართალურთიერთობებში არსებობდა ლიზინგის საგნების გამცემის მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად განხორციელება შედარებით „სუსტ“ მხარესთან – შპს „ც-ან“ მიმართებაში, რა დროსაც გამოყენებული იყო საწარმოს მძიმე მდგომარეობა და მისი დირექტორის, შ. დ-ის გამოუცდელობა (გულუბრყვილობა). აღნიშნული მოსაზრება პალატამ დაამყარა შემდეგს: 2009 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით მოდავე მხარეთა შორის 2006 წელს გაფორმებული ლიზინგის სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უკვე არსებული და შპს „ც-ოს“ მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა სს „თ.ლ-ის“ მიმართ შეადგენდა 125893,26 აშშ დოლარს, ეს იყო ის თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებების ზემოთ მოყვანილი პუნქტების საფუძველზე, შპს „ც-ო“ გახდებოდა ლიზინგის სამი საგნის მესაკუთრე. იმ პირობებში, როდესაც ლიზინგის საგნების გამცემს იმ დროისათვის დაწყებული არ ჰქონდა შესაბამისი პროცედურები ამ ხელშეკრულებების მოსაშლელად, იგი იმ დროს მოქმედი კანონმდებლობისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ვალდებული იყო, რომ მითითებული ოდენობით თანხის მიღების შემთხვევაში, ლიზინგის სამივე საგანზე საკუთრების უფლება გადაეცა შპს „ც-ის“. ლიზინგის სამივე ხელშეკრულება არა თუ ერთმნიშვნელოვნად განამტკიცებდა ლიზინგის მიმღების უფლებას, ვადამდე გამოესყიდა ლიზინგის საგანზე საკუთრების უფლება, არამედ ასეთი შემთხვევისათვის აწესებდა დისკონტირებულ (შემცირებულ) ფასებს. აღნიშნულის მიუხედავად, სს „თ.ლ-მა“ ისარგებლა შპს „ც-ოს“ მძიმე მდგომარეობით, მისი დირექტორის გამოუცდელობით (გულუბრყვილობით) მსგავსი ხასიათის სამართალურთიერთობებში და იგი დაითანხმა, ხელი მოეწერა 2009 წლის 1 ოქტომბრის ე.წ „გამაერთიანებელ“ ხელშეკრულებასა (რომლის მთლიანი შინაარსიც იმდენად ბუნდოვანი და არასრულყოფილია, რომ მისი სწორად აღქმა თვით სასამართლოსთვისაც სერიოზულ პრობლემად იქცა) და მის დანართებზე, რითაც შპს „ც-ოს“ წაერთვა უფლება, უკვე 2009 წლის 1 ოქტომბერს, სს „თ.ლ-ის“ მიყიდული საკმაოდ ძვირადღირებული მოძრავი ნივთების ნასყიდობის საფასურის სალიზინგო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ხარჯზე, გამხდარიყო ლიზინგის სამი საგნის მესაკუთრე და განეკარგა ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ. სს „თ.ლ-ი“ ზემოთ ხსენებული 2009 წლის 1 ოქტომბრის ე.წ „გაერთიანებული“ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას ხსნიდა შპს „ც-ოს“ არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და ამ უკანასკნელისაგან 2009 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაყიდი „მერსედესის“ მარკის ორი ბეტონმრევი ავტომანქანის შპს „ც-ოს“ სარგებლობაში დატოვების საჭიროებით. სააპელაციო პალატამ ეს არგუმენტები არადამაჯერებლად მიიჩნია, რადგანაც ორი ავტომანქანის ნასყიდობის საფასური არა მხოლოდ სრულად ფარავდა სამივე ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ც-ოს“ ყველა ვალდებულებას სს „თ.ლ-ის“ მიმართ, არამედ შპს „ც-ოს“ სახელზე ზედმეტად გადახდილი რჩებოდა კიდევ 16206,74 აშშ დოლარი. ნასყიდობის საგნების შპს „ც-ის“ სარგებლობაში დატოვების აუცილებლობასთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი შეიძლება მოგვარებულიყო მათზე ცალკე ლიზინგის ან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებით. მით უფრო, რომ 2010 წლის 31 დეკემბრიდან სწორედ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა შპს „ც-ო“ 2009 წლის 1 ოქტომბრამდე მის საკუთრებაში არსებულ ამ ავტომანქანებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო სამართალურთიერთობების ასეთი დარეგულირება ზუსტ შესაბამისობაში იქნებოდა სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებულ მხარეთა თანასწორობის, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების პრინციპებთან. სამოქალაქო სამართალურთიერთობების აღნიშნული ზოგადი პრინციპების დარღვევით დადებული 2009 წლის 1 ოქტომბრის ე.წ „გაერთიანებული“ ლიზინგის ხელშეკრულებით ამ ურთიერთობების ერთმა მხარემ („ძლიერი მხარე“) - ლიზინგის გამცემმა მიიღო უზარმაზარი ანაზღაურება, ხოლო მეორე მხარე („სუსტი მხარე“) - ლიზინგის მიმღები აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში. ლიზინგის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით, შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ გადახდილი ჰქონდა 966406.59 ლარი. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ შპს „ც-ოს“ დაბრუნებული ჰქონდა ლიზინგით მიღებული სამი ნივთი, რომელთა რეალიზაციით სს „თ.ლ-ს“ დამატებით მიღებული ჰქონდა ჯამური შემოსავალი 126000 ლარი, რასაც ემატებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ც-ის“, მხოლოდ ლიზინგის ურთიერთობებიდან გამომდინარე, დაკისრებული საერთო დავალიანება 184235.61 ლარი იმ პირობებში, როცა შპს „ც-ომ“ ვერ მიაღწია ლიზინგის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უმთავრეს მიზანს და ლიზინგის საგნებზე ვერ მოიპოვა საკუთრების უფლება, მან სადავო ურთიერთობებში საკუთრების უფლება დაკარგა „მერსედესის“ მარკის ორ სატვირთო ბეტონმრევზე, რომელთა მიახლოებითი ჯამური საბაზრო ღირებულება 142 100 აშშ დოლარი იყო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, 115-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ასევე მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით ჩათვალა, რომ 2009 წლის 1 ოქტომბრის ე.წ „გაერთიანებული“ ლიზინგის ხელშეკრულების დადებისას სს „თ.ლ-მა“ დაარღვია ამ ნორმებით განმტკიცებული სამოქალაქო სამართალურთიერთობის ზოგადი პრინციპები, შესაბამისად, საჯარო წესრიგი, რის გამოც ეს გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა.
იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წლის 1 ოქტომბრის გაერთიანებული ლიზინგის ხელშეკრულება ბათილ გარიგებას წარმოადგენდა, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სს „თ.ლ-ის“ მოთხოვნები მოპასუხე შპს „ც-ის“ 2009 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარჩენილი ძირითადი დავალიანების – 155368.93 ლარის, პირგასამტეხლოს - 33248.46 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 25541.88 ლარის სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე.
სასამართლოს შეფასებით, 2009 წლის 1 ოქტომბრის ე.წ „გაერთიანებული“ ლიზინგის ხელშეკრულების ბათილობის გამო, მხარეები დაბრუნდნენ 2006 წელს გაფორმებული ლიზინგის სამი ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობათა ფორმატში, ამასთან, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ მიმართ სრულად ჰქონდა შესრულებული და შპს „ც-ოს“ სახელზე ზედმეტად გადახდილი იყო 16206,74 აშშ დოლარი, რაც 26903.20 ლარს შეადგენდა. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა შ. დ-ის შპს „ც-ან“ ერთად სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების - 155368.93 ლარისა და პირგასამტეხლოს - 33248.46 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ძირითად მოვალეს – შპს „ც-ოს“ შესრულებული ჰქონდა ის ვალდებულებები, რაც ამ უკანასკნელთან ერთად სოლიდარულად იკისრა თავდებმა შ. დ-მა სს „თ.ლ-ის“ წინაშე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის გაფორმებული მოძრავი ნივთების ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისა, შპს „ც-ო“ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა სს „თ.ლ-ის“ საკუთრებაში არსებულ ორ ერთეულ მოძრავ ნივთს: 1. მარკა, მოდელი-MERCEDES-BENZ ACTROS 3236, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - .., სარეგისტრაციო №FNF285; 2. მარკა, მოდელი-MERCEDES-BENZ ACTROS 3236, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., სარეგისტრაციო №FNF286, რის გამოც არსებობს ამ ავტომანქანების მესაკუთრისათვის დაბრუნების საფუძველი.
პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 531-ე მუხლზე, 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს, სულ 12153.22 ლარის დაკისრების შესახებ. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ, 2009 წლის 1 ოქტომბრის ე.წ გაერთიანებული სალიზინგო ხელშეკრულების ბათილობის გამო, სახეზე იყო ისეთი ვითარება, რომ 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე (ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი), ანუ 15 თვის მანძილზე შპს „ც-ო“ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა სს „თ.ლ-ის“ საკუთრებაში არსებული ორი ავტომანქანით, რითაც შპს „ც-ო“ ამ პერიოდში უსაფუძვლოდ გამდიდრდა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილისა, გამდიდრების ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით სასამართლომ იხელმძღვანელა 2010 წლის 31 დეკემბერს შპს „ც-სა“ და სს „თ.ლ-ს“ შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით (მერსედესის ტიპის ორ მანქანაზე ყოველთვიურად განსაზღვრული ქირის ოდენობა – 2000 ლარი, რაც 15 თვეზე შეადგენს 30000 ლარს) და ჩათვალა, რომ ეს იყო ის თანხა, რომელიც ეკუთვნის სს „თ.ლ-ს“ შპს „ც-ან“ 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელის ორი ავტომანქანით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობისათვის. ამ თანხას უნდა დაემატოს 2010 წლის 31 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი შპს „ც-ოს“ ზემოთ მითითებული დავალიანება 12153.22 ლარი, მივიღებთ (30000+12153.22) 42153.22 ლარს. რომელსაც უნდა გამოაკლდეს შპს ,,ც-ოს’’ მიერ 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის სს ,,თ.ლ- ის’’ ზედმეტად გადახდილი თანხა 26 903.20 ლარი (42153,22-26903,20), რის შემდეგ მივიღებთ 15 250.02 ლარს. ამ თანხას უნდა გამოაკლდეს ს.ფ. 140-ზე წარმოდგენილი გადახდების ცხრილში სალიზინგო ურთიერთობათა ფარგლებში 2010 წლის აპრილში შპს „ც-ოს“ მიერ გადახდილი 1345 ლარი, რის შედეგად მიღებული თანხა (15250,02-1345) 13905 ლარი უნდა დაეკისროს შპს „ც-ოს“ სს „თ.ლ-ის“ სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.ლ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-7 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია კანონი, ასევე არასწორად განმარტა ლიზინგის ინსტიტუტი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმა გარიგების ბათილობის თაობაზე შეეხება არა კონკრეტული ურთიერთობის მონაწილეებს, არამედ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების ხელყოფას, მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ სს „თ.ლ-სა“ და შპს „ც-ოს“ შორის 2009 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ბათილად ცნო და ეს მოსაზრება დაამყარა შემდეგს: ხელშეკრულების დადებისას სს „თ.ლ-მა“ ისარგებლა შპს „ც-ოს“ მძიმე მდგომარეობითა და მისი დირექტორის გამოუცდელობით და აიძულა მხარე, გაეფორმებინა „გაერთიანებული“ ხელშეკრულება, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, ვინაიდან შპს „ც-ო“ იურიდიული პირია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს და შეუძლებელია ლიზინგის გამცემს მისი გულუბრყვილობით ესარგებლა, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის გამოყენების არც სხვა წინაპირობა - ნების თავისუფალი გამოვლენის დარღვევა არაა სახეზე, რაც ადასტურებს სასამართლოს მიერ ნორმის არასწორად გამოყენებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია სალიზინგო საქმიანობის არსი. ნორმის თანახმად, სალიზინგო კომპანია მოგების მიღებაზე ორიენტირებული სუბიექტია, შესაბამისად, მის მიზნებს, კანონიდან გამომდინარე, წარმოადგენს ლიზინგის საგნიდან მოგების მიღება, თუმცა მოგების მიღებამდე კომპანიამ უნდა აანაზღაუროს ფასი, რომელიც ლიზინგის საგნის შესაძენად გადაიხადა. სააპელაციო სასამართლომ ლიზინგის ურთიერთობის არასწორი განმარტებით ჩათვალა, რომ შპს „ც-ოს“ მიერ გადახდილი თანხები სს „თ.ლ-ის“ ანაზღაურებას წარმოადგენდა, სალიზინგო კომპანიამ უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერი გამოყენებით ლიზინგის მიმღებს ხელი მოაწერინა ბათილ გარიგებაზე, რითაც ლიზინგის მიმღები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეალურად კი, სალიზინგო ურთიერთობის დაწყებამდე შპს „ც-ოს“ მიერ წარდგენილი პროექტით ლიზინგის მიმღებმა განმარტა, რომ მისი წლიური მოგება საშუალოდ 197390 ლარი იქნებოდა. მთლიანი ხელშეკრულების პერიოდში კასატორს შპს „ც-ან“ მიღებული აქვს 898464 ლარის (დღგ-ს გარეშე), მათ შორის თანამონაწილეობის თანხა, გადახდილი სალიზინგო საზღაური და ლიზინგის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა. სს „თ.ლ-ს“ შპს „ც-ის“ გადაცემული აქვს 800844 ლარი. ამ ოდენობით მოზიდულ ინვესტიციაზე ლიზინგის გამცემს პროცენტის სახით 211000 ლარი აქვს გადახდილი, შესაბამისად, კომპანიამ არა თუ მოგება მიიღო, არამედ იზარალა კიდევაც, მაშინ, როდესაც შპს „ც-ომ“ სახელშეკრულებო პერიოდში ლიზინგის საგნებიდან, სავარაუდოდ, 1091644 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, მის მიერ კასატორისათვის გადახდილი თანხის გამოკლებით კი, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიღებული მოგების ოდენობა 193180 ლარს შეადგენს. აღნიშნული მეტყველებს, რომ ლიზინგის მიმღები სუსტი მხარე არ არის და საჯარო წესრიგის დამრღვევი ხელშეკრულება მხარეებს არ გაუფორმებიათ. საყურადღებოა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეებმა განსაზღვრეს მათთვის მისაღები ხელშეკრულების პირობები, 2009 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარდა, შპს „ც-ომ“ გადახდის განხორციელებით, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის ფარგლებში აღიარა ვალდებულება, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ორი ერთეული ტექნიკის მიყიდვით შპს „ც-ოს“ უკვე არსებული სამი სალიზინგო ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტა, რადგან ნასყიდობის თანხა დარჩენილ სალიზინგო საზღაურს ფარავდა, ხოლო დარჩენილი ორი საგნის თაობაზე, თუ ეს საჭირო იყო შპს „ც-ოს“ ყოველდღიურ საქმიანობაში, შესაძლებელი იყო ახალი სალიზინგო ან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება, აღნიშნული განმარტებით, სასამართლომ შეზღუდა მხარეთა ნების თავისუფლება და ზოგადად არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის ძირითადი პრინციპები. სასამართლომ ასევე დაარღვია წინასწარ განჭვრეტადობის პრინციპი და საქმის განხილვისას არ მიუთითა ხელშეკრულების ბათილობაზე, რაც კასატორს შესაძლებლობას მისცემდა, წარედგინა გაანგარიშება და ლიზინგის ხელშეკრულების განმარტება, რაც ნათელს გახდიდა, იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა წინააღმდეგობა სადავო ხელშეკრულებასა და საჯარო წესრიგს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით სს „თ.ლ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „თიბის ლიზინგის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ პირგასამტეხლოს სახით 31803,66 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია, გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (საკასაციო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი - საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ.ლ-ს“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს - 31803,66 ლარის შპს „ც-ის“ დაკისრებაზე.
უდავოა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
უდავოა, რომ კანონიერ ძალაში შესულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 კარით დადგენილი წესით არ განხილულა (საქმის წარმოების განახლება).
სს „თ. ლ-ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნით ირკვევა, რომ კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სს „თ.ლ-ის“ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ ამ ღირებულების 5% აღემატება ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას - 8000 ლარს, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების წინაპირობა.
საკასაციო პალატა სს „თ.ლ-ის“ სხვა საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „თ.ლ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს N2 საგადახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.ლ-ის“ საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს სახით 31803,66 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. კასატორ სს „თ.ლ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს N... საგადახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე