№ას-110-105-2013 16 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა. ი-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ს“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა. ი-მა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ს“-ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მიყენებული ზიანის - 4507,18 ლარის, ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი 500 ლარის, გადასახდელი მოგებული თანხის 10%-ის, დოკუმენტების თარგმნისა და დამოწმების საფასურის 60 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 31 იანვარს მოპასუხე შპს „ს-ს“ ჩაბარდა გზავნილი, რომელიც აუცილებელი იყო ჩინეთიდან გამოგზავნილი ტვირთის მისაღებად, მოპასუხე მხარემ კი, ვერ უზრუნველყო შესაბამისი გზავნილის ადრესატამდე მიტანა და ჩაბარება. აღნიშნული ფაქტი მოპასუხემ აღიარა 2011 წლის 4 მარტის წერილით, რომლითაც შპს „ა. ი-ს“ აცნობა, რომ ჩინეთიდან გამოგზავნილი გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუმცა, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი განაცხადა და დაიწყო მტკიცება, რომ შპს „ა. ი-ს“ გზავნილი დროულად ჩაბარდა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე მხარემ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. იმის გამო, რომ შპს „ს-მ“ არ ჩააბარა გზავნილი, შპს „ა. ი-მა“ ტვირთის მისაღებად დამატებით 4507 ლარი გადაიხადა. აღნიშნული თანხა შეადგენს კონოსამეტის გარეშე კონტეინერის მიღების დაზღვევის საფასურს - 2 000 აშშ დოლარს, გადარიცხვის საკომისიოს - 15 დოლარს, კონტეინერის მოცდენის საფასურს - 811, 06 ლარს, კონტეინერის შენახვისათვის 243, 62 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლის 4 მარტის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გზავნილი „აღიარებულია დაკარგულად“, დაიწერა და „დაკარგულის“ სტატუსის მინიჭება მოხდა მოსარჩელის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე, რათა მას განმეორებით მიეღო ის საბუთები, რომლებიც ვერ მოიძია ოფისში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბუთებიდან ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ მან რეალურად 4507,18 ლარის ზარალი მიიღო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ა. ი-ის“ სარჩელი შპს „ს-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს „ა. ი-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს „ა. ი-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2011 წლის 31 იანვარს ჩინეთიდან, შენზენიდან შპს „ა. ი-ის“ სახელზე გადმოიგზავნა გზავნილი ნომერი: GD525521465WW, რომელიც დანიშნულების საწყობის, კერძოდ ქ. თბილისში, შპს „ს-ის“ ოფისის მიერ მიღებულია 2011 წლის 4 თებერვალს;
2. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის მოძრაობის მარშრუტის ელექტრონული ვერსიის, ასევე მხარეთა განმარტებების და შპს „ა. ი-ის“ დირექტორის 2011 წლის 4 მარტის წერილით დადგენილია, რომ გზავნილი, რომლის ნომერია GD525521465WW, მოსარჩელე შპს „ა. ი-ს“ არ ჩაბარებია და იგი დაკარგულად იქნა აღიარებული;
3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2011 წლის 16 მარტის №91/დ-ბ ანგარიშფაქტურით, 2011 წლის 21 მარტის და 2011 წლის 15 მარტის საგადასახადო დავალებით ირკვევა, რომ შპს „ა. ი-მა“ კონტეინერის მოცდენისათვის გადაიხადა 811,06 ლარი, ხოლო კონტეინერების ტერმინალის მომსახურებისათვის - 242,62 ლარი;
4. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს „ა. ი-მა“ 2011 წლის 11 მარტს, სადაზღვევო ბროკერთან განხორციელდა სატრანსპორტო ზედნადების დაკარგვის რისკის დაზღვევაზე შეთანხმება, რაზედაც ამოიწერა ინვოისი №VNA111090. ინვოისის მიხედვით, დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 11.03.2011-დან 11.09.2013-მდე, ხოლო დაზღვევის თანხა 2 000 აშშ დოლარით. ინვოისში დაფიქსირდა, რომ ყოველგვარი სხვა შეთანხმების გარეშე გადახდა უნდა მოხდეს გადარიცხვით, დანართში აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე;
5. მოსარჩელეს №VNA111090 ინვოისში დაფიქსირებული 2 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია;
6. საქმეში განთავსებული GD525521465WW გზავნილის ასლის თარგმანით ირკვევა, რომ გზავნილის სპეციალური 8ბ და 9 გრაფა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის პრიორიტეტების, დაზღვევის, მასთან დაკავშირებული თანხებისა და სპეციალური მიწოდების ინსტრუქციებზე ჩანაწერისათვის შევსებული არ არის და რაიმე სახის ჩანაწერს არ შეიცავს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია გადაზიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც ერთი მხარე, შპს „ს-ს“ ვალდებული იყო მიმღებისათვის, შპს „ა. ი-ის“ გადაეცა მისთვის გამოგზავნილი ტვირთი- საფოსტო ამანათი. იმის გათვალისწინებით, რომ გადაზიდვის დოკუმენტში - GD525521465WW გზავნილი შეიცავს ჩანაწერს მიმღების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ა. ი-ი“, როგორც მიმღები წარმოადგენს უფლებამოსილ პირს იდავოს მის სახელზე გამოგზავნილ ტვირთთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 675-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის, 679-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს, მათ შორის ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას; ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას; გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ; გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს; ვინაიდან 2011 წლის 31 იანვარს ჩინეთიდან შპს „ა. ი-ის“ სახელზე გადმოგზავნილი ზედნადები - გზავნილი GD525521465WW, არ შეიცავს ტვირთის პრიორიტეტების, დაზღვევის და მასთან დაკავშირებული თანხების თაობაზე რაიმე სახის ჩანაწერს, მოსარჩელეს მოთხოვნა დამატებითი ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლომ იმავდროულად აღნიშნა, რომ ვინაიდან, შპს „ს-ს“ მეშვეობით განხორციელდა ჩინეთის რესპუბლიკიდან შპს „ა. ი-ის“ სახელზე საფოსტო ამანათის გამოგზავნა და გზავნილი 2011 წლის 4 თებერვალს საქართველოში შპს „ს-ის“ ოფისმა მიიღო, საქმე ეხება საერთაშორისო საფოსტო ურთიერთობებს და მასზე, სამოქალაქო კოდექსის გადაზიდვის თავით დადგენილ წესებთან ერთად, ასევე უნდა გავრცელდეს „მსოფლიოს საფოსტო კონვენციის“ დებულებები. პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული კონვენციის შესაბამისადაც, მოსარჩელეს მოთხოვნა დამატებითი ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ა. ი-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 679-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 694-ე მუხლი და 696-ე მუხლის პირველი ნაწილი, არ გამოიყენა „შეთანხმება საფოსტო ამანათებზე“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-5 თავის 26-ე მუხლი და 1.1 მუხლის პირველი პუნქტი, არასწორად განმარტა „მსოფლიო საფოსტო კონვენციის34-ე მუხლის 1.1.1 პუნქტი, 4.1 და 4.3 პუნქტები და 2.1 პუნქტი. არ გამოიყენა „მსოფლიო საფოსტო კონვენციის“ 46-ე მუხლი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია სამოქალაქო კოდექსი 668-ე მუხლში მითითებულ ტერმინებს, რომლიც თანახმადაც გადაზიდვა-გადაყვანა ეხება ტვირთს ან მგზავრს, შესაბამისად მთელი რიგი მუხლები არასწორად განმარტა. შპს „ა. ი-ის“ სახელზე გამოგზავნილი დოკუმენტაცია იყო არა ტვირთი, არამედ ამანათი და მასზე ვრცელდება „შეთანხმება საფოსტო ამანათებზე“. აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების მე-5 თავის 26-ე მუხლი ადგენს საფოსტო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, 27-ე მუხლში განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. მოცემულ საქმეზე ამგვარ გამონაკლისს არ აქვს ადგილი. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა „მსოფლიო საფოსტო კონვენციის“ დებულებები და დაადგინა, რომ ვინაიდან ზედნადები არ შეიცავდა ჩანაწერს ტვირთის, როგორც „ფასგამოცხადებული გზავნილის“ განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა. კონვენციის 34-ე მუხლის 4.1. და 4.3 პუნქტები ეხება გამგზავნის და არა ტვირთის მიმღების უფლებას, გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში მოითხოვოს ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავოდ არ ხდის, რა ტიპის იყო გზავნილი. მხარე არ ითხოვს დაკარგული დოკუმენტების ღირებულების ანაზღაურებას. მოსარჩელის მოთხოვნაა გზავნილის დაკარგვით გამოწვეული დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას, ვინაიდან, მან დაკარგული დოკუმენტების გარეშე დროულად ვერ მიიღო ტვირთი, ამდენად, მიზეზშედეგობრივი კავშირი გზავნილის დაკარგვასა და ზიანის დადგომას შორის ცალსახაა. განსახილველ შემთხვევაში, ზიანი დამდგარია როგორც „მსოფლიო საფოსტო კონვენციის“ საფუძველზე, ისე სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაეხადა კონტეინერის მომსახურების საფასური. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში გადახდილია კონტეინერის მოცდენის საფასური, რისი საჭიროებაც არ დადგებოდა, მოსარჩელეს ტვირთი დროულად რომ მიეღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ი-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. ი-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 16.01.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე