Nას-114-108-2013 12 აპრილი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ს. გ. ს. ს. კ-ა“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ზ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ. ს. გ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ლ. ს. გ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 2750 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ლ. ს. გ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით, 2012 წლის 22 ოქტომბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც შპს „ლ. ს. გ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ლ. ს. გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. გ. ს. ს. კ-ას“ შპს „ლ. ს. გ-ის“ სასარგებლოდ 2 750 ლარის გადახდა დაეკისრა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ს. გ. ს. ს. კ-ამ“ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
აღნიშნული განჩინება შპს „ს. გ. ს. ს. კ-ამ“ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. საქმეში არ მოიპოვება იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ლ. ს. გ-მა“ კასატორის წინაშე ვალდებულება შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე იმსჯელა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად.
იმავე კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით ასაჩივრებს, რომ სააპელაციო საჩივარი მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. საქმეში არ მოიპოვება იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ლ. ს. გ-მა“ კასატორის წინაშე ვალდებულება შეასრულა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის ერთგვარი სანქცია მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მხარემ დავის მიმართ ინტერესი დაკარგა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე იურდიული მომსახურების საფასურის დაკისრებას, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსრულებელმა შპს „ლ. ს. გ-მა“ დამკვეთ შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ სასარგებლოდ გასწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რომლის ღირებულება - 2750 ლარი მოპასუხეს არ აუნაზღაურებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად მიიღო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე სხვა საფუძველზე კასატორი არ მიუთითებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. გ. ს. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინება და 2012 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე