Facebook Twitter

№ას-129-123-2013 1 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ზ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ო-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ო-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ნ. ზ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი და მოპასუხის საცხოვრებელი ბინები მდებარეობს ქ. ბათუმში, გ-ას ქ. N2-ში. მოპასუხის საცხოვრებელი ბინა მდებარეობს უშუალოდ მისი საცხოვრებელი ბინის ზემოთ. ნ. ზ-მა თავის ბინაში სამშენებლო ნორმების დარღვევით მოაწყო სველი წერტილი, საიდანაც წყალი ჩაედინება ტ. ო-ის კუთვნილ ბინაში და აზიანებს მას. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის მიხედვით, ქალაქ ბათუმში, კ. გ-ას ქუჩა N2-ში მდებარე სახლთმფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ტ. ო-ის კუთვნილ იზოლირებულ ბინაში დარღვეულია საცხოვრებელი ფართის ჭერის ზონა, ჩამონგრეულია მზარდი რკინა-ბეტონის სველი წიბო, შეინიშნება ასევე სიბრტყეში ზემოდან ჩამომავალი წყლის მოდინებით გამოწვეული დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია ბინა N17-ის ზემოთ, ნ. ზ-ის კუთვნილ ბინა N36-ში მოწყობილი სველი წერტილებით, რომელიც არ არის განლაგებული შენობის არსებული სველი წერტილების ზონაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან არაერთხელ სცადა მოლაპარაკებით აღნიშნული პრობლემის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ.

მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ ბინის შეძენისას უკვე გაკეთებული იყო სველი წერტილი, ხელსაბანი, ასევე უნიტაზი და კანალიზაციის მილი. როდესაც მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა რემონტი, საჭირო გახდა მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში ჩამავალი მილის შეცვლა და ცენტრალურ გაყვანილობასთან მიერთება. მოპასუხემ მიმართა მოსარჩელესა და შესაბამის სამსახურს, შეთავაზებულ იქნა ტექნიკური პირობა, მაგრამ მოსარჩელემ არ მისცა უფლება შეეცვალა მილი და გაეყვანა იმგვარად, რომ მისი საკუთრება აღარ დაზიანებულიყო. სადავო ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოსარჩელე არ დავობს ჩანაწერის კანონიერებაზე და უსაფუძვლოდ მოითხოვს რეგისტრირებული ნივთის დემონტაჟს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ნ. ზ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა და მოითხოვა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 1000 ლარის ტ. ო-ის დაკისრება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია და მოსარჩელე მხარეს არ დააკისრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. ო-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ისნტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. ო-ის სარჩელი; არ დააკმაყოფილა ნ. ზ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, ნ. ზ-ს ტ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა და ამ უკანასკნელის სახლში არსებული ნ. ზ-ის კუთვნილი საკანალიზაციო მილების დემონტაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ტ. ო-ო არის ქალაქ ბათუმში კ. გ-ას N2-ში მდებარე N17 ბინის მესაკუთრე, ხოლო მისი ბინის ზემოთ არსებული საცხოვრებელი ბინა N36 ირიცხება ნ. ზ-ის სახელზე. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დგინდება, რომ ქალაქ ბათუმში, კ. გ-ას ქუჩა N2-ში მდებარე სახლთმფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ტ. ო-ის კუთვნილ იზოლირებულ ბინაში დარღვეულია საცხოვრებელი ფართის ჭერის ზონა, ჩამონგრეულია მზარდი რკინა-ბეტონის სველი წიბო, შეინიშნება ასევე სიბრტყეში ზემოდან ჩამომავალი წყლის მოდინებით გამოწვეული დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია ბინა N17-ის ზემოთ, ნ. ზ-ის კუთვნილ ბინა N36-ში მოწყობილი სველი წერტილებით, რომელიც არ არის განლაგებული შენობის არსებული სველი წერტილების ზონაში. სპეციალისტ ინდმეწარმე რ. დ-ის დასკვნის თანახმად, კ. გ-ას ქუჩა N2-ში არსებული სახლის სიძველიდან გამომდინარე, იგი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ტ. ო-ის საცხოვრებელი ბინა დაზიანებული იყო მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში არსებული სველი წერტილის რეკონსტრუქციით. მოსარჩელემ მოითხოვა სველი წერტილების დემონტაჟი და არა ზიანის ანაზღაურება. მოპასუხე კი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მზად იყო, აენაზღაურებინა იგი და გამოესწორებინა მდგომარეობა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია თავისი საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვოს სასამართლო წარმოების გზით. ის, რომ მესაკუთრეს უნდა ეთმინა აღნიშნული ზემოქმედება, უნდა ემტკიცებინა ნ. ზ-ს, რაც ამ უკანასკნელმა არ განახორციელა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2004 წელს შედგენილი ტექნიკური პასპორტის მიხედვით, სახლს ჰქონდა წყალგაყვანილობა, ვერ ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ თავდაპირველი მესაკუთრის ბინაში საპირფარეშო არსებობდა, გარდა ამისა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ აჭარის რეგიონული დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნით, ინდმეწარმე რევაზ დიდმანიძის მიერ გაცემული ცნობითა და სასამართლოს სხდომაზე სპეციალისტ კახაბერ რუსიძის განმარტებით დგინდება, რომ 50 მმ დიამეტრის მილი არ არის საკმარისი საპირფარეშოს კანალიზაციისთვის.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ტ. ო-ს მოწინააღმდეგე მხარისთვის არ მიუცია ნება, მისი ბინის გავლით მიეერთებინა მილი საპირფარეშოსათვის, შესაბამისად, ნ. ზ-ს არ ჰქონდა უფლება დაეზიანებინა სხვისი ქონება, ამასთან, სადავო მილი არის ძველი და გაუმართავი, ამიტომაც ტ. ო-ის პრეტენზია მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, ბინით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ, დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ტ. ო-ს არ დაუსაბუთებია, თუ რა ზიანს აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარის მიერ თავის ბინაში მოწყობილი საპირფარეშო, როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ასევე ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ქონებას აზიანებს საკანალიზაციო მილები, აქედან გამომდინარე, მათი დემონტაჟის შემთხვევაში, მოისპობა ზიანის წყაროც.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს მოწინააღმდეგე მხარისათვის წარმომადგენლის მომსახურების ხარჯები ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მოცემულ შემთხვევაში კი, ტ. ო-ის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი, შესაბამისად, მისთვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ტ. ო-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში ნ. ზ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა ის გარემოებები, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც არსებითი გავლენა იქონია საქმის შედეგზე. კასატორის მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ ნ. ზ-მა ვერ დაასაბუთა სველი წერტილების არსებობა მის მიერ ბინის შეძენამდე. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდებოდა ამ უკანასკნელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ექსპერტის დასკვნით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნ. ზ-ის საცხოვრებელ ბინას (გარდა არსებულისა) სხვა საკანალიზაციო სისტემა არ გააჩნია და არც არსებობს ალტერნატიული საკანალიზაციო სისტემის მოწყობის ტექნიკური საშუალება, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოუსპო მოპასუხეს საკანალიზაციო სისტემით სარგებლობის სესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ საქმის განხილვისას არასწორი ნორმები გამოიყენა, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, როცა უნდა გამოეყენებინა იმავე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლები.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და არასწორად მიიჩნია, რომ ნ. ზ-ს უნდა ემტკიცებინა თმენის ვალდებულების არსებობა. ამგვარი ვალდებულება კანონითაა გათვალისწინებული და მხარეთა მტკიცების საგანი არაა. გარდა ამისა, სასამართლომ იხელმძღვანელა ისეთი სამშენებლო ნორმებითა და წესებით, რომლებიც საქართველოში ამჟამად არ მოქმედებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ზ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 19.02.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე