Facebook Twitter

Nას-137-131-2013 23 აპრილი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ამხანაგობა „ვ. 90/66“, ვ. გ-ე, რ. ბ-ი, გ. ფ-ა, გ. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“, შპს „ო-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - შეთანხმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამხანაგობა „ვ. 90/66“-მა, ვ. გ-ემ, რ. ბ-მა, გ. ფ-ამ და გ. ფ-ამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს. ბ-სა“ და შპს „ო-ის“ მიმართ ამხანაგობა ,,ვ. 90/66”-ის თავმჯდომარე გ. ც-ა და სს,,ს. ბ-ს” და შპს ,,ო-ს” შორის 2003 წლის 15 მაისს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ვ. 90/66“-ის, ვ. გ-ის, რ. ბ-ის, გ. ფ-სა და გ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამხანაგობა „ვ. 90/66“-მა, ვ. გ-ემ, რ. ბ-მა, გ. ფ-ამ და გ. ფ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „ვ. 90/66“-ის, ვ. გ-ის, რ. ბ-ის, გ. ფ-ასა და გ. ფ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორებს, ხარვეზის შევსების მიზნით, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალათ. აღნიშნული განჩინების პასუხად, კასატორების წარმომადგენელმა ია ბახტაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად ცნობა, თუმცა მას არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითარი. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის, 4 მარტისა და 13 მარტის განჩინებებით კასატორებს ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადა ჯერ 5 დღით, შემდეგ ისევ 5 დღით, ხოლო ბოლოს 10 დღით გაუგრძელდათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება ამხანაგობა „ვ. 90/66“-ის, ვ. გ-ის, რ. ბ-ის, გ. ფ-სა და გ. ფ-ას წარმომადგენელ ი. ბ-ეს (იხ. რწმუნებულებები ტ.I, ს.ფ.25-26, ს.ფ.27-28, ს.ფ.29-30, ს.ფ.31-32) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2013 წლის 15 მარტს (იხ.ტ.II, ს.ფ.128).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 16 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 25 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „ვ. 90/66“-ის, ვ. გ-ის, რ. ბ-ის, გ. ფ-ასა და გ. ფ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ამხანაგობა „ვ. 90/66“-ის, ვ. გ-ის, რ. ბ-ის, გ. ფ-სა და გ. ფ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ი. ბ-ის მიერ 20.02.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ-ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი