№ას-1440-1358-2012 8 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა-ის სარჩელი მოპასუხე რ. ა-ის მიმართ, კერძოდ: ა. ა-ი ცნობილ იქნა რ. ა-ის სახელზე რიცხული ½ ნაწილი უძრავი ქონების – ქ.ქუთაისში, ფ-ის პირველი შესახვევის №9-სა და ლ-ის ქ.№19-ში მდებარე უძრავი ქონების (სახლის გამოყოფილი ნაწილი ფართით 128.70კვ.მ, საერთო სარგებლობის 15.51კვ.მ შესასვლელი, საერთო სარგებლობის 4.20კვ.მ შესასვლელი, 25.02კვ.მ დამხმარე სათავსო) თანამესაკუთრედ და დასახელებული ქონების ½ ნაწილი აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში.
ამავე გადაწყვეტილებით რ. ა-ს ა. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა 226 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის თანხა – 50 ლარი და ექსპერტიზის ხარჯი 299.30 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ. ა-ი 2002 წლიდან იმყოფება საზღვარგარეთ (აშშ-ში).
მეუღლეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.
რ. ა-ი და ა. ა-ი 1978 წლის 24 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
2002 წლის 20 სექტემბერს ა. ა-მა რ. ა-ს აჩუქა ქ.ქუთაისში, ფ-ის პირველი შესახვევის №9-ში და ლ-ის ქ.№19-ში მდებარე სახლის 1/2 ნაწილი.
ქუთაისში, ფ-ის ქუჩის პირველი შესახვევის №9-სა და ლ-ის ქ.№19-ში მდებარე სახლის 1/2 გამოყოფილ ნაწილზე (სახლის გამოყოფილი ნაწილი ფართით 128.70კვ.მ, საერთო სარგებლობის 15.51კვ.მ შესასვლელი, საერთო სარგებლობის 4.20კვ.მ შესასვლელი, 25.02კვ.მ დამხმარე სათავსო) რეგისტრირებულია რ. ა-ის საკუთრება.
ქუთაისში ფ-ის ქუჩის პირველი შესახვევის №9-ში და ლ-ის ქუჩის №19-ში მდებარე რ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა მისი ღირებულება, კერძოდ: რეკონსტრუირებული, გაფართოებული (კედლების რეკონსტრუქციის შემდეგ) და გარემონტებულია (სრულიად მოპირკეთებულია) სააბაზანო ოთახი, გარემონტებული და მოპირკეთებულია სამზარეულო ოთახი, ხის პანელით შეკეთებულია შესასვლელი დერეფანი, გარემონტებულია საძინებელი ოთახი, შენობის სამხრეთით მიშენებულია ორი აივანი 5.49კვ.მ და 23.80კვ.მ ფართით.
საქმეში არსებული 2002 წლის 20 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, სადავო ქონების საბაზრო ღირებულება ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს შეადგენდა 4000 ლარს. შპს ,,ფ.და მ-ის’’ ექსპერტ გ.წ-ს დასკვნის თანახმად, 2012 წლის 23 აპრილის მდგომარეობით სადავო ქონების საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 15000 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ხსენებული კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნა გათვალისწინებული. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვისას ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით, მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონების ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ა. ა-ის სარჩელი, შესაბამისად სწორად ცნო იგი რ. ა-ის სახელზე რიცხული 1/2 ნაწილი სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ და სწორად მიუთითა აღნიშნული ქონების ½ ნაწილის საკუთრების უფლებით ა. ა-ის სახელშე აღრიცხვის თაობაზე, რადგან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა რ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა მისი ღირებულება ა. ა-ის მიერ გაწეული ხარჯების შედეგად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი, აღნიშნული თვალსაზრისით სრულიად უგულებელყო ჩუქების ფაქტი და მესაკუთრის ინტერესი. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი და ჩათვალა, რომ თითქოს მოსარჩელემ მოახდინა გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება ან სხვა. ამასთან დაკავშირებით საქმეში არანაირი წერილობითი მტკიცებულება არ მოიპოვება, მოწმეთა ჩვენებების მტკიცებულებად მიღება კი წარმოადგენს კანონის მნიშვნელოვან დარღვევას. თითოეული ასეთი ქმედება საჭიროებს პროექტს და მინიმუმ მშენებლობის ნებართვას, რომელიც მოსარჩელეს არ წარუდგენია და ვერც წარადგენდა, ვინაიდან მისი მიღების უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს;
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ა. ა-ის მიერ გაუმჯობესდა რ. ა-ის საკუთრება, რამდენადაც ჩუქების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართებს ამჟამინდელი დასკვნებითა და მოსაზრებებით ერთი კვადრატული მეტრიც არ დამატებია. ამასთან, საქმეზე არ ყოფილა წარდგენილი მესაკუთრესთან შეთანხმებული დამტკიცებული პროექტი, რეკონსტრუქციის გეგმა, მშენებლობის ნებართვა ან ხარჯთაღრიცხვა, რომელიც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა;
სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ ვინაიდან 2002 წლის 20 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ქონების ღირებულება შეადგენდა 4000 ლარს, შესაბამისად შპს “ფ. და მ-ის“ 2012 წლის 23 აპრილის დასკვნაში ასახული ქონების ღირებულების საორიენტაციო ფასი (15000 ლარი) წარმოადგენდა გაუმჯობესების შემდეგ მიღებულ ღირებულებას. ქონების ღირებულების გაზრდა გამოიწვია წლების გასვლამ და არა მასზე რაიმე სამუშაოების გაწევამ. საგულისხმოა, რომ სადავო ქონების რეკონსტრუქციისა და გადაგეგმარების განსახორციელებლად მოსარჩელეს აუცილებლად ესაჭირეობოდა თანხმობა მესაკუთრისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ავთანდილ ბუსხრიკიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 375 ლარი, მათ შორის, 2012 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი 300 ლარი და 2012 წლის 15 ნოემბერს გადახდილი 75 ლარი) 70% – 262.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ რ. ა-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ავთანდილ ბუსხრიკიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 375 ლარი, მათ შორის: 2012 წლის 31 ოქტომბერს გადახდილი 300 ლარი, საგადახდო დავალება № 1 და 2012 წლის 15 ნოემბერს გადახდილი 75 ლარი, საგადახდო დავალება №1) 70% – 262.5 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე