№ას-146-139-2013 18 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ზ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი, ჟ მ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინება, 2012 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ-მა და ჟ მ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს გ. ზ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ვ.ბ-ის ქუჩა #62-ში მდებარე 84 კვ.მ უძრავი ქონების გამოთხოვა.
მოსარჩელეთა მითითებით აღნიშნული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რეგისტრირებულია მათ საკუთრებად. გ. ზ-ი კი, ფართს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჟ მ-ას და ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ვ.ბ-ის ქუჩა #62-ში მდებარე 84 კვ.მ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ..., გამოთხოვილ იქნა გ. ზ-ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეებს - ჟ მ-ას და ე. მ-ს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ზ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2012 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, რომლის მიხედვითაც, წარმოებაში იქნა მიღებული გ. ზ-ის სარჩელი ე. და ჟ მ-ის წინააღმდეგ ტრანსმისიის წესით ქ. თბილისში, ვ. ბ-ის ქ. N 62-ში მდებარე N3 და N9 ბინების 1/3-ის მემკვიდრედ აღიარების თაობაზე. აპელანტმა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებით გ. ზ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის განხილვა შესაძლებელი იყო შუამდგომლობის ავტორის მიერ დასახელებული საქმის განხილვის დასრულების გარეშეც, ამასთან, შუამდგომლობა საქმის განხილვის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ვ. ბ-ის ქუჩა #62-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ფართობით 84 კვ.მ., საკადასტრო კოდი #..., ჟ მ-ას და ე. მ-ის თანასაკუთრებადაა რეგისტრირებული. მოპასუხე გ. ზ-ის დედა - ს. პ-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ვ. ბ-ის ქუჩა #62-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. გ. ზ-ი სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით. სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები არიან სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები, ხოლო მოპასუხე გ. ზ-ი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ნივთს, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება და საოქმო განჩინება, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, გ. ზ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მათი გაუქმების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გ. ზ-ის სარჩელი ჟ და ე. მ-ის წინააღმდეგ. ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს განსახილველ დავაზე. სააპელაციო სასამართლომ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის დარღვევით, საქმის წარმოება არ შეაჩერა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ზ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 17.02.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე