საქმე №ას-153-146-2013 22 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 17 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს სესხად უნდა მიეღო 6000 აშშ დოლარი, რისთვისაც იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება. ფაქტობრივად ხელშეკრულება გაფორმდა 10000 აშშ დოლარზე იმ მოტივით, რომ 4000 აშშ დოლარს მიიღებდა შუამავალი თ. ჩ-ე და აღნიშნულ თანხას თავად დაფარავდა. გამსესხებელმა თანხა მთლიანად გადასცა თ. ჩ-ეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გარიგება დაიდო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო კუთვნილი თანხა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 17 მაისს მ. კ-მა ნ. მ-ისაგან ისესხა 10000 აშშ დოლარი. ამ სესხის უზრუნველსაყოფად მ. კ-მა იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება. მ. კ-ის მიერ ნ. მ-ისაგან ნასესხები თანხა თაღლითურად მიითვისა თ. ჩ-ემ, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით მას დაედო მსჯავრი.
სასამართლოს მითითებით, აპელანტი ითხოვს ზემოხსენებული ხელშეკრულების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ნ. მ-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია და მისთვის თანხა არ გადაუცია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ 2011 წლის 17 მაისს, თ. ჩხობაძის დახმარებით, ნ. მ-ესა და მ. კ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მ. კ-მა სესხად აიღო 10000 აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ბინები. მ. კ-ს სესხად მხოლოდ 6000 აშშ დოლარი ესაჭიროებოდა, ამიტომ, იგი უკმაყოფილო დარჩა სესხის ხელშეკრულების პირობებით. თ. ჩ-ემ მ. კ-ს მოტყუებით შესთავაზა, რომ თანხას აიღებდა თვითონ, სანაცვლოდ კი იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ვალდებულებას იკისრებდა, რაც მან არ შეასრულა. მ. კ-ი ენდო თ. ჩ-ეს და ნ. მ-ის მიერ გადმოცემული 10000 აშშ დოლარი გადასცა თ. ჩ-ეს.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ მ. კ-მა ნ. მ-ისაგან თანხა მიიღო. იგივე გამომდინარეობს განაჩენში ასახული, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებიდანაც. ყველა მოწმის, მათ შორის, თავად მ. კ-ის განმარტებით დასტურდება, რომ ნ. მ-ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა. ამასვე ამტკიცებს აპელანტის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები. პირველ მათგანში მითითებულია, რომ თ. ჩ-ემ მ. კ-ისაგან ისესხა 10000 აშშ დოლარი, ხოლო მეორეში აღნიშნულია, რომ თ. ჩ-ემ და ბ. ა-მ მოატყუეს მ. კ-ი და მიითვისეს მისი კუთვნილი თანხა. ნ. მ-ეს აპელანტისათვის ფული რომ არ გადაეცა, თ. ჩ-ე მას მ. კ-ისაგან ვერც ისესხებდა და ვერც მიითვისებდა. ბოლოს, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ. რ-ემ ასევე დაადასტურა მ. კ-ის მიერ თანხის მიღების ფაქტი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სადავო გარიგების ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს ის, თუ ფიზიკურად ვინ გადასცა აპელანტს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. არც კანონიდან, არც ხელშეკრულებიდან და არც ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობდა, რომ მ. კ-ისათვის სადავო ხელშეკრულებით სესხად აღებული 10000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა უშუალოდ ნ. მ-ეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მ. კ-ი გარიგების დადების დროს მხარეებმა შეთანხმებულად მოატყუეს.
პალატამ უკანონოდ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 56-ე, 81-ე, 82-ე, 83-ე და 361-ე მუხლები.
კრედიტორს მოვალისათვის თანხის პირადად გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და თანხა გადასცა მესამე პირს. ამასთან, თ. ჩ-ე, რომელმაც სადავო თანხა მიიღო, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც კასატორი ცნობილ იქნა დაზარალებულად. აღნიშნულ გარემოებას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს №264023 საგადასახდო დავალებით გადახდილი 825 ლარის 70% – 577,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ მ. კ-ს (პირადი №60001052301) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს №264023 საგადასახდო დავალებით გადახდილი 825 ლარის 70% – 577,5 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე