№ას-154-147-2013 19 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „უ. ბ-ი“, გ. გ-ი, ნ. ჩ-ი, ე. ჩ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “პ. ბ-ი“(მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „პ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს “უ. ბ-ის“, , გ. გ-ის, ნ. ჩ-ისა და ე. ჩ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა:
1. მოპასუხეებისათვის 136 183.20 დოლარის (მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 89 320. 48 აშშ დოლარი, პროცენტი - 46 477.08 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 385.64 აშშ დოლარი) სოლიდარულად გადახდის დაეკისრება;
2. დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა: 1) სარეგისტრაციო ზონა ქ., კოდი 68, სექტორი ა., კოდი 06, კვარტლის №02, ნაკვეთი №016, ნაკვეთის ფუნქცია სას/სამეურნეო, ფართობი 1.00 ჰა. საკადასტრო კოდი №...; 2) სარეგისტრაციო ზონა ქ., კოდი 68, სექტორი ა., კოდი 06, კვარტალი №06, ნაკვეთის №004, ნაკვეთის ფუნქცია: სას/სამეურნეო, ფართობი 0.19 ჰა, მისამართი: ქ. სოფელი, ქ-ა, უფლება: საკუთრება, საკადასტრო კოდი №.... 3) სარეგისტრაციო ზონა ქ., კოდი 68, სექტორი დ. ა., კოდი 06, კვარტლის №96, ნაკვთის №029, ფართობი 2500 კვ.მ. მისამართი სოფელი ქ-ა. უფლება: საკუთრება, საკადასტრო კოდი №...4) სარეგისტრაციო ზომა ქ. 68, სექტორი მოხისი 05; კვარტალი 07; ნაკვეთი 014; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრებაა; ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი 3000 კვ.მ., საკადასტრო კოდი №...; 5) სარეგისტრაციო ზონა თბილისი, კოდი 01, სექტორი ნ., კოდი 12, კვარტლის №12, ნაკვეთის №17/001, კოდი 01/26, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სანეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 1232.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი ...
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 28 თებერვალს სს „პ-სა“ და შპს “უ. ბ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №1757, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის - 0.5%. 2007 წლის 29 თებერვალს სს „პ-სა“ და შპს “უ. ბ-ს“ შორის დაიდო დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება №1757, რომლითაც გაიცა კრედიტი 150 000 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %. მსესხებლის ვალდებულება უზრუნველყოფილია 2008 წლის 28 თებერვალს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით. მხარეებს შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა №1757 შეთანხმება, რომლის თანახმად სს “პ-ი“ და მსესხებელი შპს “უ. ბ-ი“ შეთანხმდნენ შემდეგზე: 2008 წლის 29 თებერვალს გაფორმებული დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება №1757-დან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 111 777 აშშ დოლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავალიანების თანხას ერიცხება წლიური 20%, რომელიც დაფარულ იქნებოდა 2015 წლის ოქტომბრამდე გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის წლიური 40%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეებმა დაარღვიეს გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სს “პ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “უ. ბ-ს“, გ. გ-სა და ნ. ჩ-ს სს “პ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 136 183.20 აშშ დოლარის, მათ შორის: სესხის ძირითადი თანხის - 89 320. 48 აშშ დოლარის, პროცენტის - 46 477.08 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 385.64 აშშ დოლარის გადახდა, სარეალიზაციოდ მიექცა სარჩელში მითითებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის პროცენტის - 46 477.08 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,პ-ის“ სარჩელი პროცენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,უ. ბ-ს“, გ. გ-სა და ნ. ჩ-ს სს “პ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პროცენტის - 21 833.87 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2007 წლის 28 თებერვალს სს „პ-სა“ და შპს “უ. ბ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №1757, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით, 120 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის - 0.5%-ით;
2. 2007 წლის 29 თებერვალს სს „პ-სა“ და შპს “უ. ბ-ს“ შორის დაიდო დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება №1757, რომლითაც გაიცა კრედიტი 150 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით, პიტგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %;
3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2008 წლის 29 თერბერვალს სს „პ-სა“ და ნ. ჩ-ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ №1757 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ. ჩ-მა სს “პ-ის“ წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა შპს “უ. ბ-ის“, მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე;
4. 2008 წლის 28 თებერვალს სს ''პ-სა'' და გ. გ-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე უძრავი ქონება: სარეგისტრაციო ზონა ქ., კოდი 68, სექტორი ა., კოდი 06, კვარტლის №02, ნაკვეთი №016, ნაკვეთის ფუნქცია სას/სამეურნეო, ფართობი 1.00 ჰა. საკადასტრო კოდი №...;
5. 2008 წლის 28 თებერვალს სს „პ-სა“ და გ. გ-ს შორის გაფორმდა იპოთეკის № 1757/1 ხელშეკრულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა ქ., კოდი 68, სექტორი ა., კოდი 06, კვარტალი №06, ნაკვეთის № 004, ნაკვეთის ფუნქცია: სას/სამეურნეო, ფართობი 0.19 ჰა, მისამართი: ქ. სოფელი - ქ-ა, უფლება: საკუთრება, საკადასტრო კოდი № ...;
6. 2008 წლის 28 თებერვალს სს „პ-სა“ და გ. გ-ს შორის გაფორმდა იპოთეკის №1757/2 ხელშეკრულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით; სარეგისტრაციო ზონა ქ., კოდი 68, სექტორი დ. ა., კოდი 06, კვარტლის №96, ნაკვთის №029, ფართობი 2500 კვ.მ. მისამართი სოფელი ქ-ა. უფლება: საკუთრება, საკადასტრო კოდი №...;
7. 2008 წლის 28 თებერვალს სს ''პ-სა'' და ე. ჩ-ს შორის გაფორმდა №1757/4 იპოთეკის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით იპოთეკის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა თბილისი, კოდი 01, სექტორი ნ., კოდი 12, კვარტლის №12, ნაკვეთის №17/001, კოდი 01/26, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სანეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 1232.00 (კვ.მ) საკადასტრო კოდი ...;
8. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2009 წლის 15 იანვარს გ. გ-სა და სს “პ-ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ №1757/1 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ. გ-მა სს „პ-ის“ წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა შპს “უ. ბ-ის“, მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე;
9. 2009 წლის 3 ივლისს სს „პ-სა“ და გ. გ-ს შორის გაფორმდა №1757/5 იპოთეკის ხელშეკრულება. რომლითაც იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა ქ. 68, სექტორი მოხისი 05; კვარტალი 07; ნაკვეთი 014; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრებაა; ნაკვეთის ფუქნცია სასოფლო სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი 3000 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...;
10. მხარეებს შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება №1757, რომლის თანახმად სს “პ-ი“ და მსესხებელი შპს “უ. ბ-ი“, გ. გ-ი, ნ. ჩ-ი და ე. ჩ-ი შეთანხმდნენ შემდეგზე: 2008 წლის 29 თებერვალს გაფორმებული დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება №1757-დან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 111 777 აშშ დოლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავალიანების თანხას ერიცხება წლიური 20%, რომელიც დაფარულ იქნებოდა 2015 წლის ოქტომბრამდე გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის წლიური 40% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ნაწილ-ნაწილ, ბანკსა და მოპასუხეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
11. მსესხებლმა კრედიტის დაფარვის გრაფიკი დაარღვია. ზემოხესენებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მსესხებელსა და თავდებ პირებს გაეგზავნათ შეტყობინება დავალიანების არსებობის შესახებ, თუმცა შეტყობინებებს რეაგირება არ მოჰყოლია;
12. სს “პ-ის“ 2012 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, შპს “უ. ბ-ის“, დავალიანება სს “პ-ის“ წინაშე შეადგენს 136 183.20 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 89 320.48 აშშ დოლარი, პროცენტი - 46 477.08 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 385.64 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია 03.02.2011 წლიდან;
13. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე სს “პ-ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნის პერიოდი სარგებლის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ მოთხოვნილი სარგებელი 46 477.08 აშშ დოლარი დაანგარიშებულია 2011 წლის 3 თებერვლიდან (სესხის ვადაგადაცილებიდან) სარჩელის აღძვრის მომენტამდე, 2012 წლის 25 აპრილამდე. მოსარჩელის განმარტებით, 46 477.08 აშშ დოლარი მოიცავს მითითებულ პერიოდში ძირითად თანხაზე დარიცხულ პროცენტს და ასევე, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტიდან პროცენტს;
14. საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ინდივიდუალური აუდიტორი “ი. მ-ის“ 2012 წლის 22 ივნისის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ 2010 წლის 29 სექტემბრის N1757 შეთანხმებიდან გამომდინარე, მოვალის მიერ დაფარულია ძირითადი თანხა 22 456 აშშ დოლარი, სარგებელი - 20 674 აშშ დოლარი. წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, დარჩენილი ვალდებულება შეადგენს: ძირითადი თანხა - 89 320 აშშ დოლარი, სარგებელი - 46042 აშშ დოლარი;
15. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოვალისათვის დაკისრებული სარგებლის ოდენობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. 2010 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულება ძირითადი თანხის 111 777 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს 2010 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში ზედმეტად გადახდილი თანხების (ასეთის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც) გაქვითვაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 3 თებერვლიდან (სესხის ვადაგადაცილებიდან) 2012 წლის 25 აპრილამდე (სარჩელის აღძვრამდე) საპროცენტო სარგებელი, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, წლიური 20%-იანი სარგებლის გათვალისწინებით, შეადგენს 21 833.87 აშშ დოლარს. მოსარჩელე ითხოვს ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტიდან პროცენტს, რაც არ წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების საგანს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მუქარის საფუძველზე გაფორმდა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ეროვნული ბანკის N2-06/1545-11, N2-06/1570-11 წერილობითი მითითებები კომერციული ბანკების მიმართ, რომლის თანახმადაც რეფინანსირების შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს, პირგასამტეხლო უნდა გამოითვალოს დარჩენილი ძირითადი თანხიდან. აღნიშნულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს მინიჭებული აქვთ უკუქცევივთი ძალა, სასამართლომ კი, მათი გამოუყენებლობით, დაარღვია „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანული კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “უ. ბ-ის“, , გ. გ-ის, ნ. ჩ-ისა და ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი ბაჟის, 1808,4 ლარის, 70% - 1265,88 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “უ. ბ-ის“, , გ. გ-ის, ნ. ჩ-ისა და ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს დაუბრუნდეთ 06.02.2013 წლის N... საგადახდო დავალებით ე. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1808,4 ლარის, 70% - 1265,88 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე