№ას-1586-1489-2012 22 აპრილი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ქ-ე(მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. და დ. ქ-ების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სესხის ძირითადი თანხის, 17000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 58140 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების, ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 20 ნოემბერს მას და მოპასუხე მ. ქ-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თ. მ-ემ მსესხებელ მ. ქ-ეს გადასცა 17 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა სამპროცენტიანი ყოველთვიური სარგებლით უნდა დაბრუნებულიყო 2007 წლის 20 თებერვალს. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი თბილისში, ს-ის შესახვევის №11-ში მდებარე უძრავი ქონება, იპოთეკით ასევე უზრუნველყოფილია შესაძლო ზიანი. ხელშეკრულებით დადგინდა მესაკუთრის მიერ იპოთეკის საგნის განკარგვის შესაძლებლობა, მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში კი, გარიგებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი იპოთეკის საგნის მიმართ უცვლელი რჩებოდა. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ბრალეულ მხარეს უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2% პირგასამტეხლოს სახით. დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეებს სადავო საკითხები უნდა გადაეწყვიტათ კერძო არბიტრაჟისათვის მიმართვის გზით ან სასამართლოს წესით. მსესხებლის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო თ. მ-ემ 2009 წლის 6 ნოემბერს საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა კერძო არბიტრაჟს. არბიტრაჟის კომპეტენცია სადავო გახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის №2/4662-10 გადაწყვეტილებით კი, უარი ეთქვა არბიტრაჟის დანიშვნაზე. 2010 წლის 18 მარტს მ. ქ-ემ გაასხვისა იპოთეკის საგანი დ. ქ-ის სახელზე, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება- მოვალეობანი გადავიდა შემძენზე.
დ. ქ-ემ 2012 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარადგინა. შესაგებელში აღნიშნულია, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან მასზე არ გადასულა სასესხო ვალდებულებები.
მ. ქ-ემ 2012 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარადგინა. მოპასუხე მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2007 წლის თებერვალში, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2011 წლის 7 ნოემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ქ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22 814 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული დ. ქ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ს-ის შესახვევის №11-ში მდებარე უძრავი ქონება, მ. ქ-ისათვის 52 326 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ. აპელანტის განმარტებით, თ. მ-ის მიერ 2009 წლის 6 ნოემბერს კერძო არბიტრაჟისათვის მიმართვა არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ არ იყო ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო: ვინაიდან 2006 წლის 20 ნოემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით, შესაბამისად, მ. ქ-ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2007 წლის 20 თებერვლისთვის. ამდენად, სასამართლოს მითითებით, ამავე თარიღიდან წარმოეშვა მოსარჩელეს სესხის სახით გაცემული თანხის მოთხოვნის უფლება და სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტად სწორედ ეს თარიღი უნდა მიჩნეულიყო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშულებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, 2009 წლის 6 ნოემბერს მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს, პრეტენზია მიღებული იყო წარმოებაში, თუმცა საქმის განხილვა შეჩერდა მოსარჩელის მოთხოვნით. საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით, თ. მ-ის საარბიტრაჟო პრეტენზიასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა. ამავე დროს მოსარჩელეს განემარტა, რომ, საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის.
სასამართლოს შეფასებით, თ. მ-ის მიერ არბიტრაჟისადმი მიმართვამ გამოიწვია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან თ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2011 წლის 7 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, რადგან სამოქალაქო კოდექსის დასახელებული ნორმის დანაწესით, ხანდაზმულობის ვადის დინება არბიტრაჟის მიერ საქმისწარმოების შეწყვეტის შედეგად დაიწყო თავიდან.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მ. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, ასევე არასწორად მიიჩნია, რომ თუნდაც არაუფლებამოსილი არბიტრაჟისათვის მიმართვა უთანაბრდება სასამართლოში სარჩელის წარდგენას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ არბიტრაჟში საქმე დარჩა განუხილველად და მ-ეს არ წარუდგენია სარჩელი სასამართლოში არბიტრაჟში საქმის დასრულებიდან, 2010 წლის 20 სექტემბრიდან, 6 თვის ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2006 წლის 20 ნოემბერს სამი თვის ვადით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად, მ. ქ-ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2007 წლის 20 თებერვლისთვის. ამავე თარიღიდან წარმოეშვა მოსარჩელეს სესხის სახით გაცემული თანხის მოთხოვნის უფლება და, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტად სწორედ ეს თარიღი უნდა მიჩნეულიყო. მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, 2009 წლის 6 ნოემბერს, მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომლის 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით, თ. მ-ის საარბიტრაჟო პრეტენზიასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლი და მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვებიდან ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მტკიცებას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლი ითვალისწინებდა ზოგად მითითებას, რომ დავა უნდა გადაწყვეტილიყო არბიტრაჟის ან სასამართლოსადმი მიმართვის გზით, ანუ მხარეთა შორის არსებული საარბიტრაჟო შეთანხმება არასრულფასოვანი იყო და იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობდა, ამ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც თ. მ-ემ საკუთარი არჩევანის შესაბამისად მიმართა შპს “ჯ. მ-ის“ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, მან სარჩელის განსჯადობის წესები დაარღვია, არაუფლებამოსილ ორგანოს მიმართა, რაც იმთავითვე გამორიცხავდა მხარის იურიდიული ინტერესის დაცვას და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ. მ-ემ არაუფლებამოსილ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს თუნდაც მიეჩნია, რომ არბიტრაჟისადმი მიმართვით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის გამოყენების თაობაზე.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “ჯ. მ-ის“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით თ. მ-ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა შეწყდა. მხარეს განემარტა, რომ საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მას თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის უნდა მიემართა.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებულია სარჩელის განუხილველად დატოვების და არა საქმის განხილვის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს მისი დანიშნულების გათვალისწინებით და არა გამოყენებული ტერმინების სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში, თუ ეს საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვის ვადაში განსჯადი სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად პირველი სარჩელის წარდგენიდან ითვლება. იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით კი, სარჩელის განუხილველად დატოვება წარმოებაში მიღების შემდეგადაც დაიშვება, თუ შესაბამისი საფუძველი მოგვიანებით გამოვლინდა.
ამავე პრინციპით, განსახილველ შემთხვევაში, თ. მ-ეს განემარტა, რომ მისი საქმე არბიტრაჟის განსჯადი არ იყო და მას საერთო სასამართლოებისადმი მიმართვის გზით უნდა დაეცვა საკუთარი სადავოდ გამხდარი უფლება, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არბიტრაჟის დადგენილების მიღებიდან 6 თვის გამავლობაში სარჩელის აღძვრის შემთხვევაში შეიძლებოდა, მიჩნეულიყო, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენისას შეწყდა, მოსარჩელეს კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი ამ ვადის დაცვით არ აღუძრავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი და არ გამოიყენა 140-ე მუხლი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ვინაიდან მოცემული დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ემ მ. ქ-ეს უნდა აუნაზღაუროს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3410 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ. მ-ეს მ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3410 ლარი;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე